უპასუხისმგებლოები სხვას აბრალებენ
17 ივნისი, 2015
4283
print

თიკა გურული

 საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ორიოდ ორთოდოქსი ”მეოცნებე” არქიტექტორისა და ეკოლოგის აზრი საკმარისი აღმოჩნდა, რომ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ესტაკადის მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად და ერის ტრაგედიის მიზეზად გამოეცხადებინა.

სრული კრახის წინაშე მდგომი ხელისუფლებისგან ეს არც არის გასაკვირი - შეუსრულებელი დაპირებების და მათ მიერვე შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე ხელჩასაჭიდი მოძებნეს - წინა ხელისუფლების დადანაშაულება - ეს ერთადერთია, რაც ძალუძთ, თორემ სტიქიის შედეგებს დეზორგანიზებული ხელისუფლების ნაცვლად კარგად ორგანიზებული მოხალისეები უმკლავდებიან.

”მატროსოვის ციხიდან ბაწრით გამოსათრევ” უგულავასთან (ევროპასთან ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე) ერთად მთავრობა ახლა ზოოპარკის დირექტორს ერჩის.

დღეს სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეულმა მტაცებელმა ადამიანები დაგლიჯა. ერთი მათგანი დაიღუპა. არადა, გუშინ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა და კრიზისების მმართველმა ჯანელიძემ გვამცნეს, რომ მტაცებელი ცხოველებისგან საფრთხე თბილისის მოსახლეობას აღარ ემუქრება. დღეს ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ზოოპარკის ადმინისტრაციას აბრალებენ. ერთი შეხედვით, მათ დაკითხვიდან გამოსული ზოოპარკის დირექტორის კომენტარიც ეშველებათ: ჩემი ბრალიაო.

პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ზურაბ გურიელიძესავით იქცევიან - საკუთარ, თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულზე მაქსიმალურ პასუხისმგებლობას კისრულობენ. უპასუხისმგებლოები - სხვას აბრალებენ.

გურიელიძე ერთხელ შეცდა, საფრთხე აღარ არსებობსო. მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია - მტაცებლები ისევ არიან ქუჩებშიო (ეს განცხადება გუშინ 20:30-ზე გაკეთდა), ჩვენ ხელისუფლებას ამის აღიარება რატომღაც აღარ სურდა..

ფაქტია, შედეგად მტაცებელმა ორი ადამიანი დაგლიჯა, ერთი დაიღუპა.

ხელისუფლებას რაც შეეხება: როცა 2013 წელს რიგაში სავაჭრო ცენტრის(კერძო სტრუქტურის) სახურავის და კედლების ჩამოშლას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვა, იქაურ პრემიერ-მინისტრს არავისთვის არაფერი დაუბრალებია, უბრალოდ, გადადგა.

და ბოლოს, თბილისის ამჟამად უკვე მწყობრიდან გამოსული ესტაკადა დიდი შრომის შედეგია ისევე, როგორც დიდი შრომის შედეგი იყო თბილისის ზოოპარკი იმ სახით, როგორიც ის სტიქიამდე იყო. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ესტაკადისა და ზოოპარკის შემოქმედთ ახლა დანაშაულში ედავება. არადა, ყველაზე უკეთ მათ იციან - თუ არაფერს აკეთებ, ვერც ვერავინ გედავება.

tika guruli
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება