რა უჭირავს ივანიშვილს ხელში?
02 მაისი, 2015
1808
print

გიგი უგულავას ბლოგი

ციხის სამედიცინო ოთახში ცოტა ხნით ტელევიზორს ვუყურე. ჩემები მთავრობის გადადგომისთვის პარლამენტში 60 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. ეტყობა ნაციონალურ მოძრაობას, რომ პოკერს კარგად ფლობს. პოკერი ერთადერთი თამაშია, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხელში რა გიჭირავს და მაგიდაზე რა ამოდის. პოკერში ყველაფერი კარტების მიღმა თვალებით, ნერვებით და ინტუიციით წყდება. მაგრამ რეალპოლიტიკა მაინც არაა ბოლომდე პოკერი. იმისთვის, რომ ხალხი ივანიშვილს შეელიოს, ერთი მთავარი წინაპირობაა საჭირო - ივანიშვილი ისე უნდა "დაძველდეს", როგორც პრეზიდენტები შევარდნაძე და სააკაშვილი. დაძველებას კი სასმელის მსგავსად - დრო ჭირდება. ივანიშვილი ჯერ ახალია და ამ გაგებით მას თავი ჯერ არ ამოუწურავს. "დაძველება" არ ნიშნავს, რომ მაინცა და მაინც 7-დან 10 წლამდე უნდა მართავდე, რომ ხალხს ყელში ამოუხვიდე. ივანიშვილის დაძველების კოეფიციენტი არნახულად მაღალია. ამას, კლასიკური გაგებით, დაძველებასაც ვერ დაარქმევ. ეს უფრო ლპობის პროცესია. თევზის თავი ცალსახად უკვე დალპა, მაგრამ ტანი ჯერ ხელუხლებელია. ივანიშვილის მთავრობა ქრონიკულადაა დავადებული და მისი პოლიტიკური სიკვდილი გარდაუვალია. საკითხი მხოლოდ დგას - ეს ქრონიკული ავადმყოფობა ანთებითში როდის გადავა.

ამასთანავე, ივანიშვილს რევიტალიზაციისთვის ჯერ კიდევ დიდი რესურსი გააჩნია. როგორც ვთქვი, ის როგორც მმართველი ჯერ ახალია, თან აქვს ძალიან ბევრი ფული. პოლიტიკაში კი ფულს ის ხიბლი აქვს, რომ როცა მას გამოიყენებს, არავის გაახსენდება - გუშინ ის მას კვერცხივით აჯდა თუ არა. ფული საქართველოს პოლიტიკაში "მაკონდოს გულმავიწყობის სენივითაა". ოღონდ კი წამოვიდეს ფულის წვიმა და გუშინდელ, გუშინწინდელ გვალვას ივიწყებ. ასე იცის გაჭირვებამ. არაფერი არაა აქ ახალი. ჟან ჟაკ რუსო ამბობს, რომ "სახელმწიფოში არავინ უნდა იყოს ისეთი მდიდარი, რომ სხვები იყიდოს და არც არავინ უნდა იყოს ისეთი ღარიბი, რომ თავის თავი სხვას მიჰყიდოს". პირდაპირ დღევანდელ საქართველოზეა ნათქვამი. მოკლედ, ივანიშვილს რომ ჯერ რესურსი აქვს, იქიდან ჩანს - ჯერ არ არსებობს განცდა: ოღონდ ეგ არ იყოს და ყველაფერზე ვაწერ ხელს. ჯერ ყველა არ ერთიანდება მის წინააღმდეგ. ჯერ არაა ის სიტუაცია, როცა ხალხი ხმას არა იმდენად სხვას, არამედ მის წინააღმდეგ აძლევდეს. ხომ გვახსოვს - 2012 წლის 1 ოქტომბერს ბევრს საერთოდაც არ ეხატებოდა გულზე ივანიშვილი, მაგრამ მიშას წინააღმდეგ მისცეს ხმა. სიტუაცია - ოღონდ ბიძინა არა - ჯერ არ დამდგარა. მაგრამ მალე დადგება. მითუმეტეს, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს საამისოდ. ივანიშვილმა სტრატეგიულად დაუშვა პირველ რიგში თავისი თავისთვის საბედისწერო შეცდომა. ყველა დანარჩენი - ეს ტაქტიკური შეცდომებია. ამიტომ სანამ სტრატეგიულად არ გადახედავს თავის მიდგომას, ტაქტიკურ დონეზე ცვლილებას აზრი არ აქვს. მეტიც, ის მხოლოდ დააჩქარებს მის კრახს. მისი ეს შეცდომა, ჩემი აზრით, განპირობებული იყო შემდეგით: 1) არც ის და არც არავინ მის გარშემო 1 ოქტომერს არ ელოდა გამარჯვებას, 2) ის და მისი გარემოცვა აბსოლუტურად მოუმზადებლი იყო ქვეყნის სამართავად. როგორც ხალხში იტყოდნენ: შემთხვევით მოხვედრილი ხალხია.

გამარჯვება იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ამ შეუძლებლის შეძლების, განუხორციელებელი მისიის ხიბლიდან დღემდე ვერ გამოდიან და სავარაუდოდ მათი გემი ისე ჩაიძირება, რომ ფართოდ გახელილი მლოცველი თვალებით, გაშტერებეული სახეებით ვერც შეამჩნევენ. მოკლედ, ღმერთმა დიდი ხანი აცოცხლოს მორიგი კოლექტიური ბესელია, მაგრამ მისი უკანასკნელი სიტყვები პოლიტიკაში ისევ "9 წელი" იქნება. ავტობუსის ამ გაჩერების იქით მათთვის სიცარიელეა. ქვეყნის მართვისთვის რომ აბსოლუტურად მზად არ არის ივანიშვილი და მისი ხალხი, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. სწორედ ამის გამო, რამდენი ხანიც არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, ესენი მხოლოდ წარსულ 9 წელზე ისაუბრებენ. ივანიშვილი არჩევნებამდე მოსთქვამდა, რომ "ყველა ნიჭიერი ადამიანი მიშასთან არის და ამათით რა უნდა გააკეთოო". საქმე ის არის, რომ გამარჯვებიდან სამი წლის თავზე (ცნობილია ფაქტია - ხელისუფლებას ნიჭიერიც და გაიძვერაც ადვილად ეწეპება) ერთ ადამიანსაც ვერ დავასახელებთ, რომელიც ან პროფესიული ან მორალური ავტორიტეტი იყოს და ხელისუფლებას მიერთებოდეს. ამ საცოდაობის კვინტესენცია იყო, როცა კალაძე ინტელექტკლუბის წევრებს შეხვდა და მათ "გაქოცებას" ცდილობდა. სიმბოლურია და ოცნების ტრაგიზმის სრულად გამომხატველი: სწორედ კალაძე, რომელსაც ჭკუა წვერებში ჰგონია, უნდა შეხვედროდა მაინცა და მაინც რუსთავი 2-ის გადაცემის წევრებს და მაინცა და მაინც ინტელექტკლუბის წარმომადგენლებს. მორიგი საცოდაობა იყო, როცა ზაფხულში ძალდატანებით გამინისტრებულ მიშა გიორგაძეს, როგორც განახლების სიოს, მოიხსენიებდა თინა ხიდაშელი. ეს სიო საყდრისთან ერთად გაქრა. ამ მიმართულებით ყველაზე ახალი მცდელობა თვითონ ივანიშვილმა განახორციელა, როცა ორგანიზაცია 20/30-მა ხელი დაასხა "ანალიტიკოსებს". არის ამაში რაღაც ქრისტესმიერი. გამოარჩია, გაწვრთნა და დამოძღვრა - წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი ეთერნი. ეს ხალხიც მოკრძალებული ენთუზიაზმით დაიარება ეთერიდან ეთერში და ქადაგებს ბიძინას ჯამახერეას. ეს "ანალიტიკოსებიც" სულ ცოტა ხანში "9 წლის მოწმეებად" გადაიქცევიან. მოკლედ, ამ მხრივ საქმე ოცნებას უბადრუკად მძიმედ აქვს.

ივანიშვილს რომ სდომოდა, ხალხს როგორც "თავისუფლების მომტანი" დამახსოვრებოდა, არ უნდა შეექმნა თავისი პარტია - კოალიციის შიგნით პარტიები უნდა გაეძლიერებინა. ერთწლიანი ორთქლის გამოშვების შემდეგ, გამაერთიანებლისა და შემრიგებლის როლი უნდა მოერგო, ზავი უნდა შეეთავაზებინა მოწინააღმდეგისთვის, რითიც მის სრულ დეზორიენტაციას მოახდენდა და სულ მცირე ორ ჰომოგენურ ნაწილად დაშლიდა ნაციონალურ მოძრაობას. (ვის ვის და მე ხომ მომეხსენება ეს თემები:) ). არ უნდა დაედო ფსონი მკვეთრად რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე. ძალოვნებზე მხოლოდ იმდენად შეენარჩუნებინა გავლენა, რაც მის პირად უსაფრთხოებას დასჭირდებოდა. ასეთ ვითარებაში არ იქნებოდა მკვეთრად გამოკვეთილი მისდამი ანტაგონისტური ძალა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ კი მას ავნოს. საერთოდ, ჭკვიანი კაცი ყოველთვის ცდილობს, არ შეიქმნას ისეთი მტრები, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი. (არამარტო ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ივანიშვილი სრულიად უგუნურად მოექცა ალასანიასაც. ასეთი ფორმით გაგდება, ცხადია, მისი რეიტინგის დაცემას ისახავდა მიზნად. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ამით ალასანია არ დაზარალებულა). სწორი მოქმედების შემთხვევაში ივანიშვილი "მოახერხებდა" გამხდარიყო სამოქალაქო პატრიარქი. რა არის, როგორც მოვლენა, დღეს პატრიარქი? პირი, რომელსაც ერთიანად პატივს სცემს ერთმანეთთან დაპირისპირებული ყველა ჯგუფი. სინამდვილეში რა ჰქნა ამ "ბრძენმა კაცმა"? ყველაზე დიდი ნაყარ-ნუყარისა და მედროვეებისგან შექმნა პარტია. თან ისე, რომ არ მოახდინა კოალიციის სხვა ჯუჯა პარტიების არც აბსორბაცია და არც მათი გაძლიერება. ეს პარტიები სულ მალე ისევ დამსხვრეული "ლახანკის" ამარა აღმოჩნდებიან. შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ დროის სუროგატი სისტემა - ერთი დომინანტი პარტიის მმართველობა, ოღონდ უაღრესად არაეფექტური და უნიათო. (ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე - გაუშვას ივანიშვილმა რომელიმე მისი ბანკის თანამშრომელი საკონტროლო, საიდუმლო შემოწმებაზე საქართველოს რაიონებში და აღმოაჩენს, რომ გამგეობები ორი საათის მერე უბრალოდ ცარიელია. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ). საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს და ცენტრალური მთავრობის ყველა შტოს ქართული ოცნება აკონტროლებს. "ნაციონალური მოძრაობის" და შემდეგ უკვე ალასანიას ზღვარგადასული პოლიტიკური დევნით კი ბოლომდე დაისამარა თავისი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ამ ქმედებით გამობრძმედა "ნაციონალური მოძრაობა" და ხელი შეუწყო მის ერთიანობას. მეტიც, დღეს ხშირად ამბობენ: რომ არა "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" მალე დაემხობოდა. სინამდვილეში კი პირიქითაა. "ქართულ ოცნებას" არაფერი არ მოუვიდოდა. იგივე დღეში იქნებოდა. სწორედ ივანიშვილის ასეთი პოლიტიკა უწყობს ხელს "ნაციონალური მოძრაობის" ექსკლუზიურობას. ის, რომ დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანია, ეს ივანიშვილის "ბრძნული" არჩევანია. მმართველობის სამი წლის თავზე მან ვერ მოახერხა პოლიტიკური დისკურსის შეცვლა. არ არსებობს შოუ სახელად ქართული პოლიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" ექსკლუზიური მონაწილეობის გარეშე. და, მთავარი შეცდომა, გამომდგარია ივანიშვილი და ღარიბაშვილის მთავრობის დაცვითა და "გაპრავებითაა" დაკავებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ამ მთავრობის მიმართ ვალი აქვს. არა და თითქოს პირიქით უნდა იყოს. ასე ფლანგავს "ბატონი ბიძინა" იმ ოქროს აქციებს, რაც რუდუნებით მოიპოვა 1 ოქტომბერს. მთავრობის ამბრაზურის როლში ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილის მთავრობის ჩანაცვლების ოპერაცია, რომელიც აუცილებლად დაჭირდება უახლოეს მომავალში, საერთოდ აზრს დაკარგავს. ეს მისი მთავრობაა. ის მართავს ამ მთავრობას და მისი სახლში გაშვება "ხალასტოი" გასროლა იქნება. გულწრფელად ვფიქრობ, რომ თუ მაინც უნდა ემართა, ივანიშვილი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში იქნებოდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. დღეს ქვეყანაც და თვითონაც გაცილებით ნაკლები პრობლემის წინაშე იდგებოდა.

ივანიშვილის წინააღმდეგ ასევე იმუშავა საერთაშორისო და რეგიონულმა კონიუნქტურამაც. მისი ცნობილი გამოთქმა სულ უფრო უკეთესი მომდევნო წლის შესახებ რეალურად იმ იმედს ეფუძნებოდა, რომ 2013 წლიდან, როცა სააკაშვილი ოფიციალურად დატოვებდა პოსტს და საქართველოს, სულ უფრო მძლავრად დაიძრებოდა რუსული კაპიტალი. ეს მოლოდინი რუსეთშიც არსებობდა. მე პირადად მქონდა რამდენიმე ბიზნესმენთან საუბარი და ეს მოლოდინი მათაც დამიდასტურეს. წელიწადში დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია რომ აეწია ივანიშვილს, ასეთ პირობებში ის თავის ფულსაც დახარჯავდა. საქართველოსთვის, რომელსაც საშუალოდ ყოველწლიურად ერთი მილიარდამდე პირდაპირი ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია, ეს დიდი შევსება იქნებოდა და ეკონომიკასაც დაეტყობოდა. ყველაფერი თავდაყირა უკრაინის მოვლენებმა დააყენა. რუსეთი ომში ჩაება და არა თუ საქართველოში ინვესტირება, რუსეთიდან ხდება კაპიტალის გადინება, ქვეყანა სანქციების ქვეშაა, ეკონომიკური რეცესიაა, ნავთობის ფასი დავარდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ივანიშვილის მოლოდინების საპირისპიროდ მოხდა. რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა, პირიქით, რეგიონის ქვეყნები ჩაითრია და ამ კუთხით მომდევნო წლებში სიტუაციის გამოსწორების შანსი ნულოვანია. გარდა ამისა, ივანიშვილის ჯოჯოხეთური სიზმარი აღმოჩნდა უკრაინის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება - საქართველოს ყოფილი მთავრობის და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნვა. უკრაინის შსს-ს, იუსტიციის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეები და ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის მთავრობის წევრები არიან. თავად სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობს. ჩვეულებრივი ქართველის წარმოდგენაში ეს ასე ითარგმნება: მიშამ ბიძინას უკრაინაში პარალელური მთავრობა შეუქმნა. განსაკუთრებით ღარიბაშვილის მთავრობის ტოტალური არაეფექტურობის ფონზე ეს ივანიშვილისთვის ნელად მოქმედი, მაგრამ მომაკვდინებელი დარტყმაა.

ჰიბრიდული და ამბივალენტური საგარეო პოლიტიკის გამო, ევროპის სკეპტიკოსები, დიდი ალბათობით, რიგის სამიტზე უარს ეტყვიან საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ივანიშვილის მთავრობის მდგომარეობას. სრულიად ცალსახაა, რომ ამ ჩავარდნაში ლომის წილი მთავრობას მიუძღვის, რადგან მოლდოვამ, რომელიც ჩვენს უკან იყო, შარშან მიიღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება. რაც მთავარია, ამის მიზეზად ცალსახად დასახელდება ქვეყნის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და არა ე.წ. "საშინაო დავალების" შესრულება ან შეუსრულებლობა (იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნაწილში ჩემი მოლოდინი მაინც არ გამართლდება).

ასეთ პირობებში ივანიშვილს ღარიბაშვილის მთავრობის გაშვება მაინც მოუწევს. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა წაუგებელი ქმედებაა. ცხადია, დღეს მთავრობის გადაყენების რესურსი მხოლოდ ივანიშვილს აქვს, მაგრამ მისი გადაყენება ამ ფონზე ოპოზიციის გამარჯვება იქნება. და თუ ივანიშვილი ჯიბრზე არ გადააყენებს მთავრობას, მთელი ნეგატივი მისკენ წავა. ეს მთავრობა კი ძალიან მალე უკიდურესად ტოქსიკური გახდება.

ამ ფონზე სრულიად არარაციონალურია „თავისუფალი დემოკრატების“ ქმედებები. მე მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით აღმოჩენა მათ არ სურთ. მაგრამ მათ მარტო ყოფნის რესურსიც ლიმიტირებული აქვთ. ხუთწლიანი პოლიტიკური საქმიანობის არც ერთ საკვანძო მომენტში ალასანია მარტო არ ყოფილა. პირველივე მიტინგზე, როცა ხალხმა მას უსტვინა, მიკროფონი საშველად "გრეჩიხას" მიაწოდა. ეს მომენტი კარმასავით დაყვება ალასანიას. 2010-ის არჩევნებზე ალასანია „რესპუბლიკელებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ალიანსში იყო. არჩევნების შემდეგ დაშალა ეს ალიანსი. მერე - რვიანში გაერთიანდა (საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ოპოზიციური გაერთიანება). შემდეგ აქედანაც გავიდა. შემდეგ იყო ივანიშვილი და „ოცნების“ ალიანსი, საიდანაც დაუმსახურებლად და უხეშად გამოაძევეს. ერთი სიტყვით, ალასანიას პოლიტიკაში მარტოს არ უარსებია და თუ უკან, ივანიშვილთან დაბრუნებაზე არ ოცნებობს, ის იძულებული იქნება, ოპოზიციაში პარტნიორები იპოვოს (არა აუცილებლობით ალიანსში შევიდეს). ალასანიას ტაქტიკა გასაგებია: მისი გათვლით, ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აქეთ - სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" იქით, დახოცავენ ერთმანეთს და ნანგრევებზე თვითონ დარჩება. ლიტერატურული რომანისთვის კარგი ფაბულაა, თუმცა რეალურ პოლიტიკაში - ძალიან დიდი გულუბყვილობა. მას მალე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და რაც უფრო დააგვიანებს, მანევრისთვის მით ნაკლები სივრცე დარჩება.

სრული გულუბრყვილობაა იმის მოლოდინი, რომ რიგგარეშე, თუ 2016 წლის რეგულარული არჩევნები, მშვიდობიანი იქნება. „ოცნებამ“ წინა ორ არჩევნებში, სადაც გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, ვერ გაუძლო კვერცხებისა და ქვების სროლის ცდუნებას. ახლა, როცა გარანტირებული არაფერი იქნება, მთავრობა ყველაფერზე წავა. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების მსგავსი იქნება. თანაც არა მხოლოდ წინასაარჩევო დაძაბულობით, არამედ შესაძლოა არჩევნების შემდგომი მოვლენებითაც. თუმცა, ალბათ, უფრო საინტერესო არჩევნებამდე სიტუაციის სავარაუდო განვითრების სცენარებია. ამ მხრივ, ცხადია, ივანიშვილზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

ივანიშვილი ღარიბაშვილით არჩევნებზე არ გავა. ამიტომ ბოლომდე მოხდება მისი ექსპლუტაცია და სავარაუდოდ, 2015 წლის შემოდგომაზე მთავრობას შეცვლის. შემდეგი პრემიერი იქნება ის პირი, ვინც ფორმალურად არჩევნებზე უნდა წარუძღვეს "ქართულ ოცნებას". ამავე პერიოდში მმართველი კოალიციიდან წამოვლენ ის ჯგუფები, ვისთანაც ერთად ივანიშვილი აღარ მოინდომებს მომავალ არჩევნებზე გასვლას. (ამიტომ პარლამენტს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად სულ რამდენიმე თვე აქვს. შემოდგომიდან ის აბსოლუტურად დისფუნქციური გახდება). „რესპუბლიკელები“ ბოლომდე შეეცდებიან ხელისუფლებაში ყოფნის სიკეთეების ექსპლუტაციას და თუ ივანიშვილმა ალასანიას გზას არ გაუყენა შემოდგომაზე, 2016 წლის გაზაფხულზე თავად წამოვლენ. თუ „ოცნებამ“ არჩევნები არსებითად არ გააყალბა, დღევანდელი სიტუაციიდან ნათლად იკვეთება, რომ ვერც ერთი პარტია ცალკე აღებული 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან "ქართულ ოცნებას", ცალსახად, პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ადგილი გარანტირებული გვაქვს და ცხადია, პირველისთვის ვიბრძოლებთ. „რესპუბლიკელები“ და ალასანია ცალსახად მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2016 წლის არჩევნებზე ბევრი სუბიექტი იქნება, ამიტომ ბევრი ხმა დაიკარგება. მაგალითად, "ივერია" ხმებს დასავლურ ძალებს წაართმევს, მაგრამ დიდი ალბათობით ბარიერს ვერ გადალახავს (ჩემი მათდამი მეგობრული კეთილგანწყობის მიუხედავად). ისევე, როგორც დღევანდელ მმართველ კოალიციაში მყოფი და არასაპარლამენტო პარტიებიდან ორი ან სამი სუბიექტი წარმოიშვება და ისინიც „ოცნებას“ და პროპუსულ პარტიებს გაუყოფენ ხმებს. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ოცნებას მოუწევს ან ძველ პარტნიორებთან (ალასანია-„რესპუბლიკელებთან“) ახალი პირობებით მოლაპარაკება, რაც ივანიშვილის ბუნებიდან და ზრახვებიდან გამომდინარე ძნელი წარმოსადგენია. ან ღიად რუსულ პარტიებთან (ბურჯანაძე - ინაშვილთან) გარიგება, რაც პირდაპირ "მაიდანს" ნიშნავს საქართველოში. მეორე ვარიანტია ის, რაც მოხდა მოლდოვაში. ანუ, პრორუსული სოციალისტური პარტია კი გავიდა პირველ ადგილზე, მაგრამ მთავრობა პროდასავლურმა კალიციამ დააკომპლექტა. ასეთი ვითარება ნიშნავს ერთის მხრივ, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ვერმოსვლას. როგორც მოლდოვაში: არათუ ვლად ფილატი (ყოფილი პრემიერ-მისტრი), არამედ იური ლიანკაც კი პრემიერი ვერ გახდნენ (ასევე ყოფილი პრემიერი იგივე პარტიიდან. ორივე მმართველი კოალიციის ყველაზე დიდი პარტიის ლიდერია, მაგრამ პრემიერობაზე კოალიციის პარტნიორებმა მხარი არ დაუჭირეს). გასაგებია, რომ ვისაც ქართული პოლიტიკის ტიტანების, სააკაშვილისა და ივანიშვილის, ჩამოშორება სურს, ეს ყველაზე სასურველი სცენარია, თუმცა, ჩემი ზრით, მისი ხდომილების ალბათობა დაბალია. ამას ორი ფაქტორის გამო ვფიქრობ: 1) ეკონომიკური უკუსვლა და ამით გამოწვეული ეროზია შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ სრულიად მოულოდნელად პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა გამოიწვიოს. ქუჩაში დაგდებულ ხელისუფლებას კი ის აიღებს, ვინც იმ მომენტში ქუჩაში ყველაზე ძლიერი იქნება. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ იქნება ეს. 2) უფრო არსებითი: ივანიშვილი ძალაუფლებას ასე მარტივად არ დათმობს, რადგან ისედაც ამდენი ფობიებით შეპყრობილი ადამიანისთვის, ძალაუფლების დაკარგვა პირად უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ივანიშვილმა მთელი ამხელა ოპერაცია პირველ რიგში, მხოლოდ პირადი უსაფრთხოებისთვის წამოიწყო. მან სააკაშვილის წინააღმდეგ მაშინ დაიწყო მოქმედება, როცა ნახა - პატარკაციშვილის საფრთხე აღარ არსებობდა, ხოლო სააკაშვილის რეჟიმი, მისი გადმოსახედიდან, აღარ იყო მისი, ოჯახისა და ქონების უსაფრთხოების გარანტი. ახლა ის თავად უზრუნველყოფს პირად უსაფრთხოებას. ყველა ძალოვანი სტრუქტურისა და ქვესტრუქტურის ხელმძღვანელად სწორედ ამიტომ დანიშნა პირადი დაცვის წევრები. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოექცა ივანიშვილი ოპონენტებსა და პარტნიორებს (მაგალითად ალასანიას), ის უსაფრთხოების გარანტიას არავისგან ირწმუნებს. ამიტომ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ივანიშვილისა და უმრავლესობის რიტორკიაში სულ უფრო მძლავრად იკვეთება, რომ ყველაფერი მედიის, კერძოდ რუსთავი 2-ს და „ნაციონალურ მოძრაობის“ ბრალია. სამარჩიელოდ მხოლოდ ისღა დაგვრჩა, როდის დაშლის ივანიშვილი რუსთაველზე მიტინგს და როდის შევარდება რუსთავი 2-ში. თუმცა, სავარაუდოდ, 7 ნოემბერს ივანიშვილი არ გაიმეორებს. ის უფრო ჰიბრიდულ მეთოდს მიმართავს. რუსთაველის ნაცვლად ვიხილავთ ზუგდიდის მსგავს ბევრ პატარ-პატარა "პოგრომებს", სადაც "ნაციონალები თავის თავს თვითონ დაესხმებიან", ხოლო რუსთავი 2 ვალად, ალბათ, ნინო გვენეტაძეს, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, აწევს მხრებზე. თუმცა, ჰერპესის გამწვავების პარალელურად, ბრუტალური "საბოლოო გადაწყვეტაც" კი შესაძლოა ვიხილოთ. ამას ეკონომიკური ფაქტორები და რუსეთის სულ უფრო მძლავრი გავლენა რომ დავამატოთ, სურათი კიდევ უფრო პესიმისტური გახდება.

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, სიტუაციის ასეთი განვითერება თავიდან აიცილოს. თუ მას სურს, რომ რეჟიმი თავზე არ დაემხოს, ამისთვის პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ესა თუ ის რეჟიმი გაცილებით ფართო ცნებაა და მის ფარგლებში შესაძლოა სხვადასხვა დროს განსხვავებული პოლიტიკა აწარმოო (თუმცა, დიამეტრალურად განსხვავებული ცხადია არ გამოვა). სამი წელი გავიდა და პოლიტიკის შეცვლის საჭიროება სრულიად ნათელია. სხვა შემთხვევაში დაემხობა ივანიშვილის რეჟიმი, რაც ყველაზე მტკივნეული თავად მისთვის იქნება. მთავრობის შეცვლა ახალი სტარტისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამისათვის:

• უნდა შეწყვიტოს სიძულვილის გაღვივება და დაფინასება (ისეთი ჯგუფების როგორიცაა თავისუფალი თაობა, პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ.).

• სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა დაანახოს საზგადოებას, რომ არ იქნება შემწყნარებელი ასეთი ქმედებების მიმართ. იყოს მკაცრი და შეუვალი ყველა მოძალადე არაფორმალური ჯგუფის მიმართ.

• ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან ურთიერთობის გადატვირთვა.

• ფართო ეკონომიკური ამინისტიის გამოცხადება

• საარჩევნო სისტემის ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად რეფორმირება.

ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სუბიექტებმა მთავრობასა და საზოგადოებასთან ერთად მომავლისკენ აიღონ გეზი. დღეს, ისედაც პარალიზებული ეკონომიკა, პოლიტიკის მძევალია. პოლიტიკური ტემპერატურის დასტაბილურებით, ეკონომიკას ძალიან დიდი მარწუხი და შოკის ფაქტორი მოეხსნება.

როგორც აღვნიშნე, სიტუაციის ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ივანიშვილი არავის არასდროს არ ენდობოდა და არც ახლა ენდობა. ვინმეს ნდობა თავისთავად რისკია, რომლის უნარი მას არ აქვს. ამიტომ უკეთესის იმედით ვემზადოთ უარესისთვის.

P.S. როცა ნაწერს თვალი გადავავლე, დავაფიქსირე - ისე მიწერია, თითქოს ზეპირი ლაპარაკი გადმომეტანოს ფურცელზე. ასე აშკარად არ წერენ. ასე მხოლოდ საუბრობენ. თავიდან ვიფიქრე, შემეცვალა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე დავწერე - რადგან ლაპარაკი მომენატრა. ასე რომ, იყოს, როგორც არის. გამგები გაიგებს და დამჯერი დაიჯერებს.

რა კარგია უტელევიზოროდ ცხოვრება:)!

დროებით.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი