ეკონომია და ”ქამრების შემოჭერა” პრეზიდენტის ხარჯზე
22 აპრილი, 2015
902
print

თიკა ნიკოლაძე

 უკვე რამდენიმე დღეა მმართველი გუნდის წევრების მხრიდან პრეზიდენტისადმი მოწოდებები და რჩევები, დატოვოს ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლე და ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს სამუშაოდ, არ წყდება. უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტს რაციონალიზმისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ძვირი ჯდება. იმავეს ამბობს პრემიერ-მინისტრიც. „საქართველოში დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ ჩვენს თავს უფლება ნახევარ მილიარდიან სახლებში ვიცხოვროთ,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

“10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და არ გვაქვს ამის ფუფუნება," - ამბობს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

სამაგიეროდ, თუ გავითვალისწინებთ, რამდენს იმეტებს გაჭირვებული სახელმწიფოს მთავრობა საკუთარ კადრებზე, ჩანს, რომ ეკონომიის გაწევა და ”ქამრების შემოჭერა” მას მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯზე ჰქონდა გათვალისწინებული.

მაგალითად, პრემიერ-მინისტრის გაეროში ვიზიტი ბიუჯეტს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ პრემიერ- მინისტრმა და მისმა მეუღლემ თვიითმფრინავის პირველი კლასით - პრემიუმ ბილეთით იმგზავრეს და ექვსვარსკვლავიან სასტუმროს ”მანდარინ ორიენტალის” ლუქსნომერში გაჩერდნენ. "მანდარინ ორიენტალში” გადაიხადეს 175 ათას 651 ლარი, მგზავრობა - 100 ათას 3 ლარი, ტრანსპორტი - 147 ათასს 375 ლარი. ასევე ბიუჯეტიდანაა გადახდილი დამატებითი ხარჯები - 25 ათას 694 ლარი. მათ აღნიშნული თანხა მინიბარში დახარჯეს," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

გარდა ამისა, თუ ბიუჯეტის ხარჯვაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ გასულ წლებში მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები. მაგალითად, 2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი. სულ 8 864 169 ლარი.

გარდა ამისა, ახალი მთავრობის მიერ ავტოპარკინგის განახლების მიზნით დახარჯული თანხა მხოლოდ 2013 წელს ათეულობით მილიონია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკინგის განახლების მიზნით 6 444 450 ლარი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის დეპარტამენტების მიერ შესყიდული მანქანებისთვის გადახდილი თანხა. ამავე წელს, საქართველოს პროკურატურამ კომპანია "ჯი თი მოტორსისგან" 485 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა. 2013 წლის ივლისში ახალ მანქანებში ფული საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც დახარჯა. სამინისტრომ "იბერია ავტო ცენტრისგან" ორი ერთეული "შკოდა" შეიძინა, რაც, ჯამში, 82 ათასი ლარი დაჯდა. ავტოპარკინგის გასაახლებლად მთლიანობაში 1 მილიონ 841 040 ლარი დახარჯა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი 137 400 ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მივლინებებს, 'სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" კვლევის მიხედვით, 2013 წელს, რეინტეგრაციის სამინისტროში მივლინებების ხარჯმა 80 328.17 ლარი შეადგინა. ამავე წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ მივლინებებში 36 122.05 ლარი დახარჯა, ეკონომიკის სამინისტრომ 409 308. 57 ლარი, ენერგეტიკის სამინისტრომ 92 690 ლარი, იუსტიციის სამინისტრომ 355 220.31 ლარი, რეგიონული განვითარების სამინისტრომ 100 492.9 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 184 764.1 ლარი, სპორტის სამინისტრომ კი 162 606.14 ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტიდან რესტორნებში დახარჯულ თანხას კი, საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად, 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში ყველა სახელმწიფო უწყების სასტუმრო მომსახურებაზე დაახლოებით 10.6 მლნ ლარი, ხოლო სარესტორნო მომსახურებაზე დაახლოებით - 9.7 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან მარტივი გაანგარიშებით შეგვიძლია მივიღოთ, რომ ბიუჯეტიდან რესტორნებში ყოველკვირეულად საშუალოდ 100 ათას ლარამდე იხარჯება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ დასახელებულ თანხებს ჯერ კიდევ არ შემატებია 2015 წლის, ანუ მთავრობის მიერ გამოცხადებული ”ქამრების შემოჭერის” შემდეგ გაწეული ხარჯები, რომელსაც არც სახელფასო დანამატები გამოკლებია და არც პირადი ფუფუნებისთვის გადახდილი ფული.

 

tika nikoladze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი