პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება
17 აპრილი, 2015
1219
print

სოფიკო ჩხაიძე

 ”ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი და მათ მიხედვით, პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია რომ ავიღოთ, გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი,” - ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

 - ბატონო ზაზა, საკონსტიტუციო ნორმა 9 თვიანი წინასწარი დაკავების შესახებ იძლევა მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვის საშუალებას?

- კანონმდებლობა არ გამორიცხავს, რომ ახალი ბრალის პირობებში პირს შეეფარდოს აღმკვეთი ღონისძიებით ახალი პატიმრობა. კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო სხვანაირი ჩანაწერი: რომ გამორიცხულია პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს. ნორმალურ სახელმწიფოში ასე უნდა ეწეროს და ასე უნდა იყოს. ავიღოთ უგულავას საქმე - პროკურატურას იურიდიულად კანონი არ დაურღვევია, როცა წინასწარი პატიმრობის მეცხრე თვეზე მას ახალი ბრალი წარუდგინა. იურიდიულად ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ თავისთავად, როდესაც ბრალის წარდგენა მაინცადამაინც წინასწარი პატიმრობის მეცხრე თვეზე ხდება, ესაა უკვე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება. არსებობს ევროსაბჭოს ასამბლეის განსაზღვრება პოლიტპატიმრის სტატუსის თაობაზე. ამ განსაზღვრებაში პირდაპირ ჯდება გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მე-9 თვეს წაყენებული ახალი ბრალი, მით უმეტეს, რომ ამ ბრალის წაყენება შესაძლებელი იყო წინასწარი პატიმრობის მე-3, მე-5, მე-7 თვეს. ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი და მათ მიხედვით პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია რომ ავიღოთ, ის არის პოლიტიკური პატიმარი. ეს პროკურატურის უგუნურებაა, რომლის გამოც სახელმწიფოს ავტორიტეტი ზარალდება.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ გიგი უგულავას სახით, საქართველოს პოლიტპატიმარი ჰყავს?

- ნიშანდობლივია, რომ, როდესაც დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მათ სწორედ ამ დებულებით იხელმძღვანელეს. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგა გიგი უგულავაზე, მათ ეს დებულება უგულვებელყვეს. ეს უკვე დისკრიმინაციაა. ამ დებულების თანახმად, თუ პირის მიმართ ხდება საეჭვოდ პატიმრობის განაგრძლივება, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, უკვე ითვლება პოლიტიკურ პატიმრად.

სამივე ხელისუფლება არის ერთნაირად მიდრეკილი პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორების პოლიტიკაზე. ეს იმთავითვე მიუღებელია. თავის დროზე სააკაშვილი სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ნათლავდა პირებს ბანდიტებად და ყაჩაღებად, ახლაც ასე გრძელდება. მაგრამ ახლა რა მოხდა - როცა პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე გამოიძახა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო და თქვა - მაგაზე ძებნა გამოცხადდებაო. ასე არავინ გადმოგცემს შენ არც ერთ ყოფილ ჩინოვნიკს, რადგან ეს პირდაპირი ზეწოლაა.

- თქვენი ხანგრძლივი საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე თუ გახსენდებათ ბრალდებულები, რომელთა მიმართაც საკონსტიტუციო, წინასწარი პატიმრობის ვადა დაირღვა?

- მე სხვა სფეროში - წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ვმუშაობ, მსგავსი ფაქტები არ მახსენდება.

 მსგავსი ფაქტების შესახებ სმენია და კონკრეტულად არ ახსენდება არც ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილს და არც ადვოკატ თემურ გოქსაძეს, რომლებიც შევარდნაძისდროინდელ, მაშინ ”საუკუნის პროცესად” წოდებული სასამართლოს (90-იანი წლების ბოლოს მომხდარი დანაშაულების, უმეტესად ტერორისტული აქტების) ბრალდებულების მთავარი უფლებადამცველები იყვნენ.

 ”კონსტიტუცია პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ამკრძალავი დოკუმენტი, და როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ეწევიან მის ინტერპრეტაციას, ეს ნიშნავს რომ ისინი კონსტიტუციით და კანონმდებლობით სათავისოდ მანიპულირებენ,” - ამბობს ადვოკატი თემურ გოქსაძე, რომელიც ვერ იხსენებს ვერც ერთი წინა ხელისუფლების დროს საგამოძიებო თუ სასამართლო პროცესებში კანონითა და კონსტიტუციით დადგენილი ვადების გადაცილების ისეთ ფაქტებს, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას