Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
10 ივნისი, 2015
2070
print

ვიცი, ძალიან გაინტერესებდათ და ნერვიულობდით, ამიტომ პირდპაირ გეტყვით, რომ „კაზანტიპის“ ფესტივალი ისევ ყირიმში დაბრუნდა, თუმცა სულ სხვა სახელით. ამიერიდან (ყოველ შემთხვევაში წელს მაინც) ფესტივალს Befooz ერქმევა და 31 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით ისევ სოფელ პოპოვკასთან გაიმართება.

ფესტივალის მამა-მარჩენალი ნიკიტა მარშუნოკი ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე წერს და იქვე გვაიმედებს, რომ დღესასწაული ნებისმიერი ამინდის პირობებში გაიმართება. მისივე წერილიდან შეიძლება დაასკვნა, რომ წელს მარშუნოკს შედარებით მოკლე საბანი შეხვდა, რადგან ამბობს, რომ Befooz-ის მასშტაბი, ლაინაპის ხარისხი და საცეკვაო მოედნების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი დასწრება იქნება, ამიტომ მსურველებს სასწრაფოდ მოუწოდებს ვიზის მისაღებად რეგისტრაციის გავლისკენ. რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, ის ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია: „ახალი პროექტის შესახებ მთელი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ, თუმცა ის მაშინვე ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი რეგისტრაციას გაივლით და გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელს მოაწერთ“, - წერს მარშუნოკი.

ფესტივალის ყირიმში დაბრუნების შესახებ მარშუნოკი ჯერ კიდევ მაისში ალაპარაკდა და პოლიტიკური განცხადების მსგავსიც გააკეთა: „რუსეთი გონს მოეგო და ყირიმის საკურორტო სეზონის გადასარჩენად „კაზანტიპის“ უკან დაბრუნება მოისურვა. სიამოვნებით დავბრუნდები, მაგრამ ჯერ რუსეთის ფედერალური სამსახურისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ“. არ ვიცი, მოუხადა თუ არა მარშუნოკს რუსეთმა ბოდიში, მაგრამ ფაქტია, რომ ისე ხდება, როგორც ზემოთ დაგიწერეთ.

ამასობაში კი რა ხდება ჩვენთან?

დიდი ამბები. ისეთები, თუ რეკლამას დავუჯერებთ, „კაზანტიპს“ უკან რომ მოიტოვებს. შარშან ანაკლიაში მარშუნოკის მუსიკალური სახელმწიფოს გადმოტანის ინიციატორი გიორგი სიგუა ელექტრონული მუსიკის ახალ ფესტივალს ატარებს და მას მარტივად GEM (Georgian Electronic Music) Festival-ს არქმევს.

„GEM Fest-ი ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია დღესდღეობით ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში. სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი — ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შეძახილს: 'ბრწყინვალეა!' დაიმსახურებს“ - წერს ფესტივალის ორგანიზატორი.

GEM ფესტივალსაც ანაკლია უმასპინძლებს და ჩატარდება ზუსტად მაშინ, როდესაც მარშუნოკის ახალი პროექტი გახურების რეჟიმში იქნება - 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით.

ამ ფესტივალის შესახებ მოგვიანებით კიდევ დავწერთ, მანამდე კი სიახლეებს თვალი მიადევნეთ აქ.

 

 

ია ვეკუა

 

 

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...