ეჭვები მინისტრის გადადგომის გამო
28 აპრილი, 2015
1316
print

თიკა გურული

ერთი კვირის წინათ ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის გადადგომას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდებობაზე უარის თქმა მოჰყვა. იმ მთავრობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა და ქართველმა კანონმდებლებმა ნდობა გამოუცხადეს, ეს უკვე მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამებობა დატოვა. ერთიც და პრემიერ-მინისტრი იძულებული იქნება, პარლამენტს ახალი კაბინეტი წარუდგინოს დასამტკიცებლად.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

"მოგახსენებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია," - აღნიშნულია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.

“მთავრობა საჭიროებს მუდმივად განახლებას. საჭირო არის განახლება, წინსვლა და მუდმივი მოძრაობა. ასე რომ, არაფერი სასკანდალო, მინდა გახაროთ თქვენ, არაფერი არ არის. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ძალიან კარგად არის. მე მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ყველას, მოსახლეობას ვუთხრა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება. ერთი მინისტრი წავა, მეორე დაინიშნება. ასე შეიძლება სხვა მინისტრიც წავიდეს, პრობლემა არ არის,” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომას.

არადა, ყველაფერი რომ არ არის კარგად, ამაზე ერთი კვირის ინტერვალით ორი მინისტრის გადადგომა მეტყველებს.

ფაქტია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების არგუმენტაცია - ოჯახური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურის მინისტრისას იმთავითვე ჰგავს - მან თანამდებობის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა. ვერც ერთს ჩაეძიები - ერთს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ მუხლი იცავს, მეორეს - ჯანმრთელობის მდგომარეობის არგათქმის.

თუმცა, მინისტრების ერთბაშად გადადგომას, ოფიციალური არგუმენტების გარდა, ეჭვებიც ახლავს. ერთ ასეთ ეჭვს ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში გამოთქვამს. მინისტრების გადადგომას ის კორუფციულ გარიგებებსა და ბიძინა ივანიშვილის ნებას უკავშირებს.

”ელგუჯა ხოკრიშვილი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის კლანის კორუფციული სქემის კიდევ ერთი რგოლია.... ხოკრიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრიც იყო, გარემოს დაცვის სამინისტროში კი, ის ბუღალტერიც გაიყოლა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დიდი თანხის კერძო ანგარიშებზე გადარიცხვის გამოა დაკავებული და - წყლის კომპანიის ხელმძღვანელი, ჯანყარაშვილის უახლოესი ძმაკაცი ცაბუტაშვილიც. სწორად წყლის კომპანია აერთიანებს ამ კორუფციულ სქემაში მთავრობაში დარჩენილ ღარიბაშვილის უკანასკნელ კადრს, სოფლის მეურნეობის მინისტრ დანელიასაც, რომელიც ღარიბაშვილთან ჯერ კიდევ შსს-ში მუშაობდა. იდეა ის იყო, რომ წყლის ყველა კომპანიის - თბილისის წყლის, საქართველოს წყლის და მელიორაციის გაერთიანება მომხდარიყო. როდესაც მიხვდნენ, რომ თბილისის წყალს მის მფობელს ვერანაირი ზეწოლით ვერ "აახევდნენ", მთლიანი სფეროს გაკონტროლებისთვის ძალები გაანაწილეს: საქართველოს წყალში ცაბუტაშვილის კაცი დატოვეს, თავად კი გარემოს დაცვის სამინისტროში ხოკრიშვილთან ერთად გადაიყვანეს წყლის რესურსებზე ლიცენზიების კონტროლისთვის; სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანელია გადაიყვანეს მელიორაციის სისტემის საკონტროლებლად; შექმნეს წყლის რესურსების სახელმწიფო კომისია, რომლის ხელმძღვანელიც თავად ღარიბაშვილი გახდა. თუნდაც მხოლოდ მელიორაციის "მიღწევებისადმი" მიძღვნილი გრძელი კლიპის თითო სატელევიზიო სარეკლამო ბლოკში გასვლის სიხშირეს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რა თანხები იხსნება ამ სფეროში. ამდენად, ბუნებრივი იქნება, რომ წყლის კომისიის თავმჯდომარის, წყაროს თავზე მჯდომი, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მთავრობის მოღვაწეობას ამ სქემის ბოლო მინისტრის, დანელიას წასვლა დაასრულებს, რომელსაც, ალბათ, გაახსენდება, რომ სახლში უთო დარჩა ჩართული და სამინისტროს მოადგილეს, უჩა მამაცაშვილის დის ქმარს დაუტოვებს. და შესრულდება ჩვენი პირობა - უნიათოთა მთავრობა შეწყვეტს არსებობას,” - წერს გივი თარგამაძე.

ინფრასტრუქტურის თავკაცობაში შავლიაშვილი სწორედ ხოკრიშვილს ჩაენაცვლა და ეს გარკვეული ეჭვების საუძველს ნამდვილად ბადებს, მით უმეტეს, თუ საქართველოს წყალმომარაგების სისტემის ყოფილ მთავარ ბუღალტერს, 2,5 მილიონის გაფლანგვაში დადანაშაულებულ თამარ ფხოველიშვილს გავიხსენებთ.

თავის დროზე, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ ”მთავრობის მხრიდან ხდება ფაქტების, როგორც ერთეული იზოლირებული შემთხვევების, წარმოჩენა და ცალკეული პიროვნებებზე გადაბრალება. რეალობა სულ სხვაა. საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ სისტემასთან და სქემასთან. წყლის ინდუსტრიის შემთხვევაში მოვლენები შემდეგ ნაირად ვითარდებოდა:

2014 წლის 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე, სამთავრობო გადაწყვეტილებით ნომერი 178, შეიქმნა სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭო. საბჭო საქართველოში ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და მისი თავჯდომარე პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, მოადგილე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (ჯერ დავით ნარმანია და შემდგომ დავით შავლიაშვილი), ხოლო შემადგენლობაში, სხვადადსხვა სამინისტროების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (სგწკ) დირექტორი - ჯერ არჩილ ცაბუტაშვილი, ამჟამად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, და შემდეგ - ვლადიმერ ლაზარიშვილი, 2012-14 წლებში შსს საპატრულო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე შედიან.

ცნობილია, რომ წყლის ინდუსტრია ღარიბაშილ-თამაზაშვილის ინტერესთა სფეროში შედიოდა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია, ისევე, როგორც არჩილ ცაბუტაშვილი. ამავე კლანის გავლენის სფეროში შედიოდა შპს სგწკ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების დასასაქმებლად იყო გამოყენებული. 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე სგწკ-ს შტატი 150 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ამჟამად კი 320 ერთეულია. სგწკ-ში დასასაქმებლად გამოცდილება, უნარი და პროფესიონალიზმი არ არის საჭირო, ამისათვის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მეუღლის ნუნუს ახლობლობა სავსებით საკმარისია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის შესყიდვების სამსახურის უფროსი ღარიბაშილის ნათელ-მირონი ჯაბა შაგულაშვილია.

2014 წელს „გაერთიანებულ წყალმომარაგების“ ფუნქციის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკორდინაციო საბჭოს შექმნა პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. ფაქტობრივად, საბჭოს დახმარებით, „გაერთიანებული წყალმომარაგება“ ახდენს სფეროსა და ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების მონოპოლიზაციას....

2013-2014 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდა ტენდერები, რომლებიც სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ სურათი დაახლოებით ერთი და იგივეა -დახარჯულია მილიონები, თუმცა რეალურად სასმელი წყლის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.

შესაბამისად, მთავრობის მცდელობა თამარ ფხოველიშვილს გადააბრალოს ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა არ შეესაბამება სინადვილეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს... ბოლომდე გამოძიებას და ყველა შესაძლო დამნაშავის, მათ შორის ზემოთ აღნიშნული „ქართული ოცნების“ მთავრობისა და პარტიულ ახლანდელ და ყოფილი მაღალჩინოსნების, გამოვლენას და დასჯას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფავორიტების ერთი ჯგუფის კორუფციული სქემის მეორე ჯგუფით ჩანაცვლებას, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის არაფერს არ შეცვლის,“ - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში, აწ უკვე ყოფილ მინისტრ ხოკრიკიშვილის შესახებ პოზიცია არაერთგვაროვანია. მაგალითად, ყოფილ ჟურნალისტ, ამჟამად პარლამენტარ ანი მიროტაძეს საეჭვოდ მიაჩნია მინისტრის პოსტიდან გადადგომის ოჯახური მდგომარეობით ახსნის არგუმენტი. მისი ვერსიით, ის (ხოკრიშვილი) ვერ ასრულებდა ჯეროვნად მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

სულ სხვა ეჭვებზე ცდილობს პასუხის გაცემას ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი. როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ხოკრიშვილის სახით, საქმე გვაქვს ძალიან კვალიფიციურ და დამოუკიდებელ ადამიანთან და მისი რომელიმე ფიგურასთან მიბმა, კორექტული არ არის.

“კოალიციის პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის საკითხზეც იყო საუბარი. ეს ის შემთხვევაა, რაც ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში წერია. მას აქვს სურვილი, რომ იყოს ოჯახთან ერთად, რომელიც ბერლინში იმყოფება. ელგუჯა ხოკრიშვილი მთავრობაში არავის კადრი არ იყო და მისი თანამდებობიდან წასვლა რაიმე ტიპის კრიტიკულ გადაჯგუფებასთან კავშირში არ არის,” – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

 

tika guruli
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება