კანის საკონკურსო პროგრამა
17 აპრილი, 2015
1127
print

13 მაისს კანის მთავარი ალაყაფი 68-ედ გაიხსნება და ქალაქი მთელი მსოფლიოდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლებს. „სტუმრიანობა“ ათ დღეს გაგრძელდება, 24 მაისს კი ყველანი შინ დაბრუნდებიან. მათგან რამდენიმეს ბარგში გამარჯვების მაუწყებელი ბარათი და პრიზი იდება და ისინი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი ფავორიტები იქნებიან. უკვე ცნობილია იმ ფილმების ჩამონათვალი, რომლებიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ და სხვა სექციების ფილმებს ქვემოთ გაგაცნობთ.

საკონკურსო პროგრამის ფილმია შარშანდელი „ოსკარის“ მფლობელ „დიდებული სილამაზის“ ავტორ პაოლო სორენტინოს „ახალგარდობა“. ამ ფილმის ტრაილერი ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და ალბათ ბევრმა ნახეთ კიდეც, რომ სორენტინო წინა ფილმში არჩეულ ხასიათს ინარჩუნებს და ამბავს ფრესკული კადრებითა და კლასიკური მუსიკით გვიყვება. ფილმის მთავარი გმირი ყოფილი დირიჟორია, რომელიც თავის ქალიშვილთან და მის მეგობრებთან ერთად ალპებში მოგზაურობს, მოულოდნელად კი დედოფალ ელისაბედ მეორესგან პრინც ალბერტის დაბადების დღეზე მიპატიჟებას იღებს. მუსიკოსის როლს მაიკლ კეინი ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას უწევენ ჰარვი კეიტელი, პოლ დანო, რეიჩელ უაიზი და ჯეინ ფონდა.

საკონკურსო ფილმია გას ვან სენტის „ხეების ზღვა“ საკმაოდ საინტერესო ანოტაციით: ამერიკელი მამაკაცი ფუაძიამას გარშემო მდებარე ე.წ. თვითმკვლელთა ტყეში მიიკვლევს გზას, რათა მთის ძირას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. გზად იმავე მისიით მოგზაურ იაპონელ მამაკაცს გაიცნობს, რომელთან ურთიერთობაც სულ სხვა ბილიკზე აიძულებს გადასვლას. გას ვან სენტმა ახალ ფილმში კენ ვატანაბე, მეტიუ მაკონაჰი და ნაომი უოტსი მიიწვია, სცენების 80% კი არა იაპონიაში, არამედ მშობლიურ მასაჩუსეტსის შტატშია გადაღებული.

აქვეა მატეო გარონეს „ზღაპარი ზღაპრებზე“ სელმა ჰაიეკით, ჯონ სი რაილით, ვინსენ კასელითა და ტობი ჯონსით მთავარ როლებში და რაც ყველაზე საინტერესოა, „გომორას“ რეჟისორი ნამდვილ ზღაპარს გვთავაზობს. ვინსენ კასელი კიდევ ერთ საკონკურსშო ფილმში შეგვხვდება - ეს გახლავთ ლუკ ბესონის „მეხუთე ელემენტში“ დივა ფლავალაგუნას როლის შემსრულებელ მეიუენის სარეჟისორო ნამუშევარი „ჩემი ხელმწიფე“. ძალიან კარგი „ტყვეებისა“ და „მტრის“ ავტორი დენის ველნიუვი კი ემილი ბლანტის, ჯოშ ბროლინის, ჯონ ბერნტალისა და ბენისიო დელ ტოროს სამსახიობო ანსამბლს კრიმინალურ დრამა „მკვლელში“ გვთავაზობს. ფილმი გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ამერიკის უშიშროების სამსახურის მიერ მექსიკის უმსხვილესი კრიმინალური დაჯგუფების ბოსის აყვანის ოპერაციის შესახებ მოგვითხრობს.

საკონკურსო პროგრამაში ასევე მოხვდა: ჟაკ ოდიარის „დიპანი“, სტეფან ბრაიზის „უბრალო ადამიანი“, ვალერი დონზელის „მარგარიტა და ჟულიენი“, ტოდ ჰეინსის „კაროლი“, ჰუ სიაო სიენის „მკვლელი“, ძია ჟანგკეს „მთები გაიხსნება“, ჯასტინ კანზელის „მაკბეტი“, იორგოს ლანტიმოს „ლობსტერი“, ნანი მორეტის „დედაჩემი“, ლასლო ნემეს „საულის ვაჟი“ და ხოაკიმ ტრიერის „ბომბებზე ხმამაღლა“.

არასაკონკურსო სექციებში ააჩვენებენ ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი: მრისხანე გზას“, ვუდი ალენის „ირაციონალური კაცს“, მარკ ოსბორნის „პატარა პრინცს“, ნატალი პორტმანის „სიყვარულისა და სიბნელის ამბავს“ და სხვა.

ფესტივალს ემანუელ ბერკოს დრამა „მაღლა აწეული თავით“ გახსნის, ხოლო საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეები ძმები კოენები იქნებიან.

 

ია ვეკუა

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან