კანი 68-ედ გაიხსნა
14 მაისი, 2015
1086
print

კანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად წითელი ხალიჩის, მცხუნვარე მზისა და სადღაც იქვე მოშრიალე ზღვის ტალღების ფონზე გაიხსნა. ცერემონიალის საპატიო სტუმრებმა უკვე ნახეს გახსნის ფილმი. პირველად კანის ფესტივალის ისტორიაში ეს პატივი ქალი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმს ერგო. ეს გახლავთ ემანუელ ბერკოს დრამა „მაღლა აწეული თავით“, რომელშიც მთავარ როლს კარტინ დენევი ასრულებს. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებსა და ჟიურის ასამდე ფილმის ნახვა ელით, 22 მაისს კი ძმები კოენების თავმჯდომარეობით მომუშავე ჟიური საუკეთესოებს დაასახელებს.

ტრადიციულად კანის კინოფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრიცაა წარმოდგენილი. უკვე მერვედ აქ საკუთარი პავილიონი გვაქვს მისამართით #105, Village International Riviera. სწორედ აქ გაიმართება ინდუსტრიული და სხვა ტიპის შეხვედრები, რომელთა მთავარი მასპინძელიც კინოცენტრი იქნება.

წლევანდელი გეგმა ვრცელი და მეტად საქმიანია: სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება; ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, ახალი ქართული ფილმების შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისთვის, წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა და სხვა ღონისძიებების მოსამზადებელი შეხვედრების გამართვა, მათ შორის: ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე უკვე შერჩეული ქართული პროექტის წარდგენა, ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალზე საქართველოს, როგორც ფოკუს ქვეყნის პროგრამის შედგენა და ღონისძიებების დაგეგმვა, სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის რეჟისორთა და სცენარისტთა ლაბში მარიამ ხაჭვანის პროექტ „დედეს" მონაწილეობა, ჩინეთის კინოინდუსტრიის წამომადგენლებთან შეხვედრა; იმ ინდოელ პროდუსერებთან შეხვედრა, რომლებიც საქართველოში გადაღებით არიან დაინტერესებულნი, ასევე ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კინობაზრობა Film Bazaar-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა და სხვა.

ვიდრე ეროვნული კინოცენტრი და მასთან ერთად კანში გამგზავრებული რამდენიმე ქართველი კინემატოგრაფისტი საქმიან შეხვედრებს გამართავენ, ქალაქის საუკეთესო კინოთეატრებში ასობით ფილმის ჩვენება გაიმართება. ცხადია, მთავარი სამიზნე საკონკურსო ფილმები იქნება, რომელთა ჩამონათვალსაც აქვე შეგახსენებთ: პაოლო სორენტინოს „ახალგარდობა“, გას ვან სენტის „ხეების ზღვა“, მატეო გარონეს „ზღაპარი ზღაპრებზე“, მეიუენის „ჩემი ხელმწიფე“, დენის ველნიუვის „მკვლელი“, ჟაკ ოდიარის „დიპანი“, სტეფან ბრაიზის „უბრალო ადამიანი“, ვალერი დონზელის „მარგარიტა და ჟულიენი“, ტოდ ჰეინსის „კაროლი“, ჰუ სიაო სიენის „მკვლელი“, ძია ჟანგკეს „მთები გაიხსნება“, ჯასტინ კანზელის „მაკბეტი“, იორგოს ლანტიმოს „ლობსტერი“, ნანი მორეტის „დედაჩემი“, ლასლო ნემეს „საულის ვაჟი“ და ხოაკიმ ტრიერის „ბომბებზე ხმამაღლა“.

არასაკონკურსო სექციებში აჩვენებენ ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი: მრისხანე გზას“, ვუდი ალენის „ირაციონალური კაცს“, მარკ ოსბორნის „პატარა პრინცს“, ნატალი პორტმანის „სიყვარულისა და სიბნელის ამბავს“ და სხვა.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან