”მოაზროვნე მანქანა” მომავალს წინასწარმეტყველებს
02 ივნისი, 2015
1757
print

გიგა გურასაშვილი

მისი დახასიათებისას ამბობენ, რომ ის ”მოაზროვნე მანქანაა”, სახელი კი ახდენილი წინასწარმეტყველებებით გაითქვა.

ამ ”ახდენილ წინასწარმეტყველებათა” შორისაა 1980-იან წლებში ინტერნეტის გაჩენა, 1996 წელს კომპიუტერის მიერ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება თუ 2000-იან წლებში დნმ-ის გაშიფვრა.

საუბარია სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროგნოზებში, ალბათ, ყველაზე ცნობილ ფუტუროლოგ, Google-ის ტექნიკური დირექტორ, ამერიკელ გამომგონებელ რეი კურცვაილზე, რომლისთვისაც მომავლის განჭვრეტა ერთგვარ საქმიანობად იქცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამედროვე მიღწევათა კვლევის ერთ-ერთი მამამთავარი ამგვარ პროგნოზებს 1990 წლიდან აქვეყნებს. ფუტუროლოგიო ვამბობთ და ბევრი მისი პროგნოზი აკადემიურ ნაშრომად იქცა.

და თუ ბოლო 20 წლის განმავლობაში მისი წიგნებიდან, ბლოგებიდან, ლექციებიდან და ინტერვიუებიდან ყველა მისეულ პროგნოზს ავკინძავთ, შევნიშნავთ, რომ მეცნიერს 2019-დან 2099 წლის ჩათვლით მომავალი წლები ზედმიწევნით აქვს გაწერილი.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მის წინასწარმეტყველებებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩვენც გადავავლოთ თვალი.

2019

პერსონალური და პერიფერიულ მოწყობილობათა სადენები თუ კაბელები წარსულს ბარდება

2020

პერსონალური კომპიუტერები ადამიანის ტვინის გამოთვლით სიმძლავრეს მიაღწევს

2021

ინტერნეტთან უსადენო წვდომა დედამიწის 85 პროცენტს მოიცავს

2022

აშშ-სა და ევროპაში მიიღებენ საყოველთაო კანონებს, რომლებიც ადამიანებსა და რობოტებს შორის ურთიერთობას დაარეგულირებენ. ფორმალიზდება რობოტების საქმიანობა, მათი უფლებები, ვალდებულებები და სხვა შეზღუდვები

2024

კომპიუტერული ინტელექტის ელემენტები ავტომობილებისთვის სავალდებულო იქნება. ადამიანებს ეკრძალებათ საჭესთან დაჯდომა, თუ ავტომობილი დამხმარე კომპიუტერული თანაშემწით არ იქნება აღჭურვილი

2025

გაჯეტ-იმპლანტების მასობრივი ბაზრის გაჩენა

2026

სამეცნიერო პროგრესის წყალობით დროის ერთეულში საკუთარი სიცოცხლის იმაზე მეტად გახანგრძლივებას შევძლებთ, ვიდრე გამოვიარეთ

2027

პერსონალური რობოტი, რომელსაც სრულიად დამოუკიდებლად შეეძლება რთული მოქმედებების შესრულება, ისეთივე ჩვეულებრივი რამ იქნება, როგორიც მაცივარი თუ მადუღარა

2028

მზის ენერგია იმდენად იაფი და გავრცელებული იქნება, რომ მსოფლიო ენერგეტიკულ მოთხოვნილებების სრულიად დააკმაყოფილებს

2029

კომპიუტერი ტიურინგის ტესტის გავლას შეძლებს, რომელიც მასში აზროვნების უნარს დაამტკიცებს. ყოველივე შესაძლებელი იქნება ადამიანის ტვინის კომპიუტერული სიმულაციის გზით

2030

მრეწველობაში ნანოტექნოლოგიების გაფურჩქვნა პროდუქტების წარმოების მნიშვნელოვნად გაიაფებამდე მიგვიყვანს

2031

3D პრინტერებს ადამიანის ორგანოების საბეჭდად ნებისმიერი დონის კლინიკებში საყოველთაოდ გამოიყენებენ

2032

ნანორობოტებს სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებენ. ისინი შეძლებენ ადამიანის უჯრედებს საკვები მიაწოდონ და მათი ნარჩენებისგან გაათავისუფლონ. ამასთან, დეტალურად შეძლებენ ადამიანის ტვინის სკანირებას, რომელიც თავის მხრივ მისი მუშაობის შესწავლის საშუალებას მოგვცემს

2033

თვითმართვადი ავტომობილები ქუჩებს გაავსებს

2034

ადამიანის პირველი პაემანი ხელოვნურ ინტელექტთან. შეიძლება ითქვას, ეს იქნება ფილმი ”ის” (Her) სრულყოფილი სახით, როდესაც ვირტუალურ შეყვარებულს ”სხეულით” აღვჭურვავთ

2035

კოსმოსური ტექნოლოგიები საკმარისად განვითარებული იქნება. საიმისოდ, რომ  დედამიწა ასტეროიდებთან შეჯახების საფრთხისგან მუდმივი დაცვით უზრუნველვყოთ

2036

ბიოლოგიასთან პროგრამირების მიდგომით კაცობრიობა პირველად შეძლებს ავადმყოფობის სამკურნალოდ უჯრედების გადაპროგრამირებას, ხოლო 3D პრინტერების გამოყენება ახალი ქსოვილებისა და ორგანოების გამოყვანის საშუალებას მოგვცემს

2037

გიგანტური გარღვევა ადამიანის ტვინის საიდუმლოს ამოხსნაში.

სპეციალიზებული ფუნქციების მქონე ასეულობით სხვადასხვა სუბრეგიონი განისაზღვრება. ზოგიერთი ალგორითმი, რომლებიც კოდირებენ ამ რეგიონების განვითარებას, გაიშიფრება და კომპიუტერების ნეირონულ ქსელში ჩაირთვება

2038

გამოჩნდებიან რობოტიზებული ადამიანები, ტრანსჰუმანისტურ (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. გ.გ.) ტექნოლოგიათა პროდუქტები. ისინი აღჭურვილნი იქნებიან დამატებითი ინტელექტით (მაგალითად, მიმართული იქნებიან ცოდნის განსაზღვრულ ვიწრო სფეროზე. ისეთზე, რომელიც  ადამიანის ტვინს არ ძალუძს) და ნაირგვარი ოფცია-იმპლანტანტებით: დაწყებული თვალი-კამერებით, დასრულებული დამატებითი ხელი-პროთეზებით

2039

ნანომანქანებს ჩააშენებენ ტვინში და მისი უჯრედებიდან სიგნალების თავისუფალ გადაცემას თუ გადმოცემას განახორციელებენ, ეს ყოველივე კი სრულ ვირტუალურ რეალობამდე მიგვიყვანს, რომელსაც არ დასჭირდება რაიმე დამატებითი ხელსაწყო

2040

საძიებო სისტემები ადამიანის ორგანიზმში ჩაშენებული გაჯეტებისთვის საფუძველი გახდება. ძიება მოხდება არამარტო მეტყველების დახმარებით, არამედ აზრებითაც. ძიების შედეგებს კი სათვალის ეკრანზე ან ლინზებზე გამოტანით შევიტყობთ

2041

ინტერნეტის გასაშვები სიჩქარე დღევანდელთან შედარებით 500 მილიონზე მეტით გაიზრდება

2042

უკვდავების პირველი პოტენციური რეალიზება ნანორობოტების არმიის წყალობით, რომელიც იმუნურ სისტემას შეავსებს და დაავადებებისგან გაწმენდს

2043

ნანორობოტების დიდი რაოდენობის დახმარებით ადამიანის სხეული ნებისმიერი ფორმის მიღებას შეძლებს. შიდა ორგანოები გაცილებით უკეთესი ხარისხის კიბერნეტიკური მოწყობილობებით შეიცვლება

2044

არაბიოლოგიური ინტელექტი ბიოლოგიურზე მილიარდჯერ ჭკვიანი გახდება

2045

ტექნოლოგიური სინგულარობის ხანის დადგომა (ფენომენალურად სწრაფად მზარდი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე გაცილებით ძლიერ მძლავრ ხელოვნურ ინტელექტს ემყარება. გ.გ.). დედამიწა ერთ გიგანტურ კომპიუტერად გარდაიქმნება

2099

სამყაროს ტექნოლოგიური სინგულარობის პროცესი მოიცავს

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს