წინადადებაა ფილმი ”ინეტრსტელარი” სკოლებში ფიზიკის სახელმძღვანელოდ შეიტანონ
25 ივნისი, 2015
4206
print

გიგა გურასაშვილი

ნოემბრის დასაწყისში დიდ ეკრანებზე გამოსული ფილმი ”ინტერსტელარი” სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად შეირაცხა. შეირაცხა არამარტო კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ სამეცნიერო კუთხითაც. ფილმში ასახული მოვლენები - ჰიპერსივრცეში ფრენამ, შავ ხვრელში ვარდნამ და დროში მოგზაურობამ ხმაურიანი დისკუსიები წარმოშვა, როგორც ფანტასტიკის მოყვარულებში, ისე მეცნიერებასთან ახლოს მყოფ წრეებში. ყოველივე გასაკვირვად არ უნდა მივიღოთ, რადგან ფილმის მრჩევლად ცნობილი ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ ჰოუკინგისა და აწგარდაცვლილი კარლ საგანის დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა კიპ ტორნი მოგვევლინა, რომელიც შეეცადა ფილმი მაქსიმალურად ყოფილიყო გაჯერებული სამეცნიერო ფაქტებით და ამავე გზით მომავალი თაობა კოსმოსის დაპყრობის სურვილით შეეპყრო.

ფილმი ”ინეტრსტელარი” (”ვარსკვლავთშორისი” - რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი) ახლაც ყურადღების ცენტრშია, ამჯერად საგანმანათლებლო კუთხით. მეცნიერები საშუალო სკოლებში ფიზიკის გაკვეთილებზე სწორედ ”ინტერსტელარის” ჩვენების წინადადებით გამოდიან (ფილმის შემეცნებით ღირებულებებზე არაერთი სტატია დაიბეჭდა ჟურნალებში: American Journal of Physics და Classical and Quantum Gravity).

რატომ მაინცდამაინც ”ინტერსტელარი”? საქმე ისაა, რომ სხვა არაერთი ფანტსატიკური სამეცნიერო ჟანრის ფილმებისგან განსხვავებით, მასში სანიმუშოდ, უფრო სწორად, ადამიანური ენითაა გადმოცემული ფარდობითობის თეორია, ასევე მეცნიერული სიზუსტითაა გამოსახული... "თხუნელას ორმო" (wormhole), გნებავთ "ჭიის ხვრელი" (ასევე ცნობილი, როგორც ”კოსმოსური ჭიშკარი”, რომელიც თავის მხრივ ქმნის დროსა და სივრცეს შორის უმოკლეს გზას. ერთგვარი კომპაქტური რეგიონი, გნებავთ გვირაბი სივრცეში. გ.გ.).

ფილმის კომპიუტერული გრაფიკის შექმნისას (საუბარია ზემასიურ შავ ხვრელზე და იმავე სოროზე, რომელიც მზის სისტემას სხვა გალაქტიკას აკავშირებს) გამოყენებულია სამეცნიერო განტოლებები. მაგალითად, ფირმა Double Negative, რომელიც სპეციალური ეფექტების შექმნაშია გაწაფული, შეიმუშავა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა იმის გამოთვლა თუ როგორ გადის შუქი შავი ხვრელის ირგვლივ გამრუდებულ სივრცეში.

ამავე პროგრამით შეიქმნა ჰოლივუდური ფილმისთვის გამოსადეგი ზემკაფიო გამოსახულება.

ჩვეულებისამებრ, სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ”თხუნელას სოროს” გვაჩვენებენ, როგორც უშველებელ ძაბრს, რომელშიც ცვივა საგნები. დღეს კი მეცნიერთა დახმარებით სპეცეფექტების ავტორები მას ისე გვიჩვენებენ როგორც კოსმოსში გამოკიდებულ ბროლის ბურთს, რომლის შიგნითაც სხვა გალაქტიკის დამახინჯებული გამოსახულებაა.

BBC News-თან ინტერვიუში ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, რომ თანამდეროვე კინოში სამეცნიერო უზუსტობები უკვე დაუშვებელია: ”ჩვენს დროში მომხმარებელს იოლად შეუძლია ინფორმაციის მოპოვება. როდესაც კონკრეტულ მოვლენაზე თუ გამოვლინებაზე ფილმს ნახავთ, სახლში დაბრუნებულები მასზე Wikipedia-ში წაიკითხავთ და უმალ შეიტყობთ, რამდენად სარწმუნოა ფილმში გადმოცემული ისტორია”.

ერთი სიტყვით, ჰოლივუდური ფილმების შემქმნელები ფილმზე მუშაობისას უფრო ყურადღებით ეკიდებიან სამეცნიერო ფაქტების სწორად გადმოცემას, რაშიც მთავარი როლი ითამაშა აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის პროექტმა ”მეცნიერებასა და გართობის ინდუსტრიას შორის ინფორმაციის გაცვლამ” (Science and Entertainment Exchange), რომლის ფარგლებში მეცნიერები რეჟისორებსა და პროდიუსერებს რჩევებს აძლევენ. მეტიც, დღეს ბრიტანეთში სწორედ ჰოლივუდური ფილმების დამსახურებათ მიაჩნიათ ხალგაზრდებს შორის ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივება. ირკვევა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიზიკის შემსწალელ სტუდენტთა რიცხვი ბრიტანულ სასწავლებლებში თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს