წიგნები მუსიკით
22 მაისი, 2015
1110
print

ამ შვიდ წიგნში ისევ ძველი ამბავია მოთხრობილი. სწორედ ის ამბავი ყველას შვიდ-შვიდჯერ რომ წაგვიკითხავს, ეკრანზე გვინახავს და საკუთარ თავგადასავლად წარმოგვიდგენია. ამბავი ძველია, წიგნები კი ახალი, თანაც განსაკუთრებული გამოცემაა - თაროზე თანმიმდევრობით თუ ჩამოალაგებთ, პაზლი შეიკვრება და სასახლის კონტურები გამოისახება. ეს ჰოგვართსია, ყველაზე ჯადოსნური ადგილი, რომლის კედლებში განვითარებული სიუჟეტის გაცნობა ახლა უკვე ახალ გამოცემაში შეგიძლიათ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ჯოან როულინგის ჰარი პოტერის სერიის ახალი ტირაჟი გამოსცა. მისი შეძენა უკვე შეგიძლიათ საგაზაფხულო ფესტივალ „წიგნი და მუსიკაზე“, რომელიც დღეს გაიხსნა და სამ დღეს გასტანს.

რომ არ აგერიოთ, წინასწარ გეტყვით, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 28-31 მაისსაა დაგეგმილი, „წიგნი და მუსიკის“ ორგანიზატორები კი უკვე ნახსენები სულაკაურისა და ქარჩხაძის გამომცემლობებია, რომლებმაც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის რიგები დატოვეს და დამოუკიდებლად გადაწყვიტეს მოქმედება. არ ვიცით, ამ ნაბიჯით რა მოიგეს ან რა წააგეს ამ გამომცემლობებმა, მაგრამ ფაქტია, რომ მკითხველი აშკარად მოგებული დარჩა - ერთდროულად ორი ფესტივალი მეტ ფასდაკლებულ წიგნსა და ახალ გამოცემას ნიშნავს, თუმცა მათი ასეთი სიახლოვე მაინც ქმნის პრობლემას, ცხადია, ფინანსურს.

ფაქტია ისიც, რომ ყველა გამომცემლობას განსხვავებული პროდუქცია და, შესაბამისად, განსხვავებული მყიდველი ჰყავს. დღეს გახნილი ფესტივალი კი მხოლოდ მკითხველს არ მიიზიდავს - როგორც ხედავთ, ფესტივალის სახელწოდება სიტყვა მუსიკასაც მოიცავს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ღონისძიება ივენთ ჰოლში იმართება, მაშინ ადვილად სავარაუდოა, რომ წინ ხარისხიანად შესრულებული ხარისხიანი მუსიკა გველის.

თუ ორივე გამომცემლობის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ფასდაკლების ნუსხას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფასები საკმაოდ შემსუბუქებულია. წიგნების ძირითადი ნაწილი 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება, თუმცა გარკვეულ საათებში 40%-მდე ადის.

ფესტივალი მხოლოდ წიგნებით ვაჭრობასა და მუსიკალურ ნომრებს არ ითვალისწინებს. მის პროგრამაში ჩართულია საჯარო ლექციები, ახალი გამოცემების პრეზენტაციები, კულინარიული შოუ, საბავშვო ღონისძიებები და სხვა.

 

გთავაზობთ ფესტივალის სრულ პროგრამას.

22 მაისი

15:00 - Blue Sun ♫

16:00 - ქართული ჯადოსნური ზღაპრების პრეზენტაცია - გია ქარჩხაძის გამომცემლობა

17:00 - ლაშა თოფურია ♫

18:00 - ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია - ჩემი საყვარელი წიგნი

19:00 - Mellow ♫

 

23 მაისი

13:00 - მიშელ უელბეკი "კუნძულის შესაძლებლობა" - პრეზენტაცია და შეხვედრა წიგნის მთარგმნელ მერაბ ფიფიასთან.

14:00 - ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ ლექცია

15:00 - ლიკა შუბითიძე, ტატო გეგეჭკორი, ზიკო ნაზღაიძე ♫

16:00 - კულინარიული შოუ

17:00 - პეჩო ♫

18:00 - ლაშა ბუღაძის „საუბრები ცენზურაზე“ - პრეზენტაცია

19:00 - ძია ნოდარის ბენდი ♫

 

24 მაისი

14:00 - კულინარიული შოუ

15:00 - შოთა ადამაშვილი ♫

16:00 - ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

17:00 - Gravity ♫

18:00 - ლია ლიქოკელი - პოეზიის საათი

19:00 - The Mins ♫

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული
12 თებერვალი, 2015 ბალადა პირველი ქართული გრაფიკული ნოველისა