კანის საყურადღებო ათეული
22 აპრილი, 2015
1203
print

თქვენ უკვე იცით, რომ პირველად კანის კინოფესტივალის ისტორიაში საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ერთდროულად ორი თავმჯდომარე ეყოლება - ითან და ჯოელ კოენები, ძმები, რომლებიც ყოველთვის ერთად მუშაობენ, ერთნაირად აზროვნებენ და გემოვნებაც იდენტური აქვთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ერთი ადამიანის საქმეს გააკეთებენ, დანარჩენ მისიას კი ჟიურის სხვა წევრები გადაინაწილებენ, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

წელს ჟიურის წევრები იქნებიან პედრო ალმოდოვარის მუზა, ესპანელი მსახიობი როზი დე პალმა, ფრანგი მსახიობი სოფი მარსო, ამერიკელი სიენა მილერი, მალელი კომპოზიტორი როკია ტრაორე, მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო, კანადელი რეჟისორი ქსავიე დოლანი და მსახიობი ჯეიკ გილენჰოლი. ფესტივალს პირველად გახსნის ქალი რეჟისორის ფილმი - ემანუელ ბერკოს დრამა „მაღლა აწეული თავით“, გამარჯვებულებს კი 24 მაისს დააჯილდოებენ.

ჟიურის შემადგენლობის გამოცხადების პარალელურად კრიტიკოსები მაყურებელს რეკომენდაციის სახით ფესტივალის პროგრამაში შესული ათი მნიშვნელოვანი ფილმის სიას სთავაზობენ, რომელსაც აქვე გაგაცნობთ.

ჯერჯერობით არაფერით ცნობილმა ავსტრალიელმა ჯასტინ კუნზელმა კანს „მაკბეტი“ შესთავაზა და საკონკურსო პროგრამაშიც მოიპოვა ადგილი. ფილმზე საუბრისას პირველ რიგში ჯერჯერობით მის სამსახიობო ანსამბლს ახსენებენ: მაკბეტს მაიკლ ფასბენდერი თამაშობს, ლედი მაკბეტს მარიონ კოტიარი. ამბობენ, რომ კუნზელმა ბუნებრიობას ბუნებრივი გზით მიაღწია: მასობრივი სცენები შოტლანდიაში, შოტლანდიელების მონაწილეობით გადაიღო, მსახიობები კი მანამდე არ დააყენა კამერის წინ, ვიდრე ნამდვილი წვერი არ გაეზარდათ. იმედია, ეს თავგანწირვა რეჟისორს დაუფასდება და მაყურებელი შექსპირის კიდევ ერთ კარგ ეკრანიზაციას მიიღებს.

რჩეულთა სიაში მოხვედრილი კიდევ ერთი საკონკურსო ფილმია ხოაკიმ ტრიერის „ბომბებზე ხმამაღლა“, რომლის ტიტრებშიც იზაბელ იუპერის, ჯესი ეიზენბერგის, გაბრიელ ბირნისა და ემი რაიანის გვარები იკითხება, მათი გმირები კი სხვა და სხვა პერსპექტივიდან დანახულ წარსულში დამალული სიმართლის ძიებას ცდილობენ. მატეო გარონეს „ზღაპრის ზღაპარი“ კი უკვე აღიარებულია საკონკურსო პროგრამის ყველაზე არანორმალურ ნამუშევრად. ფილმი მართლაც ზღაპარია, უფრო კი მე-17 საუკუნეში გავრცელებულ ზღაპრულ ლეგენდებს ეფუძნება. მოკლედ, სწორედ იმ ფილმთა კატეგორიაში გადის, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო მით უფრო, რომ საკმაოდ მდიდრულ სანახაობას წარმოადგენს.

სანახაობის მხრივ ნაკლი არც პაოლო სორენტინოს „ახალგაზრდობას“ უნდა ჰქონდეს, მთავარია სხვა მხრივაც ივარგოს. სკეპტიციზმის მიზეზი კი ნამდვილად არის - სორენტინო ისევ და ისევ ასაკობრივ კრიზისზე გვიყვება, ამბავს კი ბუნების, არქიტექტურისა და მათში განთავსებული ადამიანების მშვენიერებისა თუ მანკიერების აღწერით კრავს. ადამიანია გას ვან სენტის „ხეების ზღვის“ მთავარი თემაც, რომელსაც კრიტიკოსები საკმაოდ კარგ შეფასებას აძლევენ, მეიუ მაკონაჰის თამაშს კი განსაკუთრებით უსვამენ ხაზს.

ვუდი ალენი კი კვლავ თემაშია. მისი ბოლო ფილმი „ირაციონალური კაცი“ არასაკონკურსო ჩვენებაშია ჩართული. ფილმი ლექტორისა და სტუდენტის სასიყვარულო ურთიერთობაზეა. სტუდენტს ემა სტოუნი თამაშობს, ლექტორის როლში კი ხოაკინ ფენიქსი გვევლინება, რომელმაც ვუდი ალენთან პირველად იმუშავა. სექციაში „რეჟისორების ორკვირეული“ აჩვენებენ რიკ ფამუივას „ნარკოტიკს“, რომელშიც რამდენიმე თანამედროვე სუბკულტურის თანაცხოვრება საკმაოდ ირონიულად და გახსნილადაა გადმოცემული. პროგრამაში „კრიტიკის კვირეული“ კი ხაზს უსვამენ დებიუტანტ ელი ვაჟემანის „ანარქისტებს“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ადელ ექზარკოპულოსი თამაშობს. ხშირად ახსენებენ ასევე „რეჟისორთა ორკვირეულის“ პროგრამაში ჩართულ მიგელ გომეშის „ათას ერთ ღამეს“, რომელშიც შაჰერეზადას მიერ მოთხრობილი ამბები თანამედროვე პორტუგალიის საზოგადოებაში ვითარდება. ათეულს კი დოკუმენტური ფილმი „ემი“ ასრულებს - ძალიან კარგი „სენას“ (დოკუმენტური ფილმი აირტონ სენას შესახებ) რეჟოსორი აზიფ კაპადია ამჯერად ემი უაინჰაუზის ისტორიას გვიყვება და როგორც ამბობენ, იმაზე უკეთ, ვიდრე ეს სცენაზე გვინახავს.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან