„მარველის“ მეთერთმეტე
21 აპრილი, 2015
1181
print

 

„აირონმენი“, „წარმოუდგენელი ჰალკი“, „აირონმენი 2“, „თორი“, „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“, „შურისმაძიებლები“, „აირონმენი 3“, „თორი: ბნელი სამყარო“, „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ და „გალაქტიკის მცველები“ - ეს იმ ათი ფილმის ჩამონათვალია, რომლებიც Marvel Cinematic Universe-ს ქმნიან და, რეალურად, სუპერგმირებზე გადაღებულ ყველაზე მაგარ ფილმებს წარმოადგენენ. მათი რაოდენობა უკვე 11-ია, თუმცა ჯერ კიდევ არაოფიციალურად, რადგან „შურიმაძიებლები: ულტრონის ხანა“ ჯერ გაქირავებაში არ გამოსულა. მსოფლიო მას 1 მაისს ნახავს, ჩვენ კი ხვალიდან.

2012 წელს გამოსული სრულიად შესანიშნავი „შურისმაძიებლების“ მსგავსად ახალი ფილმის რეჟისორიც ჯოშ ვედონია. მან წინა ფილმის ფაქტობრივად მთელი ქასთის შენარჩუნება შეძლო, სუპერგმირების შენაერთს კი ახალი ჯარისკაცები დაუმატა. აქ არის რობერტ დაუნი უმცროსის აირონმენი, კრის ჰემსვორტის თორი, მარკ რაფალოს ჰალკი, სკარლეტ იოჰანსონის ბლექ უიდოუ, ჯერემი რენერის ჰაუკი, კრის ევანსის კაპიტანი ამერიკა, სემუელ ელ ჯეკსონის ფიური და სხვები. ახლებიდან კი არონ ტეილორ ჯონსონის ქუიქსილვერსა და ელიზაბეტ ოლსენის სკარლეტ უიჩს ვნახავთ.

მოკლედ, სუპერგმირები ადგილზე არიან, მაგრამ იმისთვის, რომ გმირის წოდება მოიპოვო, სულ მცირე, მოწინააღმდეგე მაინც გჭირდება, ანტაგონისტი, რომელიც ჯერ სიცოცხლეს გაგიმწარებს, კაცობრიობას ააოხრებს, დაგიპყრობს, დაგიმონებს, მიწასთან გაგასწორებს და ბრძოლის ისეთ მოტივაციას გაგიჩენს, მთების გადადგმას რომ გაიძულებს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სუპერგმირების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მათ შესაბამისი ძალის, გაქანებისა და ქარიზმის მქონე მოწინააღმდეგე სჭირდებათ და ასეთი არის კიდეც - ულტრონი.

ვინ არის ულტრონი? - ერთმნიშვნელოვნად ცუდი პერსონაჟი, უფრო სწორად, ძალიან კარგი პერსონაჟი ცუდი ხასიათითა და სურვილებით. ის „მარველის“ სამყაროში გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა და როი ტომასისა და მხატვარ ჯონ ბუშემის მიერაა შექმნილი. კომიქსების თანახმად რობოტი სახელად ულტრონი მეცნიერმა ჰენკ პიმმა შექმნა, რომლის გამოყენებასაც კეთილი მიზნებისთვის აპირებდა, თუმცა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მექანიკური ადამიანი შექმნელს აუჯანყდა, გაიქცა და შურისმაძიებლების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მტრად იქცა. ამ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებული ჯერ არ ჰყავს, ულტრონი ძალიან ძლიერია და შურისმაძიებლებს ადვილად ამარცხებს, თუმცა თავადაც ბევრჯერ დაშავებულა. ერთ-ერთი შეტაკებისას იმდენად დაზიანდა, რომ საკუთარი სხეულის ნაწილები ადამანტისგან გაკეთებული დეტალებით შეცვალა, რის გამოც მისი დაზიანება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ულტრონს ისიც აძლიერებს, რომ რობოტების მთელი არმია ჰყავს. მოკლედ, კეპი და კომპანია დიდ შარში არიან.

კომპანია „მარველი“ კი საკუთარი კომიქსების კინოვერსიების გამოშვებას განაგრძობს. უკვე ცნობილია გეგმა, რომელიც 2019 წლამდეა გაწერილი. წელს ასევე იგეგმება „ანთმენის“ პრემიერა, მომავალ წელს „კაპიტან ამერიკა: სამოქალაქო ომი“ გამოვა, რასაც „დოქტორ სთრეინჯი“, მეორე „გალაქტიკის მცველები“, მესამე „თორი“, „შავი პანტერა“ და სხვა სუპერფილმები მოჰყვება.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან