მერკელი - საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმზე გადასვლა ჯერჯერობით შეუძლებელია
21 მაისი, 2015
1509
print

თიკა ნიკოლაძე

 აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს გაიხსნება. პლენარული სესია კი, რომლის ბოლოს დეკლარაცია იქნება მიღებული, 22 მაისს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ევროპული პერსპექტივის აღიარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას არ ითვალისწინებს. სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დოკუმენტი საბოლოოდ 22 მაისს იქნება მიღებული. თუმცა მანამდე განცხადების სამუშაო პროექტმა უცხოურ მედიაში გაჟონა.

"ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას”.

ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია "თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება", აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს", - წერს "რადიო თავისუფლება".

დღეს, ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმზე გადასვლა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ანგელა მერკელის თქმით, "ამ ქვეყნების ძალისხმევა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და მათ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი", ევროკომისია კი მათი პროგრესის შემდეგ შეფასებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას არ ითვალისწინებს: "ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან არ არის ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, არ უნდა აღვძრათ მცდარი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რასაც ვერ შევასრულებთ,"- განაცხადა მერკელმა.

ამასთან, რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭიროა, საქართველომ და უკრაინამ პირობები დააკმაყოფილონ.

"საქართველოს სამომავლო პერსპექტივები დამოკიდებულია როგორც მოლოდინებზე და ასევე იმ წინსვლებზე, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. ევროკავშირთან პარტნიორობა არა მხოლოდ ერთი მიმართულებით გზაა, არამედ ორლიანდაგიანი გზაა. ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება და თანხვედრაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ და უკრაინამ ვიზალიბერალიზაციისთვის პოზიტიური საბოლოო ანგარიში მიიღონ. წლის ბოლოს მივიღებთ ანგარიშს. ამ საკითხზე ჩვენ ევროსაბჭოში სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს," - განაცხადა ჰანმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩის განცხადებით კი, ვიზალიბერალიზაცია მაშინ მოხდება, როდესაც საქართველო და უკრაინა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. "ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინდა, აღვნიშნო, რომ რიგაში არ მოხდება ვიზალიბერალიზაციაზე ხელმოწერა. ისევე, როგორც არ მომხდარა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ვილნიუსში - მოგვიანებით მოეწერა. როგორც კი უკრაინა და საქართველო ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, როგორც კი კომისია ნახავს პროგრესს, მაშინ მიიღებენ ვიზალიბერალიზაციას, " - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე აღნიშნა რინკევიჩმა.

რინკევიჩი დაეთანხმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის დღევანდელ განცხადებას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი.

"აღმოსავლეთ პარტნიორობას ჰყავს 6 ქვეყანა, განსხვავებული დონის ამბიციებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნობა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხარ. წევრობის პერსპექტივა და პროცესი არის აბსოლუტურად განსხვავებული ინსტრუმენტი, რაც განსხვავებული წესებით ოპერირებს," - თქვა რინკევიჩმა კონფერენციაზე.

რინკევიჩს კონფერენციაზე ჰკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

"მწამს, რომ ახლა ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, უნდა გააკეთოთ მაქსიმუმი, გაატაროთ რეფორმები - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, მართლმსაჯულების - ეს ძალიან რთული იქნება. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მიზნის მიღწევა; აჩვენეთ, რომ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს. რიგის სამიტზე უნდა აჩვენოთ სიმტკიცე. არსად წერია დეკლარაციაში, რომ ევროკავშირის წევრობის შანსს გართმევენ, მაგრამ ძალიან გრძელი გზაა, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი. ძალიან გრძელი გზაა, რომ იმუშაოთ ევროკავშირს შიგნით. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ მოთმინება, არამედ მუშაობა, ძალიან აქტიური დამტკიცება თქვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენნაირები ხართ. თქვენი პასუხი უნდა იყოს - დიახ, ვართ," - თქვა რინკევიჩმა.

... აღსანიშნავია, რომ რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართეს. წერილში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ. ღია მიმართვას ხელს აწერს 95 ევროპარლამენტარი.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად. ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე, ევროპის სახალხო პარტიამ ევროკავშირს აღმოსავლეთ მეზობლებთან კავშირების გაძლირების კურსის შენარჩუნებისა და კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. ევროპის სახალხო პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული თარიღი უნდა შესთავაზონ. მათი აზრით, უვიზო რეჟიმი ამ ორი ქვეყნის მოსახლეობას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისის კომენატრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, „ჩვენ მივიღებთ მაქსიმუმს იმ პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, რაც დღეს არის ევროპაში“.

„ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მანამდე, სანამ ჩვენ ვიხილავთ რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციას. დღეს საღამოს გაიმართება სპეციალური შეხვედრა ევროპის საგარეო და უსაფრთხოების დარგში უმაღლესი წარმომადგენლის, ქალბატონი მოგერინის და ასევე ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც ის კონტურები, რომელიც დღეს აქვს დეკლარაციას, საბოლოოდ შეჯერდება. არის პრობლემატური საკითხები, არის დებატები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს და მივიღებთ მაქსიმუმს იმ პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, რაც დღეს არის ევროპაში,“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

 ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.

რიგაში შეხვედრებს მართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან. შეხვედრის ძირითადი თემა, ის დეკლარაცია იყო, რომელსაც ევროპის სახალხო პარტია რიგის სამიტთან დაკავშირებით მიიღებს.

ენმ-ს წევრების განცხადებით, დეკლაპარციაში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა.

“ მთავრობის ფუნქციას ვერ შეითავსებს ოპოზიცია. ეს შეუძლებელია. მთავრობამ უნდა იმუშაოს იქ, სადაც სამთავრობო სტრუქტურებია, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული და პროევროპული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პოლიტიკურ ოჯახში იყოს მაქსიმალურად მხარდაჭერა და ამ დეკლარაციაში ეს იქნება გამოვლენილი. ეს იქნება ფაქტორი და ჩვენც გავაგრძელებთ შემდეგ თვეებში მუშაობას. ისტორია არ მთავრდება ხვალ. ჩვენ ვიცით, სამწუხაროდ, ხვალინდელი ნეგატიური პროგნოზი, მაგრამ შემდეგი თვეები იქნება გადამწყვეტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პერსპექტივის მოპოვებას ქვეყნისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ხელის შეშლა პოლიტიკური დევნით და კრიმინალის ზრდით ქვეყნის შიგნით,” - განაცხადა ენმ-ს საგარეო მდივანმა გიგა ბოკერიამ.

რიგაში ჩადის მიხეილ სააკაშვილიც. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პარალელურად იმართება. აღნიშნულ სამიტზე მისვლას გეგმავენ ევროპელი ლიდერებიც, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

 

tika nikoladze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება