ვუსმენთ პრეზიდენტს?!-აც
28 აპრილი, 2015
1002
print

 გიგი უგულავას ბლოგი

ვუსმინე პრეზიდენტ მარგველაშვილს. შარშანდელ გამოსვლასთან შედარებით პროგრესი შეიმჩნევა. მართალია კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მიდის. შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში ერთი რამ იყო აღსანიშნავი. მას ერთხელაც არ უხსენებია ტერმინი "სამართლიანობის აღდგენა". არადა უმრავლესობა მხოლოდ ამ ტერმინით ოპერირებს. მარგველაშვილი ფილოსოფოსია და ესმის, რომ ტერმინების ჩანაცვლებით იწყება ყველა უბედურება. ივანიშვილმა ტერმინი "კანონის უზენაესობა" "სამართლიანობის აღდგენით", ანუ პოლიტიკური შურისძიებით, ჩაანაცვლა. მარგველაშვილმა მისი არხსენებით და პროკურატურის, როგორც ამ პროცესის ინსტრუმენტის, კრიტიკით გაუბედავად, მაგრამ თქვა - ეს არის სიძულვილის გაღვივების და სახელმწიფოს დეგრადაციის გზა. გაისად, ალბათ, პირდაპირ იტყვის.

იმაზე მნიშვნელოვანი - რა არ თქვა, ცხადია, არის თუ რა თქვა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - როგორ იქნა გაგებული. რუსულმა მედიამ მარგველაშვილის გამოსვლის საერთაშორისო პასაჟს რუსეთთან საბოლოო განქორწინება უწოდა. "პრეზიდენტი მარგველაშვილი რუსეთის ოპოზიციაში გადავიდა" - გაზეთი "კომერსანტი" (1 აპრილის ნომერი). რუსმა დეპუტატებმა კი საერთოდ ფანტაზიას უხმეს - მარგველაშვილი ამერიკელმა დიპლომატებმა და სპეცსამსახურებმა დაამუშავეს. ასეთი განცხადებებიც კი გაკეთდა. არადა, მიმართვის საერთაშორისო ნაწილმა ადგილობრივ მედიაში მორიგი იავნანასავით ჩაიარა და მასზე ყურადღება პრაქტიკულად არავის გაუმახვილებია. დამაინც, როდის იყო მარგველაშვილი რუსებზე ჯვარდაწერილი თუ არა, დანიშნული მაინც? რუსული მედიის პათოსი ნაწილობრივ გასაგებია. 2012 წლის არჩევნების წინ, როცა მარგველაშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ექსპერტი იყო, ამბობდა: "ივანიშვილი არის რუსეთის ერთგვარი "რბილი ძალა" საქართველოში და მისი გამარჯვება საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას ააცილებს." პრინციპში, ეს ნარატავი მაშინ არ იყო ორიგინალური. დღეს გავრცელებული ჰილარი კლინტონის პირადი იმეილ-მომოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ასეთ საერთაშორისო პოზიციონირებას ცდილობდა. იმ დათქმით, რომ ამერიკელებს პირდაპირ არ ეუბნებოდა ფრაზას "რუსეთის რბილი ძალა". ობამას ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში ეს ასე ითარგნებოდა - სააკაშვილის გამარჯვებით პოლიტიკურ კაპიტალიზაციას რესპუბლიკელები მოახდენენ, რაც რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს და ხელს შეუშლის გადატვირთვის პოლიტიკას. ან უფრო "ვირეშმაკული" - სააკაშვილი ომს წამოიწყებს, რომ რესპუბლიკელებს გაამარჯვებინოს და ჩრდილი მიაყენოს დემოკრატების რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას. ამ ნარატივში მთავარი, სტრატეგიული სიბრიყვე და მავნებლობა ის იყო, რომ ჩვენ პარტნიორებს ჩვენვე ვარწმუნებდით - რუსეთთან პრობლემა პერსონალური და არა სტრატეგიული ხასიათისაა.

მარგველაშვილის დღევანდელი დაღვინება აშკარად მისასალმებელია. რუსებმა ასევე ძალზედ იწყინეს აბაშიძე-კარასინის "ჭუკჭუკის" კრიტიკა და რუსული პროპაგანდისტული და პოლიტიკური ჯგუფების (ანუ ნამდვილი რუსული "რბილი ძალის") ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება. ალასანიას გადადგომამდე შედარებით გაუბედავად, ხოლო შემდეგ უფრო რიხიანად რუსულ "რბილ ძალაზე", დაფინასებასა და ჯაშუშების ძალოვან უწყებებში ინფილტრაციაზე "თავისუფალი დემოკრატებიც" ალაპარაკდნენ. "ნაციონალურ მოძრაობაზე" აღარაფერს ვიტყვი. ჩვენ ამ პრობლემაზე იმდენად ბევრი ვისაუბრეთ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში ყოფნისას, რომ ზოგიერთებისთვის შესაძლოა დამაჯერებლობა დავკარგეთ. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: მგელი, მგელი მოდისო - იმდენჯერ ითქვა, რომ მართლა როცა მოვიდა მგელი - აღარავის სჯეროდა. არადა მგელი მართლა მოდის. მე შევეცდები საერთაშორისო პრესის ღია წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის მეზობელი და ევროპის ქვეყნებში ამოქმედებული "რბილი ძალის" შესახებ მოგითხროთ. შემდეგ კი ლოგიკურად, ყოველგვარი კონსპირაციებისა და ჯაშუშური შემაშინებელი ისტორიების გარეშე, დავასკვნათ - თუ იმ ქვეყნებში აფათურებს რუსეთი ხელს, რატომ არ იზამს ამას "მისთვის საყვარელ და ერთმორწმუნე" საქართველოში?

დასავლური, სერიოზული გამოცემები, ერთმანეთის მიყოლებით უთმობენ თავიანთ ფურცლებს კრემლის მიერ ევროპაში "რბილი ძალის" გამოყენების თემას, რაც უფრო ტრივიალურად - რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების დაფინანსებაში გამოიხატება. ეს ორი უკიდურესად საპირისპირო მსოფლმხედველობა საოცარი მანქანებით რუსეთის მოყვარული აღმოჩნდა. ამის საუკეთესო მაგალითი საბერძნეთის დღევანდელი მთავრობაა. გამარჯვებული მმართველი კოალიცია "სირიზა", (სხვათა შორის, დაკვირვებულ თვალს ძალიან მოაგონებს კოალიცია "ქართულ ოცნებას") სწორედ უკიდურესი მემარცხენეებისა და მემარჯვენეების გაერთიანებაა. ესპანეთში პარტია "პოდემოსი", რომელიც შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერად ითვლება - ასევე ღიად პრო-რუსულ ძალად მიიჩნევა. საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე "ნაციონალური ფრონტი" ღიად "ეთაყვანება ბატონ პუტინს" (ეკონომისტი, 2015 თებერვალი, 14-20, კვირა). ამ პარტიამ "პირველი რუსულ-ჩეხური" ბანკისაგან 40 მილიონ ევრო გამოყოფილი კრედიტიდან 9 უკვე აითვისა. ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ბელგიის სამეფო, ფინეთი - ამ ქვეყნებიდან რადიკალური პარტიების დაფინანსებით რუსეთმა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების მდგომარეობით უკვე მოიპოვა ხმათა 25 პროცენტამდე. ცხადია, აქ საუბარია ისეთ საკითხებზე, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციებს, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობას და ზოგადად რუსეთის გავლენის სფეროებს ეხება. ყველა ხსენებული პარტია ე.წ. ანტიისტებლიშმენტური პარტიებია. მათი უმეტესობა ახალი შექმნილია და ევროსა და ხშირად ევროკავშირის წინააღმდეგია. ცხადია, ამ რესურსებს რუსეთი უმიზნოდ არ ფლანგავს. რაც უფრო დაქსაქსული იქნება ევროპა, მეტად მოცული შიდა პრობლემებით, მით ნაკლებად ექნება გაფართოვების სურვილი. პარტიების დაფინანსება კრემლის მხრიდან ბოლო წლების ნოუჰაუა. მანამდე ის ინდივიდუალურ პოლიტიკოსებში "აბანდებდა" ფულს. ამის ქრესტომატიული მაგალითი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერხარდ შროდერია, რომელიც თანამდებობიდან წასული არ იყო, მის მიერვე ლობირებული პროექტის დირექტორად გადავიდა რუსულ "გაზპრომში". ზოგადად, ევროპაში ქრთამით ბორიალი პუტინის გამოგონილი არაა და ის ჯერ კიდევ ეკატერინე მეორედან იღებს სათავეს.

გაცილებით კომპლექსურია რუსეთის მიდგომა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. ბალტიის რესპუბლიკებში პარტიების დაფინასების პარალელურად, რუსულენოვანი დიასპორების გაძლიარება, რუსული პროპაგანდისტული მედიის დაფინანსება მიმდინარეობს. აქ უფრო ხშირია დაზვერვის სამსახურების გამოყენება. ხშირად კონტრდაზვერვითი საქმიანობასაც კი აქვს ადგილი. რამდენიმე თვის წინ ესტონეთიდან რუსულმა სპეც. სამსახურებმა ადამიანი მოიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალზედ გააქტიურებულია რუსული დაზვერვა. თვე არ გავა, რომ ჯაშუშური სკანდალი არ მოხდეს ჩეხეთსა თუ პოლონეთში.

ძალზედ საინტერესოა რუსეთის "რბილ ძალის" ანატომია მოლდოვაში. ამ ქვეყანაში "რბილი ძალის" ყველა ინსტრუმენტი იყო გამოყენებული 2014 წლის ნოემბრის საპარლამენტო და 2015 წლის გაგაუზიის ავტონომიური ოლქის ბაშკანის არჩევნებზე.

"დოდონი და მისი სოციალისტური პარტია - ეს კრემლის წარმატების ნამდვილი ისტორიაა. წინა პარლამენტში სამკაციანი პარტიიდან ის ჩამოყალიბდა ნამდვილ ოპოზიციურ ძალად და ეს ყველაფერი ხაზგასმით რუსეთის დახმარებით მოხდა." ("ვლასტ 23 მარტი 2015). რუსი მომღერლებით დაწყებული, ამ პარტიის სასარგებლო აგიტაციაში პირადად პუტინი მონაწილეობდა. ის რამდენჯერმე საჯაროდ შეხვდა დოდონს. მან პირადად დოდონის გამარჯვებას დაუკავშირა მოლდოველი მიგრანტების პრობლემის მოგვარება. დოდონის საარჩევნო ყველა ატრიბუტიკაში პუტინი და ევრაზიის კავშირი ფიგურირებდა. შედეგად, სოციალისტური პარტია არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა. რომ არა არჩევნებამდე მარათონიდან მოხსნილი კიდევ ერთი პრორუსი ბიზნესმენის, რენატო უსატის პარტიის მოხსნა, დიდი ალბათობით, პრორუსული პარტიები უმრავლესობის მოგროვებას შეძლებდნენ. საბოლოოდ, პროდასავლურმა პარტიებმა შეძლეს უმცირესობის მთავრობის დაკომპლექტება, რაც ცხადია ნიშნავს რომ მთავრობა ძალიან სუსტია, ვერ შეძლებს აუცილებელი რეფორმების გატარებას და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაემხოს. პრაქტიკულად, დღეს მოლდოვას ტექნიკური მთავრობა ჰყავს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგები აქვს კრემლს გაგაუზიის ავტონომიაში, რომელიც ისედაც იმთავითვე პრორუსული რეგიონია. აქ ყველა კანდიდატი პრორუსობას სცდილობდა. იმდენად, რომ პროდასავლური პარტიის კანდიდატის დუდოლგოს ბილბორდზე ვლადიმერ ხომერიკს ნახავდით, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სპეც. წარმომადგენელი იყო 2012 წლის არჩევნებზე. (ეს ის ულვაშებიანი კაცია, ვისთანაც კუკავა, ძიძიგური და დავითაშვილი დაიარებოდნენ 2010-ში. ახლა მას ირმა ინაშვილთან აქვს კავშირი. ის აფინანსებდა ასევე ვლადიმერ ბედუკაძეს ციხის ცნობილი კადრების ოპერაციისას).

კრემლის მთავარი ფსონი გაგაუზიაში სოციალისტებზე დაიდო და სწორედ მისმა კანდიდატმა ვლახმა გაიმარჯვა. საინტერესოა ასევე, თუ როგორ განიხილავს კრემლი გაგაუზიის თემას. საქმე ისაა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი სულ უფრო ნაკლებად ასრულებს მოლდოვას რუსეთის საპირიპირო მიმართულების შემაკავებელი კაუჭის ფუნქციას. 2009 წლის მერე მოლდოვას მთავრობას სიტყვაც კი აღარ დაუძრია და აღარანაირი ინიციატივა არ ჰქონია დნესტრიპირეთთან დაკავშირებით. იქმნება შთაბეჭდილება - მოლდოვას პოლიტიკურ ელიტას ეს თემა უკვე გადახარშული აქვს. შესაბამისად, ეს თემა არც წინასაარჩევნო დაპირებებში პრევუალირებდა. ცხადია, რუსეთმა ეს შეამჩნია და ახლა უკვე ასეთი შემაკავებლის ფუნქცია გაგუზიას გამოუძებნა, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს უკანონოდ რეფერენდუმიც კი ჩაატარებინეს. რეფერენდუმის შედეგად, გაგაუზიამ ფაქტიობრივად, ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკაზე ვეტოს უფლება მოიპოვა. ამ რეფერენდუმს ოფიციალური კიშინოვი არ სცნობს, თუმცა გაგაუზიის ფართო ავტონომიის მადას ვერ უმკლავდება. ჩვენ რეალობაში რომ წარმოვიდგინოთ: თუ დნესტრისპირეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შევადარებთ, გაგაუზია ასლან აბაშიძის დროინდელ აჭარად ყალიბდება. ივანიშვილმა და მისმა პაჟმა, ასოცირების ხელშეკრულების ტორტზე ხელს რომ აწერდა და სააკაშვილს არც ახსენებდა, ერთი წუთით წარმოიდგინონ - დღეს აჭარაში ასლან აბაშიძე გვყოლოდა. რა ქვეყანა იქნებოდა საქართველო ცალკე საკითხია და, ალბათ, ცხადია რაც იქნებოდა. მას სწორედაც რომ ექნებოდა არაფორმალური ვეტოს უფლება საქართველოს საერთაშორიშო პოლიტიკაზე.

მოლდოვას საპარლამენტო და გაგაუზიის ადგილობრივი არჩევნები კრემლმა ერთი შაბლონით წარმართა. პრინციპში, მოლდოვა არ ყოფილა ამ კუთხით ორიგინალური შემთხვევა. ყველაფერი პუტინთან შეხვედრით იწყება. მოლდოვადან დოდონს შეხვდა საქართველოდან - ბურჯანაძეს. (მანამდე ნოღაიდელს) ორივეს რუსეთში მყოფი თანამოქალაქეების პრობლემის მოგვარებას, რუსული ბაზრის გახსნას და სხვა სიკეთეებს დაჰპირდა. ვინც პუტინამდე ვერ ქაჩავს, მათ ქვედა ეშელონები ხვდებიან. იმპერიის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, სუბორდინაცია აქაც დაცულია. გაგაუზიელ ვლახს - ნარიშკინი და მატვიენკო ხვდებიან (რუსეთის დუმისა და ფედერაციის საბჭოს სპიკერები). კუკავას, ძიძიგურს, დავითაშვილს - ჟირინოვსკი, სლუდსკი, მოდესტ კოლეროვი და ვლადიმერ ხომერიკი. მოლდოვასთვის პოდმოსკოვიეში ბიზნესმენი იაკუბოვი ჰყავთ, ჩვენთვის - ხუბუტია. ჩვენთან კობზონს და გაზმანოვს ვერ გამოიყენებენ, რადგან მათ უკვე აფხაზეთსა და ცხინვალში იმღერეს. სამაგიეროდ, გრეგორი ლეპსი უკვე გვყავდა და 2016 წელს, სანაძლეოს ვდებ, აუცილებლად კვლავ ვიხილავთ. საქართველოში იყო დრო, როცა პოლიტიკურ კამპანიაში რუსი მომღერლები "აღორძინებას" უმღერდნენ. შემდეგ "სისხლიანმა 9 წელმა" ეს ტრადიცია უდროოდ შეწყვიტა. დღეს საზოგადოებრივი აზრი ჯერ არაა მზად, თუმცა ღიად პრორუსულობა აღარაა ისეთი მარგინალური როგორც იყო. ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი ტექნიკის და დროის საკითხია. ამ მხრივ ივანიშვილის "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, უფრო ზუსტად კი საპირისპიროდ არაფერს აკეთებს. საქმე ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ დაიმკვიდრა მყარი პროდასავლური ღირებულებების პარტის იმიჯი. ამ იდენტობას კოალიციაში მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ფლობენ. მათი ეტაპობრივი გამოცლის შემდეგ, კვლავ მოლდოვას რომ დავუბრუნდეთ, საუკეთესო შემთხვევაში ივანიშვილი და"ქართული ოცნება" მოლდოვას კომუნისტურ პარტიას და მის ლიდერ ვორონინს დაემსგავსება ან პირდაპირ - დოდონის სოციალისტებს. (კომუნისტები მოლდოვაში კრემლის ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში დასავლეთისკენ გადაიხარნენ. ამ პარტიას ზოგადად ამბივალენტური საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვს. მასში ბევრი საბჭოთა ცეხავიკი, თოფაძე-ტყემალაძეა გაერთიანებული).

მოლდოვა შეგნებულად აღვწერე, რადგან ის მეტწილად ჩვენს მსგავს მდგომარეობაშია. ისიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა. დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით - მსგავსია. მასაც, ჩვენს მსგავსად, აქვს ოკუპირებული ტერიტორია და ეთნიკური ავტონომიები. უკრაინას განზრახ არ შევეხები, რადგან რუსეთი აქ პირდაპირ ბრუტალურ ძალას იყენებს, თუმცა ქვეყნის სამხრეთ- აღმოსავლეთით საომარი მდგომარეობის მეტ-ნაკლები დასტაბილურების შემდეგ, აქაც აქტიურად წავა კრემლის მხრიდან "რბილი ძალის" ყველა ნაირსახეობის გამოყენება. განსხვავებული ტაქტიკა აქვს კრემლს იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, სადაც დასავლური გაგებით ავტორიტარული რეჟიმებია. ეს გასაგებიცაა. კრემლი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში საზოგადოებრივ აზრზე არ მუშაობს, რადან აქ მთავრობებს საზოგადოებრივი აზრი თავად არ ადარდებთ. განსხვავებული სიტუაცია არის მხოლოდ აზერბაიჯანში. აქ რუსეთმა სცადა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეექმნა წინააღმდეგობა პრეზიდენტ ჰაიდარ ალიევისთვის. დაფუძნდა რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა და საზოგადო მოღვაწეთა ასოციაცია, სადაც კრემლმა ბევრ ცნობილ ეთნიკურ აზერბაიჯანელს მოუყარა თავი. იხილებოდა, რომ მათ საპრეზიდენტო კანდიდატიც ეყოლებოდათ, ხოლო არჩევნების შემდეგ -გაყალბების ლოზუნგით - არეულობა დაიწყებოდა. საქმე აქამდე აღარ მივიდა, რადგან ბაქომ თავიდანვე მკაცრი და რუსეთისთვის გასაგები, ბრუტალური, რეაქცია მისცა. კრემლის დასკვნა - აზერბაიჯანი მსხვილი ლუკმაა, იქ "დემოკრატიის ზემოთ აღწერილ სისუსტეებს" ვერ გამოიყენებ. აზებაიჯანის მოდრეკა საქართველოზე დომინანტური გავლენის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ჯერ საქართველოს უნდა მიეხედოს.

რუსეთის რბილ ძალაზე საუბარს პრეზიდენტი მარგველაშვილი შემდეგი ფრაზით ასრულებს: "ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია". აქ არ შევჩერდები იმაზე - არათუ კონსოლიდაციის მიმართულებით, დღეს ამ დღის წესრიგის საპირისპირო ნაბიჯები იდგმება ყველა საკვანძო მიმართულებით. დღევანდელი პოლიტიკა აგებულია შემდეგზე: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფრონტაცია რუსეთთან, საქართველო უნდა გაქრეს რუსეთ-დასავლეთის დღის წესრიგიდან, კრემლს ხარკი გადავუხადოთ ღარიბაშვილისა და აბაშიძის მსგავსი განცხადებებით. შევანელოთ ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციის ტემპები. თავდაცვითი შეიარაღების საკითხებში გავითვალისწინოთ რუსეთის პოზიცია. ხელი არ შევუშალოთ საქართველოში რუსეთის "რბილი ძალის" ინტერლოკატორებს. შევაჩეროთ რუსული სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ კონტრდაზვერვითი საქმიანობა. მარტივად, ჩვენ თავად დავისუსტოთ და გავაქროთ ჩვენი თავი, იმ იმედით რომ რუსეთი თავს არ დაგვესხმება. გვსურს საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რაც მავნებლური სიბრიყვეა. რუსეთს თავის დღის წესრიგი აქვს და ჩვენი თვითდაჩაჩანაკება სწორედ მისი დღის წესრიგით სიარულს ნიშნავს.

"დასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია" ლიბერალურ-დემოკრატიულ რეფორმებს და სამხედრო-უსაფრთხოებითი ინფრასტუქტურის განვითარებას ნიშნავს. ამ სიძულვილით და პოლიტიკური შურისძიებით გაჯერებული პოლიტიკური კლიმატით, უაზრო რეგულაციებისა და იზოლაციონიზმის მარწუხებში მოქცეული ეკონომიკის, არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიის პირობებში, "დასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია" ერთ რამეს ნიშნავს - არჩევნების გზით "თვითმკოდავი' ხელისუფლების" პროდასავლური დღის წესრიგის მქონე კოალიციით შეცვლას. იმედია, გაისად მაინც პრეზიდენტი ასეთი ცხადი არა მხოლოდ რუსული მედიისა და ისტებლიშმენტისთვის, არამედ საკუთარი საზოგადოებისთვის იქნება.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი