სტუდენტური კინო ავარიული შენობიდან
21 მაისი, 2015
1115
print

შორეულ 80-იან წლებში დაარსებული და საბჭოთა საქართველოში ერთ-ერთ ”თავისუფალ სივრცედ” აღიარებული სტუდენტური კინოფესტივალი ”ამირანი” უკვე დიდი ხანია საერთაშორისოს სტატუსს ატარებს, წელს კი მე-9-ედ ტარდება. ფესტივალი 2 ივნისს გაიხსნება და ოთხს დღეს გასტანს. ამ დღეების განმავლობაში სტუდენტური კინოს მოყვარულები 50-მდე ფილმს ნახავენ, გამარჯვებულებს კი 6 ივნისს დააჯილდოებენ.

წინასაფესტივალო სელექციის შედეგად შერჩეულია 21 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, აშშ, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო) 48 სტუდენტური ნამუშევარი. მათ საერთაშორისო ჟიური განსჯის, რომლის შემადგენლობაშიც სხვა და სხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები შედიან: მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი პეტერ სლანსკი, კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი ქსიე ფეი, სარაევოს კინოაკადემიის დეკანი ნენად დიზდარევიჩი და კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი ვადიმ პროდანი. სწორედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დააჯილდოებენ საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ-ექსპერიმენტულ ფილმს. ასევე გასცემენ მთავარ პრიზს და დაასახელებენ საუკეთესო რეჟისორს, ხმის რეჟისორსა და ოპერატორს.

ფესტივალს ინდუსტრიული ხასიათის შეხვედრაც ექნება: 1-2 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო და ტელესკოლების საერთაშორისო ასოციაცია CILECT-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, მოგვიანებით კი სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებსა და კინემატოგრაფისტებს შეხვდებიან. ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერკლასები. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ფესტივალი საქართველოში ტარდება, შესაბამისად, ყველაზე საინტერესო, მით უფრო ჩვენთვის, მასპინძელი ქვეყნის მომზადების ხარისხია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კინოსკოლა პრაქტიკულად ნებისმიერ ევროპულ კინოსკოლასთან შედარებით სუსტია (იგულისხმება ტექნიკური ბაზა, სტუდენტებისთვის პრაქტიკული მუშაობის ნაკლები პირობები და სხვა), კონკურენციის გაწევა თურმე მაინც შეგვიძლია. როგორც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი ამბობს: ”ჩვენი სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში და პრაქტიკულად ყოველთვის ახერხებენ ნომინაციაში მოხვედრას ან გამარჯვებას. ეს ჩვენც გვაკვირვებს, რადგან მათ ნამდვილად არ აქვთ ისეთი პირობები, როგორიც, ვთქვათ, მიუნხენის კინოსკოლაშია, მაგრამ აქვთ ყველაზე მთავარი - ფართო კინოაზროვნება და ორიგინალური იდეები. ვიცით, რომ ტექნიკური ბაზის მხრივ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს საკითხი საგრძნობლად გამოსწორებულია. უკვე გვაქვს სამონტაჟოები, წელს დასრულდება ხმის სტუდია, მომავალ წელს კი პავილიონის დასრულებასაც ვგეგმავთ”.

რეალურად კი ტექნიკური ბაზის გამართვას ერთი უდიდესი პრობლემაც აფერხებს - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობა მთლიანად ავარიულია. ამის შესახებ ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ვიდრე სტუდენტების მიერ გადაღებული ვიდეო არ გავრცელდა, მანამდე ამ შენობისთვის ვერავინ მოიცალა.

მიხეილ გიორგაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: ”50 წელიწადზე მეტია ამ შენობაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, იქაურობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მისი რეაბილიტაცია ყველა წესის დაცვით უნდა შესრულდეს. უკვე გამოყოფილია თანხა შენობის მდომარეობის შესასწავლად და გეგმის შესადგენად, რის შემდეგაც პრაქტიკულ მუშაობაზე გადავალთ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ვმოქმედებთ, რათა ყველა სამუშაო სასწავლო პროცესის შეფერხების გარეშე ჩავატაროთ. მთავარია, რომ ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძრა”.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. 

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!