გიგი უგულავას ბლოგი
24 აპრილი, 2015
1075
print

"აღდგომები" მატროსოვზე

ჯორჯ მარტინის "სატახტოთა თამაშის" უკიდეგანო კითხვის შემდეგ, თომას მანს ვეპარები. ისე არაფერი უხდება ციხეს, როგორც სქელტანიანი ნაწარმოებები. სისქე, სიმძიმე და სიღრმე. თან, რაც მთავარია, მდარე ყოველდღიურობის საპირისპიროდ საკუთარ ეპოპეას ქმნი. მაგრამ, როგორც გითხარით, ჯორჯ მარტინიმ ცოტა დამღალა და სააღდგომოდ, ვიფიქრე, ცოტას გადავუხვევ, სანამ "ჯადოსნურ მთას" შეუდგებოდი, რამეს ჩავაფენ-მეთქი. თანაც, აქ ჩაფენა აღდგომის წესია. ვნების ხუთშაბათს მატროსოვზე ფურცელი დარიგდა, სადაც თეთრით შავზე იმ საკვების ჩამონათვალი ეწერა, რითიც ადმინისტარცია პატიმარს უფლებას აძლევს გაიხსნილოს, ანუ მოილხინოს. ხოდა მეც, ჩემი ყოველდღიური კვების რაციონიდან არსებითი გადახვევის დღეები დამიდგა. ხაჭოს, რძისა და არაჟნის ქილები სახლიდან გამოგზავნილმა გოჭმა, სტეიკმა, სულგუნმა და ინდაურმა ჩაანაცვლეს. ჩემს საკანშიც გაგორდა წითელი კვერცხი, თანაც არც მეტი, არც ნაკლები - მთელი 20 ცალი. მართალია, დღეში ორზე მეტს ვერ ვჭამ. ვიღებ ორივეს - მარჯვენა მარცხენას უკაკუნებს. ტრადიციისამებრ, ერთი ტყდება. შემდეგ მარცხენათი მარჯვენას ვუჩაქუჩებ. აქაც ტრადიცია არ ირღვევა. სავსებით სახარების კონტექსტში ვტრიალებ. როცა მოქმედებას ვიწყებ, არც მარჯვენამ იცის რას აკეთებს მარცხენა და - არც პირიქით. შედეგად ორი წითელი კვერცხი, ორი აგურივით, მე. ბადრაგების ლაპარაკს შევესწარი: მე ნაღდი თბილისელი ვარ - ეუბნება ერთი მეორეს. რატომ? ხოხობთან ერთად ჩამოვარდი თბილისში? - არა, აღდგომაზე თბილისში ვარ - ამაყად უპასუხა თბილისელმა. ამ დიალოგიდან მხოლოდ ერთი რამე გამოჩნდა - და ყველაზე ნაკლებად ამ ბადრაგის თბილისური ჰაბიტუსი. ისე "თბილისელობის" ასეთ მჭახე დეფინიციას აქამდე არსად გადავყრივარ. მართლაც, მწკრივდებიან "არათბილისელები" და მიდიან სოფლებში მშობლების საფლავების მოსანახულებლად, კვერცხის გასაგორებლად. ამიტომ აღდგომაზე მხოლოდ ის ხალხი იქნება თბილისში, ვისაც საფლავები აქ აქვს, ანუ ჭეშმარიტი თბილისელია. მაგრამ ამჯერად "თბილისელებზე" ნარმანიამ იზრუნოს. ყველაზე საშინელი ამ დიალოგიდან სხვა რამაა. აღდგომა, ჩვენში უპირატესად, მკვდართა დღესასწაულია. რამდენს ეცადა იესო: "მე ვარ ღმერთი ცოცხალთა ... აცადეთ მკვდართა დაფლად თვისთა მკვდართა". ვინ გისმინა! თუ მაინც სიკვდილზე? იყოს - ციხე სიკვდილთან ყველაზე ახლო ნავსაყუდელია. მოკლედ, "აღდგომები", როგორც ქალბატონი ექთანი ხუთღდიან, განვრცობილ დასვენებას მოიხსენიებს, გასტრონომიულ-ლიტერატურული ჩაფენებით გადავიარე.

ვნების ხუთშაბათი და მძიმე პარასკევი ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდ ცურვას" დავუთმე, ხოლო თავად ლიტანიობის ღამე მარიო ვარგას ლიოსას დეიდა ხულიასთან ჭიდაობაში გავატარე. ერთ რამეში დავრწმუნდი. შემთხვევით დამთხვეულ მოვლენებსაც, სურვილის შემთხვევაში, მშვენივრად დააკავშირებ და დააწყვილებ. როგორც აბობენ - თუ გული გულობს, ქადა ორი ხელითაც იჭმევა. ამ ორ ერთმანეთისგან, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელ ნაწარმოებს ბევრი რამ აღმოაჩნდა საერთო. ორივე ერთგვარი ავტორომანია. ორივე პარალელური თხრობითაა გადმოცემული. ორივეგან ცხოვრება არა როგორც ერთი განხორციელებული რეალობაა მოცემული, არამედ უამრავი სამყარო, რომელიც ერთმანეთში გადადის და გადმოდის. პედრო კამაჩოს რადიოდადგმებში, რომელიც ძალიან ჰგავს სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები", პერსონაჟები ირევიან, კვდებიან, მერე ცოცხლდებიან უეცრად. ხშირად ავტორს უბრალოდ გადაღლილობისგან ერევა სახელები და სხვადასხვა მოთხრობის პერსონაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან. მაგალითად, მღვდელი უცბად გინეკოლოგი ხდება, ხოლო გინეკოლოგი -კომივოიაჟერი. ეს უკანასკნელი კი ვირთხებმჟლეტი, რომელსაც ბოლოში შვილები თითქოს კლავენ, მაგრამ შემდეგ გაირკვევა, რომ სხვა მოთხრობაში პოლიციელად ამოყოფს თავს. ბოლოში ყველა ერთმანეთში ირევა და სამ სერიად დაყოფილ არმაგედონში კვდება. ზოგი სტადიონზე, ზოგიც ეკლესიაში ან სულაც ოკეანეში იხრჩობა. ჩარკვიანის "მშვიდ ცურვაშიც" არშემდგარი ტერორისტი, ავღანელი რუმი, მთელი წიგნი ბომბით მომართული ზის თვითმფრინავში და მის აფეთქებას აპირებს. პარალელურად კი, ირაკლი ჩარკვიანი ყვება თვითმფრინავის მოტაცების ისტორიას. გეგა კობახიძის დახვრეტის ამბავს. ირაკლი კოსტავას თვითმკვლელობის და სხვა ბავშვობის მეგობრების სიკვდილის ისტორიებს. ბოლოში კი მიდის გამეფებამდე, ანუ საკუთარ სიკვდილამდე. ამ ნაწარმოებს სიკვდილის, როგორც სიცოცხლის განუყოფელი ნაწილის სუნი ასდის. სიკვდილამდე, ანუ გასხივოსნებამდე ერთი წლით ადრეა დაწერილი. ავღანელ რუმიზე, დღეს, პირველ რიგში, "ჯერმან ვინგსის" მეორე პილოტი გახსენდება, რომელმაც ალპებში თვითმფრინავი მხოლოდ იმიტომ ჩამოაგდო, რომ ისტორიას დარჩენოდა მისი სახელი - ანაბეჭდი დაეტოვებინა. ვიკიპედიაში დარჩენილიყო, ისე რომ ბევრი ნახვა, თუნდაც წყევლა ჰქონოდა. რუმიც მხოლოდ ამაზე ფიქრობს. აქეთა ნაწილიც, ანუ "რეალური ცხოვრება", სიკვდილით აღწერილი ბიოგრაფიაა. ბოლოს წინა, სანამ საკუთარს აღწერდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაა მოთხრობილი. " "მოდი აქ" - დავპატიჟე პრეზენტაციაზე ზურა. არ მოვიდა. მეორე დილით შევიტყე დაღუპვის ამბავი. ძალიან განვიცადე." "არ მოვიდა აქ, წავიდა იქ"- ასე მუსიკალურად, მაგრამ შემზარავად ზურას სიკვდილი არავის აღუწერია. არადა, რამდენ სისულელეს ვისმენთ აგერ უკვე ათი წელია.

მოკლედ, ამ ორ ნაწარმოებს ერთი რამ აქვს საერთო. არსებობს ბევრი სამყარო. იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია ან სულ მცირე იმდენი, რამდენსაც წარმოიდგენ. იმას, რომელსაც დაუმსახურებლად ძირითადი სამყარო ჰქვია, სინამდვილეში ერთი რამის გამო აქვს უპირატესობა - მას აქვს სიკვდილზე მონოპოლია. თითქოს აქ ნამდვილად კვდებიან, სხვაგან კი ფიქციაა. აქციე სიკვდილი აქაც ფიქციად, ან უფრო სწორად, ყველგან "რეალურად" და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. დაახლოებით ისე, როგორც ამას ჩვენი ძვირფასი რელიგია შვება. მიღმური ცხოვრება თავისი სამოთხით და ჯოჯოხეთით, ქერუბიმთა და სერაფიმთა დასით ხომ ყველაზე მიმზიდველი სამყაროა. მხოლოდ ამ ფიქციამ მოახერხა სიკვდილი ყველაზე ახლო მიეყვანა, შეეყვანა თავის სამყაროში - მოერჯულებინა. სიკვდილის ფიქციად ქცევის შედევრალური მცდელობაა ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა. აღდგომის მისტერიით, ხომ, ქრისტემ სიკვდილი ფიქციად აქცია. სხვა სამყაროებში ტრანსპორტირებადი გახადა. ყველა შესაძლო სამყარო, რომელსაც შენ შექმნი - ის იქნება შენი და შენთვის უპირატესი. სადაც პედრო კამაჩოს გმირებივით მოკვდებიან და აღდგებიან პერსონაჟები. მას შემდეგ, "რეალურ" ცხოვრებაში მძაფრი სიუჟეტების მოყვარული ახალი ამბების ჟურნალისტი ახალ ამბებში მოყვება და შენც შენი ფიქცია, უკვე როგორც "ნამდვილი ამბავი", დაგიბრუნდება და აქტიურად განიხილავ შენს მეგობრებთან. როგორც მე, მაგალითად, ერთ რეისში ვიჯექი რუმის გვერდზე თვითმფინავში და მინდოდა, რომ აფეთქებულიყო, მეორეში - ვეძგერე და თვითმრინავი გადავარჩინე, მესამეში კი, მთელი გზა მეძინა და ისე განვსხივოსნდი ალპების ძირში, რომ არც არაფერი მიგვრძნია - დაილოცოს ვალიუმი. ამასთანავე, როგორც თბილისის მერმა 2006 წელს პეკინზე, რომელსაც მაშინ დავუბრუნე პეკინის სახელი (ნეტავ დიადი ჩინეთი თუ დამიფასებს), მეფის გასვენებაში სადარბაზოს ნათურა ჩემი ხელით გამოვცვალე (მაშინ ჯერ კიდევ ბნელოდა) და დასუფთავებას ნაგვის ურნები დავადგმევინე. მეფეებს ხომ ისეთი ხალხი აცილებს, ვინც ცხოვრებაში ყველაზე მეტ ნაგავს წარმოქმნის. ეს ის დასუფთავებაა, რომლის გამოც მე, 2015 წელს, საპატიმროში ვიმყოფები და ვცდილობ ჩემი წილი სიკვდილი ამ ათი კვადრატული ოთახიდან სხვა სამყაროში გადავიტანო. უბრალოდ, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ოდისევსივით მუდამ ამ სამყაროში გინდა დაბრუნება, სადაც სიკვდილი მეფობს. არა და კალიფსო უკვდავებას გვთავაზობს, მაგრამ დარჩენა არც იქ ღირს. ოდისევსის ისტორია პორუდჩიკ პრჟევსკის ანეკდოტივითაა. მუდამ ღირს მოგზაურობა დაბრუნების მიმართულებით. porudchik vi detei lubite? - detei net, a sam protsess! :)

დროებით. ამას ჰქვია აღდგომა ჟაკ დერიდას სტილში.

 

 

სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი