გოგონა რაილის თავდაყირა ემოციები
22 ივნისი, 2015
2691
print

2010 წლის „სათამაშოების ისტორია 3-ის“ გამოსვლის შემდეგ არც ერთი ანიმაციური ფილმის შესახებ ამდენი არ ულაპარაკიათ. „დისნისა“ და „პიქსარის“ მორიგი ნამუშევრის სახელწოდება ისმის ყველგან და ახლა უკვე ჩვენთანაც. თუ სხვაგან მას Inside Out ჰქვია, ჩვენ მას „თავდაყირას“ ვუწოდებთ და გაქირავებაშიც ამ სახელით ვუშვებთ. „რუსთაველში“, „ამირანში“, „კავეასა“ და ბათუმის „აპოლოში“ ფილმი კომედი შოუსა და ვანოს შოუს წევრების გახმოვანებით გადის, ხოლო ვისაც უკეთესი გემოს ჩაყოლება უნდა, მას შეუძლია ღამის სეანსზე ნახოს - ამჯერად მხოლოდ რუსულად.

ორიგინალში კი ამ ამბავს სიხარული მოგვითხრობს. ის თავის ოთხ მეგობართან: დარდთან, ზიზღთან, შიშთან და მრისხანებასთან ერთად ერთი პატარა გოგონას გონებაში ცხოვრობს. გოგონას რაილი ჰქვია, 11 წლისაა. რაილის ყოველი სიტყვა, ემოცია თუ გადაწყვეტილება სწორედ მასში დაბუდებული ხუთი გრძნობითაა გამოწვეული, რომლებიც დაბადებიდან აკონტროლებენ მის სურვილებს, გემოვნებასა და ინტერესებს. მსგავსი ხუთეული ჰყავს რაილის მშობლებსაც (შესაბამისად, ყველა ჩვენგანს), რომელთა შორის გამართული დიალოგებიც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ეპიზოდებია.

„მონსტრების კორპორაციისა“ და „მაღლა ცაში“ რეჟისორ პიტერ დოქტერის მორიგი პროექტის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2011 წელს გავრცელდა. მაშინ ინტერნეტპრესა წერდა, რომ დოქტერი რაღაც საოცრებას ამზადებდა, რომ ფილმი იქნებოდა იმ სამყაროს შესახებ, რომლის არსებობის შესახებაც ყველა ჩვენგანმა იცის, მაგრამ არავის უნახავს და ეს სამყარო ადამიანის გონებაა. პროექტის მიმართ ინტერესს ისიც ამძაფრებდა, რომ სცენარის ავტორად უკვე ნახსენები „სათამაშოების ისტორია 3-ის“ სცენარის ავტორს და „პატარა მის ბედნიერების“ სცენარისთვის „ოსკარის“ მფლობელ მაიკლ არნდტს ასახელებდნენ (საბოლოოდ არნდტი პროექტს ჩამოშორდა). მორიგი საკონტროლო გასროლა კი პროექტმა მაშინ განახორციელა, რომდესაც პიტერ დოქტერმა აღიარა, რომ ეს იყო მისი კარიერის ყველაზე რთული ნამუშევარი.

რეალურად ასეცაა. შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელი ორ ძირითად სიუჟეტს ადევნებს თვალს: ერთში ჩანს თუ როგორ იქცევა გოგონა, მეორეში კი მის გონებაში მიმდინარე პროცესებს მივყვებით. საბოლოოდ ორივე ხაზი ერთ მთლიანობად იკვრება და ამბავი დასრულებულ სახეს იღებს. „თავდაყირას“ შემქმნელებს არანაკლები შრომა უწევდათ ემოციების ვიზუალიზაციის კუთხითაც. შედეგი კი ბრწყინვალეა: ხუთივე ემოცია ზუსტად ისე გამოიყურება, როგორ შეგრძნებებსაც ტოვებენ და, რაც მთავარია, ბავშვი მაყურებლისთვის სრულიად ადეკვატურები და იოლად აღსაქმელები არიან.

ამჟამად „თავდაყირას“ ყველა ავტორიტეტულ კინოპორტალზე უმაღლეში შეფასებები აქვს: imdb.com 8,9 ქულას ანიჭებს, პრეტენზიულობით ცნობილი rottentomatoes.com კი 98%-ს, რაც უიშვიათეს შემთხვევაში ხდება. 100-100% აქვთ პირველ და მეორე „სათამაშოების ისტორიას“ და ძალიან უცნაურია, რომ ამ ფრენჩაიზის სრულიად შედევრ მესამე ნაწილს მხოლოდ 99% მიანიჭეს. ამდენივე აქვს „ნემოს ძიებას“, ერთით ნაკლები „მაღლა ცაშის“, 96-96% კი „რატატუის“, „მონსტრების კორპორაციასა“ და ბრწყინვალე Wall-E-ს.

მოკლედ, ჩვენს გაქირავებაში წლის ერთ-ერთი ბლოკბასტერი გადის, რომლის გამოტოვებაც არა თუ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც არ ეპატიებათ. ნახეთ „თავდაყირა“ და გაიგეთ, როგორ ცხოვრობენ თქვენს გონებაში ფერადი ემოციები.

 

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან