ბზარი ”ნაციონალურ მოძრაობაში”
25 მაისი, 2015
1473
print

თიკა გურული

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ოთხმა წევრმა. ამის თაობაზე ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

"ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.

ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას.

მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები "უპასუხისმგებლობასა" და "წნეხის ვერ გაძლებასთან" დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით," - წერს ჯაფარიძე.

თავდაპირველად ითქვა, რომ ამ ოთხეულთან ერთად ”ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს სერგო რატიანიც. თუმცა, თავად რატიანმა ეს არ დაადასტურა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში დღეს განუცხადა, საუბარია მხოლოდ ამ ოთხ ადამიანზე, შესაბამისად, რატიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას თავადაც ტოვებს.

მისივე თქმით, 3 წლის განმავლობაში პარტიის მიმართ იყო სერიოზული ზეწოლები, ამ ზეწოლების გაძლება რთულია და როგორც ჩანს, ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს, თუმცა რატიანი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ განცხადებაში და ასევე, არ აკონკრეტებს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული წევრების მხრიდან პარტიის დატოვება ზეწოლას.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით , ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი.

როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ადამიანები პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არსებული წნეხის გამო ტოვებენ და ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ნაბიჯი.

"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი 4 კოლეგა აპირებს პარტიის დატოვებას. ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ჩვენი პარტია სამი წელია მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან იმყოფება წნეხის ქვეშ. ეს წნეხი სავარაუდოდ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი 4 თანაპარტიელი ამ წნეხის გამო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება კონსტიტუციური გზით. "ნაციონალური მოძრაობა" არის უპირობოდ მთავარი ალტერნატივა ამ ხელისუფლების და ამ ძალიდან ამ ადამიანების წასვლა არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილს არ აქვს ინფორმაცია თუ სად აპირებენ ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე საქმიანობის გაგრძელებას.

ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრები სათათბიროდ იკრიბებიან.

 

tika guruli
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება