პლუშის დათვის მეორე თავგადასავალი
30 ივნისი, 2015
4029
print

სიქველი რომ ვერ ამართლებს, ეს საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპია, თუმცა სტერეოტიპთა შორის ყველაზე მყარი. კინოს ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ფილმები ახსოვს, რომლებმაც ორიგინალს აჯობეს და მათ შორის სეტ მაკფარლეინის „ტედი 2“ აუცილებლად მოხვდება. ის იმაზე სასაცილო, უხამსი და თავაშვებული აღმოჩნდა, ვიდრე ორიოდე წლის წინ გამოსული პირველი ფილმი. „ტედი 2-ის“ ნახვა კი უკვე რამდენიმე დღეა ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ.

შეიძლება განწყობის ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ კინოპორტალებზე არც თუ კარგი შეფასების მქონე ფილმი უზნეოდ სასაცილოა. ეს სეტ მაკფარლეინისგან გასაკვირი არც გახლავთ - მულტსერიალ „მეოჯახეს“ შემქმნელმა ზუსტად იცის, სად მედებარეობს მაყურებლის სიცილის რეცეპტორები, იცის როგორ უნდა გააღიზიანოს ისინი და ისიც კარგად მოეხსენება, სად და როგორ დაიცვას ზღვარი... თუმცა გატყუებთ - სეტ მაკფარლეინს ამ უკანასკნელის შესახებ არც სმენია, რადგან მისი ფილმი ყველა იმ კანონის თავზე დადის, რომლებზეც ჰოლივუდის პურიტანობა დგას: მარუხუანას უკონტროლო მოხმარება, სპერმის ჩანჩქერები და კანონის ზნეობის სრული უგულვებელყოფა - აი, ეს არის პატარა, საყვარელი და ფუმფულა პლუშის დათუნიას ახალი ისტორია.

ტედის ამბავი ორი წლის წინ დაიწყო: სათამაშო დათვი გაცოცხლდა და მეტიც - ის პიროვნებად იქცა. ტედი დადის, ლაპარაკობს, აზროვნებს, ეწევა, აქვს სექსი, მასტურბირებს, ჩხუბობს, ბრაზობს და უყვარს - მოკლედ, გარეგნობა რომ არა, ნამდვილი ადამიანისგან ვერ გაარჩევდი. რეალურად ასეცაა და ამერიკა ტედის ფენომენს სრულიად მშვიდად იღებს. ქუჩაში სეირნობისას, პარკში დასვენებისას თუ სუპერმარკეტში მუშაობისას მისკენ არავინ იშვერს თითს და გაოცებისგან ან აღფრთოვანებისგან პირს არ აღებს. მაკფარლეინის მთავარი ირონია სწორედ ამაში მდგომარეობს - ამერიკა უკვე ყველაფერს მიეჩვია და ყველა მიიღო, ამიტომ რატომ არ შეიძლება მიიღოს ბამბით გამოტენილი სათამაშო. ან სულაც, შესაძლოა, ეს რეჟისორის ერთგვარი მანიფესტიცაა - თუ შეიძლება ბავშვებს იარაღი ეჭიროთ, მაშინ რატომ არ შეიძლება იმავე ბავშვების მამა დათუნია ტედი გახდეს?

ჩვენს ტედის კი მართლა უნდა ბავშვი, ეს მისი ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ვინაიდან ტედი ფიზიოლოგიურად ნამდვილად სათამაშოა და ცოლის განაყოფიერება არ შეუძლია, იძლებულია სპერმის დონორი მოძებნოს და მთავარი თავდაგასავალი სწორედ აქედან იწყება: ტედი თვალს ამერიკის ყველაზე სიმპატიური, ახოვანი, ჯანმრთელი და წესიერი ადამიანის, ფეხბურთელ ტომ ბრედის სპერმას დაადგამს... და ეს არის ფილმის სრულიად არანორმალური ეპიზოდი, რომლის ყურების დროსაც თავი აკონტროლეთ, შეიძლება, უბრალოდ ცუდად გახდეთ.

ზოგადად „ტედის“ იუმორი საკმაოდ სპეციფიკურია. ამ მხრივ უფრო რთული მისი პირველი ნაწილი გახლდათ, რომლის ყველაზე სასაცილო მომენტებიც 80-იანი წლების ერთ-ერთ სალკულტო, თუმცა კომიქსების ეკრანიზაციებს შორის ყველაზე ცუდ „ფლეშ გორდონზე“ იყო აგებული. თუ ეს ფილმი ნანახი არ გქონდა, მაშინ მაკფარლეინის იუმორის ნახევარს ვერ ჩასწვდებოდი. მეორე ნაწილში ასეთი კონკრეტიკა არ არის, თუმცა თანამედროვე პოპკულტურაზე წარმოდგენა აუცილებლად უნდა გქონდეს, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდე, რომ „ვარსკვლავურ ომებში“ კაპიტანი კირკის ხსენებაც არაა...

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან