”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
06 მაისი, 2015
1244
print

თიკა ნიკოლაძე

ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საგარეო ფაქტორებთან ერთად ლარის გაუფასურებას აბრალებს, საგანგებო განცხადება გააკეთა. კერძოდ, დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტით, ხუთ პროცენტამდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნულ ვალუტაში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების ღირებულებას გაზრდის.

ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას უკავშირდება, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი წლის ბოლომდე მონეტარულ პოლიტიკას 5.5%-მდე გაამკაცრებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე არსებული საწვავის დაბალი ფასები ნაწილობრივ აბალანსებდა ინფლაციის მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს ინფლაცია სამიზნე 5% იქნება.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კლებას უკავშირებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაცვლით კურსში არსებულმა ცვლილებამ უკვე დაიწყო ქვეყნის იმპორტის მოთხოვნაზე გარკვეული ცვლილებების შეტანა, რის გამოც იმპორტირებული საქონლის მოცულობა მცირდება, იმპორტის შემცირება კი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე დადებითად აისახება.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკები”. ორგანიზაციის განმარტებით, ”მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2347 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის იანვართან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 481-ით არის გაზრდილი.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.

ვინაიდან ბოლო თვეებია სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად დადგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი.

შედეგად შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.”

ეროვნული ბანკის მიერ, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით, კომენტარი ეკონომისტმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

 ”ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებისაკენ ისევე, როგორც წინა კვირაში განხორციელდა 40 მილიონის ინტერვენციები და ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე 260 მილიონი დახარჯა რეზერვების კლების ხარჯზე. თანაც ამ ხნის განმავლობაში, საკმაოდ დიდი რაოდენობის საგარეო ვალის გასტუმრება გვიწევს... ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ეროვნული ბანკის რეზერვებს და წლის ბოლოს, უკვე ეროვნული ბანკის რეზერვები დავა ორთვენახევრის იმპორტის დონეზე, რაც უკვე რისკის ზღვარია.

 ასე რომ, ეროვნული ბანკი ამკაცრებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. ეს კომერციულ ბანკებს უნელებს მიმზიდველობას რეფინანსირების სესხებისადმი. რეფინანსირების განაკვეთის მატება ნიშნავს კომერციულ ბანკებში ლარში აღებული სესხების ავტომატურ მატებას იგივე პროცენტით ანუ ნახევარი პროცენტით გაეზრდებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ლარში აღებული სესხები. თუ დავუშვათ 3.5 პროცენტი იყო ერთი წლის წინ, დღეს უკვე 1.5. პროცენტით მეტის გადახდა მოუწევთ. თუ წინათ ზარალდებოდა ის მომხმარებელი, რომელსაც სესხი დოლარში ან ევროში ჰქონდა, ახლა ნელ-ნელა ლარში აღებული სესხების საპროცენტო მომსახურებაც იზრდება. თუმცა, როგორც ამბობენ, დიდი არ არის იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ასეთი ხელშეკრულება აქვს გამფორმებული - როგორც ამბობენ 7000-8000 ადამიანია ასეთი.

 მაგრამ, ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის. მთავრობა ჯიუტად არ აკეთებს ბიუჯეტის სეკვესტრს. მთავრობას ამ პერიოდში არაფერი გაუკეთებია და ჯიუტად არ იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ზაფხულს ელოდებიან, თბილი დღეების დადგომას და ტურისტულ სეზონს... მაგრამ ზაფხულს ზამთარი მოჰყვება,” - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

tika nikoladze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!