ქართული ფოტოგრაფიის დღე
27 მაისი, 2015
1426
print

ქვეყნის ერთადერთ ფოტოგალერეა ”კონტეინერში” ორიოდე დღის წინ ისტორია შექმნეს - დააწესეს ქართული ფოტოგრაფიის დღე, რომელსაც ამიერიდან 25 მაისს აღნიშნავენ. პირველმა დღესასწაულმა უკვე ჩაიარა, თუმცა მისი ”ნარჩენების” ხილვა ჯერ კიდევ შეგიძლიათ - ”კონტეინერში” 33 ფოტოხელოვანის მიერ წარმოდგენილი 33 სახე დაგხვდებათ.

ამ ისტორიას კი თავისი ისტორია გააჩნია: 1897 წლის აპრილის მიწურულს ამჟამინდელ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი ფოტოგრაფების გამოფენა გაიხსნა. მასში იმ დროს მოქმედი პრაქტიკულად ყველა ფოტოგრაფი მონაწილეობდა, რამდენიმე მათგანი დააჯილდოეს კიდეც, გამოფენა კი 25 მაისს დახურეს. ვინაიდან, იმ გამოფენის გახსნის ზუსტი თარიღი ცნობილი არ გახლავთ, ქართული ფოტოგრაფიის დღე მისი დახურვის მიხედვით დააწესეს. ამ იდეის ავტორი კი ფოტომცოდნე ნათია წულუკიძე გახლავთ.

25 მაისს გალერეა ”კონტეინერმა” ქართული ფოტოგრაფიის რამდენიმე თაობას უმასპინძლა. ზოგი ღონისძიების უშუალო მონაწილე ანუ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორი იყო, რამდენიმე მათგანი კი ათწლეულების წინანდელი ფოტოაპარატებით ცდილობდა საკუთარი ოსტატობის დემონსტრირებას. თავად გამოფენა კი პორტრეტებს აერთიანებდა - მომღიმარ, მოწყენილ, ჩაფიქრებულ, ფერად და შავ-თეთრ ადამიანებს, ზუსტად ისეთივე განსხვავებულებს, როგორიც მათი ავტორების ხედვა და ხელწერაა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფოტოგრაფია სწორედ მათი შექმნილია, სწორედ ამ თაობამ აქცია ის ჯერ პროფესიად, შემდეგ ხელოვნებად და პრესტიჟულ საქმიანობად. ერთ-ერთი მათგანია გურამ წიბახაშვილი, რომელიც იხსენებს: ”როდესაც ფოტოგრაფობა გადავწყვიტე, ოჯახის წევრების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შემხვდა, რადგან ფოტოგრაფია მაშინ არც თუ პრესტიჟულ ხელობად მიიჩნეოდა. გავიდა დრო და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, რაც ჩემი თაობის დამსახურებაა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც მხატვრების გვერდით გამოფენის პატივი ხვდა წილად, როდესაც კარლო კაჭარავამ ერთობლივი ექსპოზიციის გაკეთება შემომთავაზა. ჩვენ ფოტოგრაფიის ახალ ხანაში ვცხოვრობთ. როდესაც ის გამოიგონეს, ძალიან პოპულარული იყო, შემდეგ კინომ, ვიდეომ და ტელევიზიამ ჩაანაცვლა და თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ახლა ახალი სიცოცხლე და დატვირთვა შეიძინა, რაც მოსალოდნელი იყო - ადამიანს აუცილებლად სჭირდება გამოსახულება იმისთვის რომ საკუთარი არსებობა დაიჯეროს, ამის გარეშე შეუძლებელია”.

ქართული ფოტოგრაფიის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში უკვე შესულია განცხადება, თუმცა 25 მაისი უკვე ლეგიტიმურად მიიჩნევა, რადგან მის სადღესასწაულოდ გამოცხადებას 100-ზე მეტმა მოქმედმა ფოტოგრაფმა დაუჭირა მხარი და დადებითი პასუხი ხელმოწერით დააფიქსირა. როგორც გურამ წიბახაშვილი ამბობს, ოფიციალურად დაწესებული დღე ფოტოგრაფების საზოგადოებას მეტი აქტივობის საშუალებას უქმნის, რაც უცხოელ კოლეგებთან და იქაურ ფოტოორგანიზაციებთან თანამშრომლობაზეც აისახება. და, რაც მთავარია, პროფესიული დღის დაწესება უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს კონკრეტული პროფესია საკუთარი არსებობის დეკლარირებას ახდენს - ფოტოგრაფია პროფესიაა, ფოტოგრაფია ხელოვნებაა, ქართულ ფოტოგრაფიას უკვე საკუთარი დღესასწაული აქვს.

 

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
09 სექტემბერი, 2014 მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში