მაგარი გოგოები მოდიან
25 ივნისი, 2015
2895
print

 თავიდან მხოლოდ სამუს არანი იყო. ოქროსფერი სკაფანდრი ეცვა, მძიმედ იყო შეიარაღებული და ქალი გახლდათ. პირველად 1986 წელს გამოჩნდა, მაშინ, როდესაც ქალების ადგილი ჯერ კიდევ სამზარეულოში იყო. მისი სქესის გარკვევა დღემდე ვიდეოთამაშების სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს მოულოდნელობად მიიჩნევა, თუმცა ახლა უკვე ქალი პროტაგონისტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ვიდეოთამაშები ძირითადად მამაკაცების გასართობია, ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას, დეველოპერები სულ უფრო მეტ ქალ გმირებს გვთავაზობენ.

ამ მხრივ „უხვმოსავლიანი“ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ დასრულებული ვიდეოთამაშების უდიდესი გამოფენა E3, რომელიც უკანასკნელი წლების საუკეთესო ღონისძიება აღმოჩნდა. გამომცემლებმა რამდენიმე ბრწყინვალე თამაში დააანონსეს, მათ შორის, ახალი ფრენჩაიზებიც. ერთ-ერთი მათგანია Guerrilla Games-ის მიერ შემუშავებული და Playstation 4-ის ექსკლუზივი ექშენ RPG Horizon Zero Dawn-ი. მისი პროტაგონისტი პოსტაპოკალიპტური დედამიწის მკვიდრი მონადირე გოგონა ალოია, დედამიწას კი ნახევრად მექანიკური არსებები აკონტროლებენ. თამაშში მოქმედება 1000 წლის შემდეგ ვითარდება, ამ დროისთვის ტექნოლოგიური პროგრესის პიკი უკვე წარსულია, კაცობრიობა კი ფაქტობრივად განადგურებულია, ამიტომ თამაშში ერთმანეთს ადამიანებისა და მანქანების ნარჩენები უპირისპირდებიან.

სამუს არანის მსგავსი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ მეორე Dishonored-ის მთავარი გმირი პირველ ნაწილში გადარჩენილი ემილი ქოლდვინი იქნება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კვლავ ზესიმპატიური კორვო ატანო მართოთ, თუმცა ვინც E3-ზე წარმოდგენილი ტრეილერი ნახა, ყველა შეთანხმდა, რომ მშვენიერი ემილის მხრიდან თამაში გაცილებით საინტერესო იქნება.

ბრუნდება ფეიტ კონორსიც - Mirror’s Edge-ს საკულტო პერსონაჟი. პარკურის ოსტატი გოგონა კვლავ შუშის ქალაქში დანავარდობს, ანადგურებს მტერს, იკვლევს გარემოს და მისიას წარმატებულად ასრულებს. როგორც თამაშის შემქნელი „ელექტრონიკ არტსი“ გვპირდება, ფეიტის მოძრაობა 2008 წლის ორიგინალი თამაშისგან განსხვავებით გაცილებით დახვეწილი და მრავალფეროვანია, თამაშის ვიზუალური ნაწილი კი კვლავ მინიმალისტური. ფუტურისტული არქიტექტურა და რამდენიმე მკვეთრი ფერი შესანიშნავ სიმბიოზს ჰქმნის და ამ ყველაფერს მოთამაშე მშვენიერი ფეიტ კონორსის თვალებით ხედავს.

დაგვიანონსეს ასე ნანატრი Walking Dead-ის მინისერია სახელწოდებით Michonne. ეს პერსონაჟი თამაშში პირველად გამოჩნდება, თუმცა სერიალის მოყვარულებისთვის ის კარგადაა ცნობილი. ასევე ქალი პერსონაჟი შეგიძლია აირჩიო Call of Duty: Black Ops 3-ში, Fallout 4-ში ან The Division-ში. Fifa 2016 კი ამ მხრივ ყველაზე ხელგაშლილი ამოჩნდა - ამ თამაშის ისტორიაში პირველად ქალთა გუნდით თამაშია შესაძლებელი. მათ შორისაა ბრაზილიის, მექსიკის, აშშ-ს, გერმანიის, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის გუნდები. ამ თამაშის ნაკლი ჯერჯერობით ისაა, რომ ქალების გუნდით მამაკაცების გუნდს ვერ დაუპირისპირდები, თუმცა ცოტაც მოვიცადოთ - სამუს არანის გამოჩენიდან ჯერ ხომ მხოლოდ 30 წელიწადია გასული.

 

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი