4 მაისი ჩვენთანაა
04 მაისი, 2015
1055
print

 

დღეს 4 მაისია, გაზაფხულის ჩვეულებრივი, არც ისე მზიანი დღე, მცირე მოღრუბლულობითა და შხაპუნა წვიმით. ორშაბათია. სამუშაო კვირის პირველი დღე. მთლიანობაში კი დიდად გამორჩეული თარიღი არ გახლავთ, თუ არ ჩავთვლით, რომ 4 მაისს კოლუმბმა პირველად დააბიჯა შემდგომში იამაიკად წოდებულ მიწას, ალ კაპონემ 11 წლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო, ჰემინგუეიმ კი პულიცერის პრემია მიიღო. მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - 1979 წლის 4 მაისს მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს, რასაც პრესაში შემდეგი გამოხმაურება მოჰყვა: May the Fourth Be with You, Maggie. Congratulations!

ამ ფრაზის პირველი ნაწილი რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, თუმცა ამჯერად საქმე თარგმანის სირთულეებთან გვქონდა. 2005 წელს, „ვარსკვლავური ომების“ მესამე ეპიზოდის გამოსვლასთან დაკავშირებით ერთ გერმანულ არხზე სტუმრად მიწვეულმა ჯორჯ ლუკასმა ინტერვიუს დროს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა - May the Force be with You წარმოსთქვა, გერმანელმა თარჯიმანმა კი მაყურებელს შემდეგი მოახსენა: Am vierten mai sind wir bei euch (დაახლოებით ჟღერს როგორც “4 მაისს თქვენთან ვიქნებით”). ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „ვარსკვლავური ომების“ ფანებს გაუგებრობა ზემოდან წამოსულ ნიშნად მიეღოთ და 4 მაისის დღესასწაული დაეწესებინათ.

როგორც გითხარით, დღეს 4 მაისია. ჩვენთან ის რამდენიმე საათის წინ დადგა, ამერიკის კონტინენტი კი ჯერ იღვიძებს, ამიტომ ახალ ეპიზოდთან დაკავშირებული სიახლეების მოზღვავებას საღამოსკენ უნდა ველოდით. მანამდე კი სამ ახალ დეტალს გაგიმხელთ, ჩვენი ინფორმატორი კი არც მეტი არც ნაკლები, ცნობილი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი და ჟურნალი Vanity Fair გახლავთ.

ენი ლეიბოვიცი ლუკასთან და კომპანიასთან დაახლოებული ქალბატონია. რამდენიმე წლის წინ მან ახალი ტრილოგიის სერია შექმნა, რომელშიც პორტრეტებისა და ჯგუფური ფოტოების გარდა გადასაღებ მოედანზე გადაღებული კადრებიც შევიდა. იგივე გაიმეორა ამჯერადაც და Vanity Fair-ისთვის ფოტოების ახალი სერია შექმნა, მათ შორის მთავარი კადრს, რომელზეც ჰარისონ ფორდის ჰან სოლო, პიტერ მეიჰიუს ჩუბაკა, დეიზი რიდლის რეი, ჯონ ბოიეგას ფინი, დროიდი BB-8 და დიდებული მილენიუმ ფალკონის ინტერიერია აღბეჭდილი, ჟურნალის ივნისის ნომრის ყდაზე დაბეჭდავენ.

თუმცა ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, მთავარი გადაღებების განმავლობაში ჩაწერილ ერთწუთიან ვიდეოშია დამალული.

სწორედ ამ ვიდეოში ვხედავთ, რომ ლუპიტა ნიონგო ნამდვილად CGI პერსონაჟს ასახიერებს - ერთ-ერთ კადრში მას სპეციალური კოსტუმი აცვია, სახეზე კი ათობით სპეციალური მიმღები აქვს დამაგრებული. ამავე ვიდეოში ჩანს კადრი, როდესაც ენი ლეიბოვიცის კამერის წინ მსახიობი ადამ დრაივერი პოზირებს და მას (ჰოი ზეცავ!) კაილო რენის კოსტუმი აცვია - სწორედ იმ სითის, რომელიც ახალი ეპიზოდის ორივე თიზერში ჩანს.

და კიდევ ერთი: ვიდოში არ ჩანს, თუმცა Vanity Fair გადაღებებზე გაკეთებულ რეპორტაჟში წერს, რომ ფილმის რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა ჟურნალის რედაქტორს ერთი საინტერესო დეტალი გაუმხილა: I have a thought about putting Jar Jar Binks’s bones in the desert there. I’m serious! Only three people will notice, but they’ll love it.

ამრიგად „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ყველაზე უხერხული პერსონაჟი სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას და ძალა მთლიანად ჩვენთან იქნება!

 

ია ვეკუა

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!