რატომ ელოლიავება ევროპა რუსეთს
30 აპრილი, 2015
2252
print

პაატა ვეშაპიძე

რიგის სამიტზე მოლდოვა, საქართველო და უკრაინა პოზიტიურ გადაწყვეტილებებს არ უნდა ელოდნენ - ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ სამიტის რეზოლუციის პროექტის მოპოვების შემდეგ გაავრცელა. ამას მოჰყვა ევროკავშირ-უკრაინის კომისიის სხდომა, სადაც უკრაინას მინსკის შეთანხმებათა ზედმიწევნით შესრულება მოსთხოვეს, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს აპელირება შეთანხმებათა შეუსრულებლობაზე. როცა უკრაინელებმა გააპროტესტეს, ჩვენ რას გვერჩით, რუსეთს მოსთხოვეთ პასუხიო, ევროპელებმა ტუჩებზე თითი მიაფარეს - ჩუმად, რუსეთი არ გაღიზიანდესო. ნაცნობი სურათია, ჩვენ ეს გვინახავს.

რატომ ელოლიავება ევროპა რუსეთს, რომელიც ყველა ღირებულებითი განზომილებით უცხოა მისთვის?

ცივილიზაციისა და კულტურის ზოგადი თვალსაზრისით, რუსეთი ევროპის ნაწილია. მაგრამ საზოგადოებრივი განვითარების, სახელმწიფო მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პოლიტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით, რუსეთი გაცილებით შორსაა ევროპისგან, ვიდრე იაპონია ან ავსტრალია. სუვერენულ დემოკრატიად წოდებული ავტოკრატია, კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები, ნეპოტიზმი, ადამიანის თავისუფლების სრული იგნორირება, სახელმწიფო მონოპოლია და ოლიგარქიზმი თავისუფალი მეწარმეობის ნაცვლად, იმპერიალისტური მისწრაფებები - ასეთია თანამედროვე რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღირებულებები. ამას ადასტურებს არა მხოლოდ პუტინის რეჟიმის მმართველობის სტილი, არამედ ამ ღირებულებათა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, რაც მეტად სავალალოა. ევროპა კი რადიკალურად საპირისპირო ფასეულობებზე დგას.

რუსეთის დასაცავად მავანი იტყვის - განა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იდეალურადაა დაცული ადამიანის უფლებები? განა საბერძნეთში ან იტალიაში უკვირთ კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული? რასაკვირველია, არა, მაგრამ მთავარი აქ ის გახლავთ, რომ ევროპის ქვეყნებში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ანომალიად და ღირებულებათა შელახვად მიიჩნევს ასეთ გამოვლინებებს, რუსეთში კი ეს ცხოვრების წესია და ამაზე მეტყველებს პრაქტიკულად ყველა სოციალური გამოკითხვა. მარტო ის რად ღირს, რომ პუტინის რეიტინგი რეკორდულად გაიზარდა ყირიმის ანექსიის შემდეგ, ხოლო თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის საზოგადოების აგრესიამ ყველაზე შოვინისტთა მოლოდინსაც გადააჭარბა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ, მარტივი ლოგიკით, ევროპის ნაწილად უნდა ჩაითვალოს ქვეყანა, რომელსაც სურს, იყოს ევროპის ნაწილი. რუსეთში კი ეს კატეგორიულად არ სურთ, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობისთვის ევროპა ასოცირდება გარყვნილებასთან, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან, უსუსურობასთან, დეგრადაციასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია - ამგვარი დამოკიდებულება ევროპის მიმართ ისმის არა ზემოდან, რუსეთის მმართველი წრეებიდან, არამედ - ქვემოდან, კრემლის პროპაგანდით გამოთაყვანებული მოქალაქეებისგან.

მაშ რა ხდება? რატომ შეარჩინა ევროპამ ყველაფერი, რაც რუსეთმა ჩაიდინა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში? რატომ ხდება, რომ დათმობები ყოველთვის რუსეთის მიმართაა და - არასოდეს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ზარალდებიან კრემლის პოლიტიკის შედეგად?

ამ შეკითხვებზე ძალზე მარტივი პასუხი ასეთია: რუსეთი დიდი ქვეყანაა და, მასთან შედარებით, ვის რაში აინტერესებს უკრაინა, მოლდოვა ან საქართველო.

შედარებით სერიოზული, მაგრამ მაინც მარტივი პასუხი ომის საშიშროებას შეეხება. ევროპა ზოგადად უფრთხის ომს, მითუმეტეს - დიდ ომს, ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფაქტორია, მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული მიზეზი. ევროკავშირის შექმნის იდეას მთავარ საფუძვლად დაედო ევროპის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, რომელიც წამყვან პოზიციას დაიკავებდა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. თავისთავად, გერმანიას ან საფრანგეთს კონკურენტუნარიანი ეკონომიკები ჰქონდათ, მაგრამ მათი შესაძლებლობები, ცალკე აღებული, მაინც ზღვაში წვეთივით ჩანდა აშშ-ს, სწრაფად განვითარებადი ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანიის ქვეყნებთან შედარებით. უპირველესი ამოცანა იყო აშშ-ს ეკონომიკური ჰეგემონიის განეიტრალება. სწორედ ამ მიზნით, გერმანიის მეთაურობით, ერთიან სივრცეში გაერთიანდა მთელი ევროპული ეკონომიკა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს ევროკავშირისთვის ასეთ სახელწოდებასაც განიხილავდნენ - ევროპის შეერთებული შტატები.

მაგრამ ევროპამ ისიც მშვენივრად იცოდა, რომ აშშ-სთან კონკურენციისთვის ბუნებრივი რესურსები არ ეყოფოდა და ამის კომპენსირება შეუძლებელი იქნებოდა ჩრდილოეთ აფრიკის და არბული სამყაროს რესურსების ექსპლოატაციით. და აქ ამოტივტივდა რუსეთი. ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანა თუ დაემატებოდა ევროპულ ტექნოლოგიებს და ეკონომიკას, მართლაც შესაძლებელი იქნებოდა აშშ-სთვის პირველობის ჩამორთმევა. პრაგმატულმა ევროპელებმა, პირველ რიგში კი გერმანიამ, ეს გზა აირჩიეს. ეს არჩევანი აქტუალურია დღესაც და სწორედ ამიტომ ელოლიავება ევროპა რუსეთს და არ სწყალობს ისეთ ლიდერებს, რომლებიც საფრთხეს ხედავენ კრემლის მიერ სწორედ იმ ბუნებრივი რესურსების სტრატეგიულ-პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში.

ბერლინში და პარიზში თვალს ვერ უსწორებენ რეალობას, რომ გაზისა და სხვა ნედლეულის სანაცვლოდ გადახდილი ფულის უდიდეს ნაწილს მოსკოვი სამხედრო სტრუქტურის მოდერნიზებისთვის და გაძლიერებისთვის იყენებს; სხვა ნაწილით სამეზობლოში სეპარატისტულ მოძრაობებს აფინანსებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს თავისი სანუკვარი მიზნისკენ - ევროკავშირის ალტერნატიული სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნისკენ (ყოფილი სსრკ-ს და მისი სატელიტი ევროპული ქვეყნების ბაზაზე); ევროპული ფულის კიდევ ერთი ნაწილი მიმართულია პროპაგანდისტული და კიბერომების დასაფინანსებლად, რასაც ზედ ერთვის მსოფლიო ბიუროკრატიის ხელმრუდ წარმომადგენელთა მოსყიდვა. რუსული პროპაგანდა სერიოზულად მუშაობს ევროპისა და ამერიკის დაპირისპირებაზე და თავად ევროკავშირის დაშლაზე.

ყველაფერ ამაზე კი, როგორც ჩანს, ღირს თვალების დახუჭვა ევროკავშირის დიადი მიზნების სანაცვლოდ. ევროპული დედაქალაქების უმეტესობაში არ სურთ იმის დანახვა, რომ რუსულ რესურსებზე ევროპის დამოკიდებულება არაფრით უფრო დრამატული არ არის, ვიდრე თავად რუსეთის დამოკიდებულება ევროპულ ფულზე და ტექნოლოგიებზე; რომ კრემლი არც ისე საშიშია, როგორც თავხედი და დიდი ომის დაწყებით მუქარა იმ ქვეყნის მიერ, რომელმაც კოსმოსში გაშვებული გამარჯვების დროშა დაკარგა ხომალდთან ერთად, უფრო შანტაჟია, ვიდრე რეალობა; და უბრალოდ, უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთი არ არის ევროპა და არც არასოდეს იქნება, რადგან რუსების ზიზღი ევროპული ღირებულებებისადმი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ისლამისტი ტერორისტების ქმედებებისგან გამიჯვნის სურვილი, რაც კარგად გამოჩნდა „შარლი ებდოს“ მოვლენებისას საზოგადოების რეაქციით (რა გამოხატვის თავისუფლება? სადაა თავისუფლება? ეს სულ გეი ევროპელების მოგონილი სატყუარებია, თავისი გარყვნილების გასამართლებლად; ყოფილიყვნენ კაცურად და არც არავინ დახოცავდა - ასეთი შინაარსის იყო სოციალურ ქსელებში გაკეთებული პოსტების აბსოლუტური უმრავლესობა).

მაგრამ, დღევანდელ ევროპაში ასე არ მსჯელობენ და არც ასე მოფიქრალი ლიდერები არიან. მათ არ ჰყოფნით ნება, რომ ადგილი მიუჩინონ რუსეთს და მისი იმპერიული დიქტატისგან გაათავისუფლონ ის ქვეყნები, რომელთა თაობებიც უკვე ათწლეულებია მიისწრაფიან თავისუფლებისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ და მოწყალებასავით ელიან ბრიუსელიდან პოზიტიურ გზავნილებს. მაგრამ ეს გზავნილები იგვიანებს, უპირატესად - ბერლინის და პარიზის მიერ ანთებული „პრაგმატული“ წითელი შუქის გამო.

„თუკი ფოლკლორს გადავიკითხავთ, რუსებს ყოველთვის სურთ ყველაფერის მიღება ერთბაშად, მთლიანად და სწრაფად, ამასთან ისე, რომ არ იმუშაონ. რუსული ზღაპრები, სამწუხაროდ, არის კიდეც ეროვნული იდეა. ესაა მენტალიტეტი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სიმპატიას არ იწვევს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ელდარ რიაზანოვს, რუს რეჟისორს. ის ხედავს, შიგნიდან. გარედან კი დანხვა არ სურთ. ჰო და, რუსები თავის საქმეს აგრძელებენ - ყარაბახი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი - სცენარის შეცვლაზეც კი არ იწუხებენ თავს. ბერლინამდე ჯერ შორია, მაგრამ ვინ დადებს თავს, რომ რუსებისთვის „მისაღებ ყველაფერში“ არ შედის თუნდაც მისი აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მათი?

რუსეთი საფრთხეა - დღევანდელი საფრთხე მეზობლებისთვის, ხვალინდელი - ევროპისთვის. გამოსავალი, როგორც ყოველთვის, ისევ ჩვენშია. დღევანდელ ევროპას სწორედ რუსეთის მიერ დაჩაგრული მეზობლების ერთიანი შეძახილი სჭირდება გამოსაფხიზლებლად. რაოდენ გადაჭარბებულადაც არ უნდა მოეჩვენოს მავანს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მოვალეობაა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი ხმით, დაარწმუნონ ძველი ევროპა, რომ რუსეთი არა ლოკალური, არამედ გლობალური საფრთხეა და ამისთვის თვალის გასწორება ერთადერთი გზაა კატასტროფის თავიდან ასარიდებლად. ბერლინის, პარიზისა და ბრიუსელის დასარწმუნებლად უნისონში მუშაობაა აუცილებელი, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად, და არა - ამ ქვეყნებში რუსეთის აგრესიით შექმნილი პრობლემების გამიჯვნა. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ყველა პოსტსაბჭოურ კონფლიქტს ერთი ანატომია აქვს, ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ მიზანს ემსახურება; რომ რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინის ცალკეულ შემთხვევებში არღვევს საერთაშორისო სამართალს, არამედ ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და ასეა ისტორიულად.

ამ ქვეყნების ერთიანი პოზიცია არის იარაღი, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია რუსეთს, რადგან ეს ერთიანი ხმა აუცილებლად გამოაფხიზლებს ევროპას და უკვე არა მხოლოდ პრაგმატულ-ეკონომიკური, არამედ იდეალისტურ-ღირებულებითი კუთხითაც დააფიქრებს საკუთარ მომავალზე.

ევროპას რომ გამოფხიზლება სჭირდება, ეს კარგად გამოჩნდა აშშ-ს გადაწყვეტილებაშიც, რომელიც რუსეთში აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა გაახმოვანა. აქამდე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოწესრიგება ევროპას ჰქონდა მინდობილი, ერთი კვირის წინათ კი, აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს ე.წ. ნორმანდიულ ფორმატში, რომელშიც აქამდე გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა შედიოდნენ.

 

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს