მეორე მსოფლიო ომის ციფრული განზომილება
08 მაისი, 2015
1158
print

რიგითი დიმიტრი პეტრენკო უკვე რაიხსტაგის სახურავზეა. გზას ავტომატის ჯერით იკაფავს და მკვდარი ფაშისტების მწკრივს ტოვებს. ზოგი გერმანელი ჯარისკაცი მიყენებული ჭრილობებისგან იტანჯება, თუმცა დიმიტრის მათთვის ახლა არ სცალია - მან რაიხსტაგის თავზე საბჭოთა დროშა უნდა აღმართოს და ჰიტლერისა და კომპანიის საბოლოო განადგურება მთელ მსოფლიოს ამცნოს. უცებ საიდანღაც გერმანელი ჯარისკაცი ამოიზრდება და დიმიტრის ესვრის. ეს უკანასკნელი წაბორძიკდება, მაგრამ თვალის კუთხით მაინც ხედავს, როგორ აჩეხავს მაჩეტეთი თავდამსხმელს ვიქტორ რეზნოვი და ახალგაზრდა თანამებრძოლს გზას უთავისუფლებს. დიმიტრი პეტრენკო დროშას აღმართავს, რასაც პრეზიდენტ ტრუმენის სიტყვები მოსდევს: გენერალმა ეიზენჰაუერმა მაუწყა, რომ გერმანული არმია მოკავშირეებს დანებდა...

სწორედ ასე მთავრდება ერთ-ერთი საუკეთესო საომარი ფრენჩაიზის, Call of Duty-ს მეორე მსოფლიო ომის ხაზი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული გვიყვებოდა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაპირისპირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ COD-ის სერიის ბოლო თამაშები გეიმერებს არც ისე ხიბლავთ (თუ არ ჩავთვლით ბრწყინვალე MW-ს პირველ ორ ნაწილს), რის გამოც ზოგჯერ მთელ ფრენჩაიზს ლანძღავენ, ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შესახებ გაკეთებული საუკეთესო თამაშები სწორედ ამ ლეიბლის ქვეშ გამოდიოდა.

COD-ღირსეული და ბევრისთვის კიდევ უფრო საყვარელი კონკურენტია Medal of Honor-ის სერია, რომელიც გაცილებით მასშტაბური და ძველია. მისი პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 1999 წელს გამოვიდა და სინჯს 2000-იანების პირველი დეკადის ჩათვლით ინარჩუნებდა. სამწუხაროა, რომ ამ ფრენჩაიზს ახალი თამაში დიდი ხანია არ ჰქონია და ჟანრის მოყვარულები რეალურად კარგი თამაშის გარეშე გადიან ფონს.

კიდევ უფრო ძველია Wolfenstein-ის სერია. მისი პირველი ნაწილი შორეულ 1992 წელს გამოვიდა და ორგანზომილებიან უმარტივეს, თუმცა იმ დროისთვის რეალურად ნორმალურ თამაშს წარმოადგენდა. Wolfenstein-ის სერია არც ისე დიდია, მისი პროტაგონისტი კი ყველა ნაწილში უილიამ ბლასკოვიცია, რომელმაც შარშან დიდებულად გაიბრწყინა უკანასკნელი წლების ერთ-ერთ საუკეთესო შუთერ Wolfenstein: The New Order-ში. თუ ფილიპ დიკის „კაცი მაღალი კოშკიდან“ წაკითხული გაქვთ, ამ თამაშის სიუჟეტთან პარალელს აუცილებლად გაავლებთ: 1946 წელს (თამაშში ალტერნატიული რეალობაა მოთხობილი, ამრიგად ამ დროისთვის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს) უილიამ ბლასკოვიცი თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩავარდება, მას დაჭრიან და კომატოზურ მდგომარეობაში ვარდება. გონს მხოლოდ 1960 წელს მოდის და იგებს, რომ ომი გერმანელების გამარჯვებით დასრულდა, მთელ მსოფლიოში ნაცისტური მმართველობაა და ისიც იძულებული ხდება, პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდეს. ამის შემდეგ განვითარებული ყველა მოვლენა, ყველა სცენა და ეტაპი ბრწყინვალეა, ამიტომ მის თამაშს ნამდვილად გირჩევთ.

საკმაოდ საინტერესო და ცოტა უჩვეულოა The Saboteur, GTA-ს ბიძაშვილი თამაში, რომელიც გერმანელებთ ოპკუპირებულ პარიზში თავისუფლად გადაადგილებისა და მოქმედების საშუალებას გაძლევს. ბოლო ბლასკოვიცის მსგავსად, აქაც პატრიზანული მოძრაობის წევრს მართავ. თამაში ვიზუალურადაც ლამაზია - შუა-თეთრი ქალაქის ფონზე ხან ნაცისტების წითელი დროშა გაელვებს, ხანაც ყვითლად მოკიაფე ფანრები.

როგორც კინემატოგრაფისთვის, ისე ვიდეოთამაშებისთვის, მეორე მსოფლიო ომი არასდროს კარგავს აქტუალობას. წელს უკვე იგეგმება რამდენიმე თამაშის გამოსვლა. Brothers in Arms-ის ფრენჩაიზით გამოვა Furious 4, სტრატეგიის მოყვარულები კი Hearts of Iron IV-ს მიიღებენ.

 

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი