”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
24 აპრილი, 2015
1717
print

სოფიკო ჩხაიძე

თიკა ნიკოლაძე

 დენის ტარიფის გაზრდა-არგაზრდის ეფექტზე ”24 საათს” თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ლეჟავა ესაუბრება.

 - ელექტროენერგის ტარიფის მომატება ხომ აქამდეც იდგა დღის წესრიგში – 2014 წლის ზაფხულში “ენერგო პრო ჯორჯია” ამ საკითხს უკვე აყენებდა...

- კომპანიები ყოველთვის დააყენებენ ამ საკითხს, თუ ხედავენ, რომ ეკონომიკური საჭიროებაა, თვითონ კომპანიის ფინანსებიდან გამომდინარე, ან პოლიტიკური შესაძლებლობაა ამის.

 - ხელშეკრულებაც აძლევს მათ ამის უფლებას?

 - დიახ. უბრალოდ ახლა მდგომარეობა ისეთია, რომ ამის აუცილებლობა დგება, იმ თვალსაზრისით, რომ კომპანია უნდა იყოს მდგრადი.

ტარიფების გაზრის გარდუვალბა ამ მომენტისათვის გამოიწვია ორმა რამ: ჯერ ერთი, 2013 წლის დასაწყისში, როდესაც ტარიფები შემცირდა, ამ ტარიფებში აღმოიფხვრა ის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც კომპანიებს აქვთ ეკონომიკური და ფინანსური ცვლილების შემთხვევაში, რომ მიესადაგონ შეცვლილ ვითარებას. ტარიფის შემცირება მივიდა იქამდე, რომ მოქნილობის ნაცვლად, მათ გაუჩნდათ ფონანსური სიხისტე. და მეორე, არის ლარის დევალვაცია, რომელიც პირდაპირ ამ პრობლემის სიმწვავის მთავარი განმსაზღვრელია. რომ გადაიყვანო ცენტებში ის, რასაც ჩვენ ლარის ვარდნის შემდეგ ვიხდით ელექტროენერგიაში, გამოდის, რომ ჩვენ 30 პროცენტით ნაკლებს ვიხდით. 30 პროცენტიანტი მოგების მარჟა, ცხადია, მათ ტარიფში არ დევს. ანუ გამოდის, რომ, თუ ასე გააგრძელებს კომპანია, ის უნდა გაკოტრდეს. ამის კომპენსირება უნდა მოხდეს ტარიფის გაზრდით ან სუბსიდირებით.

 - დღეს პრემიერმა ცალსახად თქვა, რომ ტარიფი არ გაიზრდება.

 - ესე იგი, იქნება სუბსიდირება? - სხვა ”ჯადო” ამისათვის არ არსებობს. ან კომპანია კოტრდება, ან ხდება სუბსიდირება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ”ენერგო პროს” გარშემო რაღაც უცნაურობებიც ხდება - ცოტა ხნის წინ დაარიცხეს ძალიან დიდი დავალიანება. ასევე თითქმის ფორმალურად გაცხადდა, რომ ”ენერგო პრო” იყიდება და მფლობელი ეცვლება. არ იყო გაცხადებული, ვინ ყიდულობდა. თუ გინდა მფლობელებს უბიძგო, რომ გაყიდოს კომპანია, მას ცუდი პირობები უნდა შეუქმნა, ხომ? - არ გაზარდო ტარიფი, დაარიცხო დავალიანება... ეს ყველაფერი იმ აზრსაც მიჩენს, რომ ხომ არ არის ”ზეწოლა” მოლაპარაკებებეში. თუმცა, სულ არ უნდა დიდი ექსპერტობა, მიხვდე, რომ თუ მყარ ვალუტაში შემოსავლები 30 პროცენტით შემცირადა, კომპანია დიდ ხანს ვერ გაძლებს.

 - ერთადერთი გამოსავალი არის სუბსიდირება?

 - არა, ორი გამოსავალია: ან სუბსიდირება ან კომპანიის გაკოტრება.

 - რას მოუტანს საქართველოს სუბსიდირება და რას მოუტანს ”ენერგო პროს” გაკოტრება?

 - გაკოტრება მოიტანს იმას, რომ ”ენერგო პროს” ვიღაც უნდა ჩაენაცვლოს მართვაში. ჩვენ არ ვიცით, ვინ ქნება, სად წავა ამ კომპანიის ვალდებულებები და ჩვენ, ალბათ, ბევრი პრობლემა შეგვექმნება ელექტრომომარაგებაში.

რაც შეეხება სუბსიდირებას, ჩვენ ვიყავით ამ მდგომარეობაში და ვიცით, რაც მოხდება.

 - როდის ვიყავით ამ მდგომარეობაში?

 - სანამ ენერგოსისტემის რეფორმირება მოხდებოდა - შევარდნაძის დროს. ტარიფებიდან შემოსული თანხა ვერ უზრუნველყოფდა ფინანსურ მდგრადობას და რაღაც პერიოდი სუბსიდირებული იყო.

გამოვა ის, რომ ეს თანხა მაინც ჩვენი გადასახდელი იქნება, იმიტომ, რომ მთავრობას, გარდა ჩვენი გადასახადებიდან შესული თანხისა, სხვა ბიუჯეტი არ აქვს. ეს უსამართლო სისტემაა - რაც უფრო მეტს მოიხმარ, მეტ სუბსიდირებას იღებ და მეტს მოიხმარს ცხადია უფრო მდიდარი ადამიანი. გარდა ამისა, ეს ახალისებს ზედმეტ ენერგომოხმარებას.

საბოლოოდ, ცოტა უფრო გრძელი გზით, ნაკლები ვიზუალური კრიზისებით, მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ სიმყიფე გაიზრდება და ენერგოსისტემას შეექმნება პრობლემები. ენერგოსისტემის პრობლემები კი იქნება ჩვენი ყოფაცხოვრების პრობლემები. შევარდნაძის დროში დავბრუნდებით. რა დოზით და რა დროს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცხადია, იქ დავბრუნდებით. ამიტომ ახლა, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციაშიც მთავრობამ თავად ჩაიგდო თავი, ერთადერთი გამოსავალია პატიოსნად ტარიფების გაზრდა. ახლა, შესაძლოა, ან მომავალი მყიდველის ხათრით ან საკუთარი პოლიტიკური იმიჯის ხათრით, მთავრობამ გაწიროს ქართული ენერგეტიკის მდგრადობა.

 - ანუ ტარიფების არგაზრდა პოპულისტური ნაბიჯია?

 - ცხადია.

 - ახლა, როდესაც უკვე დაგეგმილია ბიუჯეტი, საიდან უნდა მოიტანოს მთავრობამ სუბსიდირების ხარჯები? რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ?

 - ამ კითხვას პასუხი არ აქვს. იმის გამო, რომ მთავრობამ თვითონ ჩაიგდო თავი ასეთ დღეში და ენერგოსისტემა ჩააგდო ამ დღეში, უნდა ეყოთ პატიოსნება და ვაჟკაცობა და გაზარდონ ტარიფები. სხვა გზა არ არის. თუ უნდათ, რომ ეს სისტემა არსებობდეს, რაღაც ელემენტი მდგრადობისა ჰქონდეს და რაღაც მოქნილობა ჰქონდეს.

 - თუ გადაწყდა სუბსიდირება და ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები, რა საშიშროება არსებობს მოსახლეობისთვის ამ შემთხვევაში?

 - ეს იქნება მზაკვრობა, იმიტომ, რომ დაუყოვნებლივი საფრთხის დანახვა შეუძლებელია, მაგრამ არის საფრთხე, რომ მომავალი ზამთარი იქნება ცივი და ბნელი.

ეკონომიკური თეორიის ჩამოყალიბება სიტუაცის აღწერისათვის საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ეს არ არის სიტუაცია, რომელიც ჩვენთვის უცხოა. ეს არის ის სიტუაცია, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ.

 

 

tika nikoladze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას