”ნაციონალური” გაურკვევლობა და უადგილო ”ოცნება”
27 მაისი, 2015
1689
print

სოფიკო ჩხაიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვანი შიდაპარტიული ცვლილებების მოლოდინშია. პარტია, რომლის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სისხლის სამართლებრივი ძებნა აქვს გამოცხადებული, გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი კი კარგა ხანია საპატიმროშია, ახლა უკვე აღმასრულებელი მდივნის გარეშეც დარჩა.

ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ: ”ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები.

ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.

პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა, სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა.”

რატომ ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის ვერტიკალის სათავეში მყოფმა ჯაფარიძემ მისთვის სასურველი ცვლილებების გატარება ნაციონალური მოძრაობის შიგნით, დღესაც უცნობი რჩება. მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება ასეთია:

”ენმ-იდან გასვლის ფორმამ და დრომ ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. ფორმა და დრო არ ყოფილა ჩემი და ჩემი მეგობრების შერჩეული. ჩვენ ვაპირებდით ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეზიარებინა იმ ადამიანებისთვის პარტიის შიგნით, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მე მქონდა კონსულტაცია პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ითხოვა გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამეხმაურებინა გადაწყვეტილება. ჩვენ პირობა დავიცავით. ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვასწარით იმ ადამიანებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების წინასწარ გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძვირფასია.”

ეს განცხადება ბუნებრივად ბევრ შეკითხვას ბადებს, ისევე როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში არსებული კიდევ ერთი პოსტულატი:

”ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი (რაც, ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის სავარაუდოდ გარანტირებული იყო). მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა, რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს.”

ახალი პარტიის პროფესიონალებით (როგორც წლების მანძილზე სხვადასხვა პარტიების შექმნის მსურველთა მსგავსად, თავად ამბობენ) დაკომპლექტებაზე მზრუნველთ რატომ არ აქვთ პოლიტიკური ამბიციები, უცნაურია. კიდევ უფრო უცნაური კი ის გახლავთ, რომ ბუნებრივად გაჩენილ კითხვებზე პასუხს ადრესატებისგან, რომლებსაც, წესით, დღეს ყველაზე მეტად უნდა სურდეთ საზოგადოებისთვის თავიანთი პლატფორმის განმარტება, ვერ მიიღებთ - ნაციონალურ მოძრაობას გამიჯნული ოთხივე დეპუტატი დღეს მიუწვდომელია. ნაციონალებისგან განმდგარი ოთხეულის მიერ შექმნილი ბუნდოვანება ბევრ შეკითხვასთან ერთად ბევრ ეჭვს წარმოშობს, ზოგჯერ ”საოცნებოსაც”.

თუმცა, მიუხედავად იმ გაურკვევლობისა, რომელიც ამ ოთხმა ადამიანმა მოახერხა შეექმნა, მაინც საფიქრებელია, რომ სრულიად უადგილოდ გამოიყურება ”ქართული ოცნების” ხელისუფლების სიხარული ნაციონალური მოძრაობის დაშლის გამო.

ზურაბ ჯაფარიძემ პარტია დატოვა და არა სახელმწიფოს განვითარების ეკონომიკური გეგმა, პავლე კუბლაშვილიც იურისტად რჩება და გოგა ხაჩიძეს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს. ისინი პარლამენტსა და პარტიაში ყველა თანამდებობას ტოვებენ, თუმცა, უმცირესობის რიგების დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებიათ. მათ მიერ ცალსახად აღიარებული დასავლური კურსი ამას არც ითვალისწინებს.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება