მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
01 ივლისი, 2015
1411
print

ინტერვიუ საზოგადოება ”ივერიის” თანადამფუძნებელთან ნიკა რურუასთან

- თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლება 13 ივნისის სტიქიასთან და მის შედეგებთან ბრძოლისას?

- მიუხედავად საყოველთო სურვილისა, გვყავდეს ეფექტური მთავრობა, ამგვარი სურვილით ის ეფექტური ვერ ხდება. მთავრობის ეფექტურობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, - პირველ რიგში პროფესიონალიზმზე, უნარებზე, განათლებაზე, ხედვაზე და საქმის კეთების მოდუსზე. იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ეფექტური, მთავრობაში წახალისებული არ უნდა იყოს ყეყეჩური თვითკმაყოფილება (რაც, სამწუხაროდ, სახეზეა), ნეპოტიზმი - მხოლოდ ახლობლების დასაქმება და მათზე ზრუნვა. არ უნდა იყოს ფავორიტიზმი - ხალხის მხოლოდ ერთგულების ნიშნით შერჩევა. დღეს კი ყველა საკვანძო პოზიციაზე ასეა შერჩეული ხალხი. მაგალითად, ჩვენი დედაქალაქის მერი, რომელიც თბილისს თავს მოახვია რეალურმა მმართველმა ივანიშვილმა. ნარმანია არის სრულიად უუნარო მერი, მას არ ესმის, როგორ უნდა ამ ქალაქის ადმინისტრირება და მართვა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სტიქიური უბედურების დროს, როდესაც მერიამ და ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, 2 საათი დაკარგეს იმის ნაცვლად, რომ ემოქმედათ და ხალხი გადაერჩინათ. ამის გარდა, სტიქიის ზონასთან ახლოს, გაქცეულმა ვეფხვმა ქალაქის ცენტრში ადამიანი დაგლიჯა. ისიც კი ვერ გააკეთეს, რომ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, რომელიც მათ ახლა უკვე ყოფილი ზოოპარკის დირექტორმა მიაწოდა. ზოოპარკის დირექტორი არ არის ოფიციალური პირი და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ცხოველებს, არაოფიციალური პირის ინფორმაციის გადაუმოწმებლობა არის სრული უვიცობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, ამას შეეწირა ადამიანის სიცოცხლე ქალაქის ცენტრში, სტიქიიდან 4 დღის მერე. ამაზე პასუხისმგებელი კი არავინაა. ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ბატონი ჯანელიძე უნდა გადამდგარიყო.

- პასუხისმგებლობის თავზე აღება არავის უყვარს...

- ეშინიათ, რომ რეალურად გამოჩნდება მათი უუნარობა. ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი მუდმივად ამბობს, რომ მას ძალიან წარმატებული მთავრობა ჰყავს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც.

დემოკრატიას კარგი თვისება ქვს - შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება და ეს ასე უნდა მოხდეს.

მთავრობაში ყოფნა არ არის პრივილეგია, რომელიც ვიღაცას მემკვიდრეობით ერგო. ესაა დროებითი ფუნქცია, ხალხისგან დელეგირებული უფლება-ვალდებულებები. თუ მთავრობა ამას ცუდად იყენებს, ხალხი აუცილებლად გაისტუმრებს მას და ჩამოართმევს ამ დროებით მინიჭებულ ძალაუფლებას. ეს ბუნებრივი პროცესია. თუ ხალხი კმაყოფილია ამ ყველაფრით, შეუძლიათ განაგრძონ ასე არსებობა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, რადგან რეალურად ბევრი ინდიკატორი გაჩნდა იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანა გაჩერებულია.

- 13 ივნისის სტიქიის დროს ვნახეთ ხელისუფლების და საზოგადოების რეაქციები. როგორ შეაფასებდით არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების რეაგირებას?

- სტიქიის დღეებში პოლიტიკურიმა კლასმა პოლიტიკანობისგან თავი შეიკავა და ეს კარგია, იყო ერთობა. მთავრობისა და სახელმწიფოს უუნარობის დროს საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა ერთიანობის და სოლიდარობის ძალიან კარგი თვისებები გამოავლინეს. ეს, ფაქტობრივად, ახალი თაობის პრეზენტაცია იყო. ამ უბედურების ფონზე, ყველანაირი პიარისა და პრანჭვა-გრეხის გარეშე გამოჩნდა ახალი თაობის უანგარო სულისკვეთება, ადამიანური, ევროპული, ქრისტიანული, კარგი თანამოქალაქეობა, რაც ყოველთვის იყო ჩვენთან, მაგრამ ამ ყველაფერს ეძინა და არსებობდა მხოლოდ პოეზიაში. ეს საზოგადოების ზრდის ძალიან კარგი მანიშნებელია.

- პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბების თაობაზე. ამ კანონის ოპონენტების აზრით, ეს ეროვნული ბანკის დასუსტებას და ფინანსურ ქაოსს გამოიწვევს. ასეთივე შიშია გამოთქმული მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, EBRD-ისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივ ოფიციალურ მიმართვაში საქართველოს პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი. კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, როგორ წარვდგებით დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების წინაშე?

- ეს ძალზე ცუდი პროცესია და ცხადია, უარყოფითად აისახება ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნატო-ში გაწევრიანების პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო რეფორმებს, ეს პროცესი ასევე გულისხმობს ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს არსებობას და სწორედ ქვეყნის ფინანსურ სისტემას ემუქრება სერიოზული საფრთხე, ვინაიდან ერთადერთი გამართული ინსტიტუცია, რომელმაც გაუძლო 2008 წლის რუსულ აგრესიას და ასევე მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, ჩვენი საბანკო სისტემაა. ეს უკვე გამოცდილი ინსტიტუტია და მხოლოდ იმიტომ ამოიჩემეს ამ ინსტიტუტის დღევანდელი მმართველი ბატონი ქადაგიძე, რომ სურთ საკუთარი წარუმატებლობა ვიღაცას გადააბრალონ. სწორედ ამ სოუსით აპირებენ ამ ინსტიტუტის პრივატიზებას, დასუსტებას, მისთვის ყველა მაკონტროლობელი უფლების ჩამორთმევას და რეალურად იმ უფლების მიღებას, რომლითაც ყველანაირი ფინანსური მაქინაცია შეუმოწმებლად ჩაატარონ - ფულის გათეთრებიდან დაწყებული, სახელმწიფო ბიუჯეტის ჭრა-კერვით დამთავრებული. ეს მოუტანს ქვეყანას საშინელ ზიანს, ამის მაგალითი არის საბერძნეთი - საქართველოზე ბევრად მდიდარი ქვეყანა, რომელმაც უპასუხისმგებლოდ ხარჯა თავისი რესურსები, მოატყუა ევროკავშირი და დღეს ის ისჯება ამ უპასუხისმგებლობისთვის. ხალხმა იქ აირჩია პოპულისტი და უპასუხისმგებლო ხელისუფალთა გუნდი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაღუპვის პირას მიიყვანა მთელი ქვეყანა.

საბერძნეთი ამ კრიზისს შეიძლება გადაურჩეს, რადგან მეზობლად არ ჰყავს რუსეთისნაირი მტერი. თან ევროპის კავშირშია, თუმცა ამან შეიძლება გამიოწვიოს როგორც ევროზონიდან გასვლა, ისე ევროპის კავშირის წევრობის დაკარგვა. საბერძნეთი დღეს დრამატულ მდგომარეობაშია, რთული დღეები უდგას, მაგრამ ჩვენ ბევრად რთული გვექნება, რადგან საქართველო არც ევროკავშირის წევრია, 1/5 ოკუპირებული გვაქვს ყველაზე აგრესიული, არადემოკრატიული სახელმწიფოს - პუტინის რუსეთის მიერ და თუ ჩვენ მსოფლიოს ფინანსური სისტემისგან გავირიყებით, დიდი შანსია, რომ ჩვენი ფინანსური სისტემაც აღმოჩნდეს ქაოსში, რის შემდეგაც მას დაეპატრონება ჩვენი მტერი - რუსეთი და რუსი ოლიგარქები.

ცხადია, არ ვიცით რა ხდება კულუარებში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ძლიერი და ვერც პატარა კომერციული ბანკების ღია აქტიურობას ამ მხრივ. ამ კანონის მიღება პირველ რიგში მათ ინტერესებს დაარტყამს.

ძალიან ეშინიათ, მაგრამ იმის მაგივრად, რომ პირი შეკრან და ერთად დადგნენ, ცალ-ცალკე არიან და ყველა გარიგებაზე ფიქრობს. როგორც ფადი ასლიმ თქვა, ქართველი ბიზნესმენების გამორჩეული ნიშანთვისებაა, რომ ერთად დადგომის ნაცვლად ცალ-ცალკე დაიცვან თავისი ინტერესები. სოლიდარობის გამოცხადება ერთმანეთისთვის ჩვენს ბიზნესწრეებში უცხო ხილია.

როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება ძალაუფლებით ტვინის არევის კონდიციაში გადავიდა, დაკარგა წონასწორობა და აწი კიდევ უფრო მეტ შეცდომას ველი მათგან. ეს მავნე პროცესი უნდა შეაჩეროს ხალხმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

- ხალხს ბანკები არ უყვარს.

ბანკების გარეშე არ განვითარდება ბიზნესი, კრედიტი თუ არ იქნება, ვერავინ ვერ წამოიწყებს საქმეს. ბალიშებში ფული არავის უდევს ერთეულების გარდა, ვინც კორუფციაში იყო გარეული.

როგორც კი ფინანსურ სისტემას ქაოსი მოიცავს და დასუსუტდება, დასუსტდება საგადასახადო სისტემაც, საიდანაც იქმნება ქვეყნის ბიუჯეტი, მათ შორის, სამხედრო ბიუჯეტიც, რომელსაც ანალოგიური საფრთხე დაემუქრება. ყველაფერი თევზაძის და ნადიბაიძის დროინდელ ჯარს დაემსგავსება, როცა ქაღალდზე გვყავდა 30 თუ 40 ათასი ჯარისკაცი, რეალურად კი - 200, სადაც 80 პროცენტი გენერალი იყო 20 პროცენტი - ჯარისკაცი. თუ ქალბატონ ხიდაშელს ჭკუა აქვს, მოვუწოდებ დროზე ატეხოს ხმაური და წინ აღუდგეს საბანკო სისტემის განადგურებას, რადგან ფინანსური ქაოსი აუცილებლად დაემუქრება მის უწყებასაც.

- სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. ISIS ნებისმიერ ქვყანას უქადის საფრთხეს. როგორ აღმოჩნდა საქართველო ჩართული ამ პროცესებში?

- შევარდნაძის დროს, ამერიკელებმა წვრთნის და აღჭურვის პროგრამა სწორედ ამიტომ გააკეთეს ჩვენთან ერთად, რომ გამორიცხულიყო ისლამისტური საფრთხე. პანკისის ხეობაში კონცენტრირებულია საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიას. იქიდან გადმოსული ხალხი, ნაწილობრივ არის შემომტანი ისლამის საკმაოდ აგრესიული ვერსიისა - ე.წ. ვაჰაბიზმისა. თუ ამ რეგიონში სახელმწიფოს მხრიდან არ ჩატარდა მძლავრი სადაზვერვო და სოციალური სამუშაოები, იქ ყოველთვის იპოვნიან ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფს, რომელსაც გმოურეცხავენ ტვინებს და ჩააბამენ ამ ავანტიურაში რეკრუტერები, რომლებიც ამ რეგიონში ისევ ამუშავდნენ. წლების განმავლობაში მსგავსი არაფერი გვესმოდა, რადგან მაშინ კარგად მუშაობდა კონტრდაზვერვა და სახელმწიფო. დღეს, როდესაცყველაფერი მოეშვა, ისევ ამუშავდნენ . ეს ახალგაზრდები არიან დაუსაქმებლები, თავის წარმოდგენაში უპერსპექტივო, სოციალურად დაუცველები, რომელთაც პირდებიან ფულს, დიდებას, გმირობას, წამებულობას რელიგიისთვის და ეპატიჟებიან ჯოჯოხეთში. ჩვენ ამას უნდა შევუშალოთ ხელი. სახელმწიფოს შეუძლია ამ რეგიონის ახალგაზრდობისთვის სპეციალური სოციალური პროგრამა შექმნას და მონიტორინგი დაუწესოს ყველა რეკრუტერს, ვინც ამ ახალგაზრდების გადაბირებას ეწევა. რეკრუტერები იზოლაციაში უნდა მოაქციოს, ეს მარტივია.

ეს ხალხი თუ ჩათვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს და საშუალებას მივცემთ ტვინი გამოურეცხონ ნებისმიერი აგრესიული რელიგიური იდეოლოგიით, მაშინ ისინი კვლავ წავლენ და უცხო ქვეყანაში საცოდავად დაიღუპებიან. პლუს, საქართველოს მოუტანენ ტერორისტებით მომმარაგებელი სახელმწიფოს სახელს. ეს ძალიან ცუდია.

- არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- გული მიგრძნობს, რომ ეს საკითხი რუსული პროპაგანდის ნაწილი გახდება. ჩემი აზრი ასეთია - ეს კანონი არის სამოქალაქო თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინება. არავინ არავის არ თხოვს, რომ ეს ფენომენი მოიწონოს, ან დაიწუნოს, მაგრამ თუ ზრდასრულ ადაამიანებს სურთ ერთად ყოფნა და ამ ერთობით ოჯახის შექმნა, მათ ეს უნდა შეეძლოთ, თავისუფალ ქვეყანაში ეს ასე უნდა იყოს, სახელმწიფომ ეს არ უნდა აუკრძალოს. ჩემი აზრით, უნდა აიხსნას გარკევვით, რასთან გვაქვს საქმე - ყველა ერში არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების გარკვეული რაოდენობა და ეს ყველგან, დაახლოებით, ერთი პროცენტია. თავისუფალ ქვეყანაში უმცირესობის უფლებებს იცავენ, რადგან უმრავლესობას ყველგან აქვს მიდრეკილება უმცირესობა დაჩაგროს, დასცინოს. თავისუფალ ქვეყანაში მათი უფლებებიც უზრუნველყოფლია და ასე უნდა იყოს ყველგან, ეს ნორმალურია. ვიღაცისთვის ეს მიუღებელია და მათიც მესმის, მაგრამ აქვს ადამიანს თავისი უფლებები და ეს უფლებები უნდა იყოს დაცული ყველასგან. ვიღაცისთვის ეს ნორმალურია, ვიღაცისთვის - გადახრა. არის ღირებულებითი დისკუსია, სადაც უკვე რწმენას ვეჯახებით და არა ლოგიკას. რწმენებით დანაღმულ მოედანზე უნდა შევიდეთ ამ დისკუსიაში. ადამიანი არის ისეთი, როგორიცაა და აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც სურს. სახელმწიფომ ამაში მას ხელი არ უნდა შეუშალოს, ეს არის და ეს. ამერიკაში რეალობა კანონმაც აღიარა. ეს რეალობა არის ყველგან - რუსეთშიც, ჩინეთშიც, საქართველოშიც, არაფერი ექსტრაორდინალური არ მოხდა. რეალურად - მემკვიდრეობის, საკუთრების პრობლემები ექმნებათ ასეთ ადამიანებს, თორემ ისინი ერთად ყოველთვის ცხოვრობდნენ. ამ კანონით მოიხსნა ძალიან ყოფითი იურიდიული პრობლემები. ყველანაირ ფობიებს თუ გვერდით გადავდებთ და ჯანსაღად შევხედავთ მოვლენებს, მივხვდებით, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, იარსებებენ და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება.

- თქვენმა ორგანიზაციამ, ”ივერიამ” არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. რას საქმიანობთ ახლა?

- აქტიურად მიმდინარეობს გაწევრიანების პროცესი. მე ”ივერიაში” სასკოლო რეფორმის და განათლების საკითხებზე ვმუშაობ, ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ამაზეა მიბმული კულტურაც, უსაფრთხოებაც, ეკონომიკაც და მომავალიც. თუ არ იქნება განათლების გამართული სისტემა, არ იქნება კეთილდღეობა და ეს მარტივია. ჯერჯერობით, ეს ვერ შეიგნო მმართველმა პოლიტიკურ კლასმა.

- ამომრჩევლის რომელ სეგმენტზე მუშაობთ?

- ამომრჩველს სეგმენტებად არ ვყოფ. ჩემთვის არ აქვს ნიშვნელობა, ვის მისცა ბოლო არჩევნებში ხმა ამომრჩეველმა. არ ვყოფ ადამიანებს ნაცებად და ქოცებად და ა.შ. ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უნდა ერთიანი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველო, ჩვენი კარი ღიაა და მათთან ერთად ვცდილობთ გავაკეთოთ საარჩევნო პროგრამა.

- მურმან დუმბაძე გამოჩნდა თქვენს შეკრებაზე ბათუმში. შემოგიერთდათ?

- არა, ჩვენ იმ შეკრებაზე სპეციალურად არ მოგვიწვევია, საკუთარი სურვილით მოვიდა. რელიგიური ექსტრემიზმით შეპყრობილი, დისკრიმინაციის ბაცილით ინფიცირებული ტიპებისთვის, ვინც ხელის გახმობაზე ლაპარაკობს, ჩვენს გვერდით ადგილი არ არის, სიძულვილის ჯგუფებს არაფერი ესაქმებათ ჩვენთან. თუ ბატონი დუმბაძე გულწრფელად იტყვის, რომ ის ყველაფერი იყო შეცდომა და ამას ნანობს, ბუნებრივია, გაწევრიანება შეუძლია. ადამიანების სტიგმატიზება არ არის სწორი, შანსი ყველას უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავკარგოთ ადამიანები.

ელექტორატის ყველაზე დიდი ნაწილს, დაახლოებით 45 პროცენტს არ გადაუწყვეტია, არ აურჩევია, ვის მისცემს ხმას. საარჩევნო ციკლში ეს სეგმენტი, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც საინტერესოა. არჩევნებში მონაწილეობა დაკავშირებულია ფინანსებთან. ჩვენ არავითარი ოლიგაქრი არც გვაფინანსებს და არც ავიღებთ ასეთ ფინანსებს.

- თქვენი აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები  პროგრამების შეჯიბრი იქნება თუ კვლავ ლიდერების?

- ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პროგრამების ჭიდილი და არა ტალახის სროლა. ვერ ვიტყვი, რომ ქართული პოლიტიკა უცებ, სასწაულებრივად გარდაიქმნება და დაემსგავსება, მაგალითად, დანიურ პოლიტიკას 2016 წლისთვის, მაგრამ ზოგადად, პოლიტიკურ კულტურაში წინსვლა შეინიშნება. გარედან რეალური დამკვირვებლები გვეუბნებიან, რომ მაინც ვვითარდებით. და ეს ასეა - საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე 10 ან 5 წლის წინ იყო. მიუხედავად იმისა, რაც ბენდუქიძემ თქვა - გადავდგით ნაბიჯი წინ, მაგრამ ნეხვში ჩავაბიჯეთო, - მაინც ვვითარდებით.

მეტწილად პარანოიდული შიში იმისა, რომ ყველას უსმენენ, გაქრა. სინამდვილეში ეს შიში ნაწილობრივ გამოგონილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, პერცეფციებს, ანუ შთაბეჭდილებებსაც აქვს ძალა და ამ შთაბეჭდილებამ შეუწყო ხელი წინა ხელისუფლების (რომლის კაბინეტის წევრი მეც ვიყავი) არჩევნებში დამარცხებას. დამარცხების ძირითადი მიზეზები მაინც სხვაგან უნდა ვეძიოთ - გადაღლა, რეფორმებით განაწყენებული ხალხის გაღიზიანება, დაშვებული შეცდომები - ამ ყველაფრის კომბინაციამ გამოიწვია არჩევნებში დამარცხება. მაგრამ დღეს ისევ

ნაციონალური მოძრაობის შეცდომებზე ლაპარაკი ძალიან დრომოჭმულია. გავიდა 3 წელი, რაც ეს ძალა ხელისუფლებაში აღარ არის. დააკვირდით -თავიდან ყველაფერს კოჰაბიტაციას, ანუ სააკაშვილს აბრალებდნენ, შემდეგ - უგულავას, შემდეგ - კუბლაშვილს, ახლა ქადაგიძეს და ბოლოს, ზოოპარკის დირექტორს... რაღაც აბსურდამდე მივიდა ყველაფერი. ამიტომ, ვილაპარაკოთ ხელისუფლების შეცდომებზე. გასულ წლებში ძალიან მნიშვენლოვანი ეტაპი გაიარა მთლიანად სახელმწიფომ და ხალხმა. მმართველმა ძალამ საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვა და ამისთვის პასუხიც აგო არჩევნებზე. ახლა ყველამ ერთად - მმართველმა ძალამ, ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც ამ გამოცდილებაზე უნდა ავაშენოთ ქვეყანა.

- რამე ხომ არ გსმენიათ - ფიროსმანის ”არსენალის მთა,” კერძო მფლობელის დაპირებისამებრ, გადაეცა უკვე მუზეუმს?

- არ ვიცი. მე მახსოვს, რომ ფიროსმანის სამი ნახატი წინა ხელისუფლების დროს გადავეცით მუზეუმს და ისევ იქაა. ”არსენალის მთა” თუ გადაეცა, ძალიან კარგი. მეორე მხრივ, ტრაგედია არც ის იქნებოდა, უცხოეთში, რომელიმე დიდ მუზეუმს რომ ეყიდა და გამოეფინა. ცუდია, როცა კერძო მესაკუთრე სადღაც ბანკში ინახავს ხელოვნების ნიმუშს და ხალხს არ აქვს ნახვის საშუალება. ნახატი იმისია, რომ ყველამ ნახოს. ეს ეხება იმასაც, ვისაც გააჩნია დიდი კოლექცია, მათ შორის ფიროსმანებიც. გამოფინოს და აჩვენოს ხალხს.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება
07 აპრილი, 2015 ზურაბ ჭიაბერაშვილი: ”სერგეენკომ შემოგვაპარა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა უნდა შეიცვალოს”