ფილმი, რომელიც რუსეთმა აკრძალა
15 აპრილი, 2015
1587
print

17 აპრილიდან მთელ მსოფლიოში შვედი დანიელ ესპინოზას ფილმი ”ბავშვი 44” გამოდის. გეგმის თანახმად ამ ფილმის გაქირავება რუსეთშიც უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ”ბავშვი 44” ამ ქვეყნის კინოთეატრებში არ გამოვა. სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: ”ფილმი რეალურ ფაქტებსა და საბჭოთა მოქალაქის სახეს ამახინჯებს”. ამ გადაწყვეტილებაში სახელმწიფო სტრუქტურას რუსეთის ტერიტორიაზე ფილმის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი კომპანია ”ცენტრალ პარტნერშიფიც” ეთანხმება და, რატომღაც, არც ერთს არ მოსდის თავში აზრად, რომ, მარტივად რომ ვთქვათ, მხატვრული კინო გამოგონილ ისტორიას წარმოგვიდგენს და რეალურ ამბავზე დაფუძნებულ ისტორიაში საკუთარი კორექტივების შეტანის სრული უფლება აქვს.

რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში გვხვდება ფრაზები: ”ასეთი ფილმის გაქირავება დიდი სამამულო ომის 70 წლის იუბილეს წინ დაუშვებელია”, ”ეჭვი შეგვაქვს მასში აღწერილ ისტორიულ ფაქტებში”, ”ომამდე და ომის შემდგომი მოვლენები ერთმანეთს არ ებმის”და ასე შემდეგ. ”ამ ფილმში ქვეყანა კი არა, არასრულფასოვანი, ორკებითა და სხვა მხეცებით სავსე მორდორია წარმოჩენილი. არადა მასში ნაჩვენებია ჩვენი ქვეყანა - სწორედ ის, რომელმაც დიდ სამამაულო ომში გაიმარჯვა, ლიდერი ქვეყნების რიცხვში ჩაეწრა და, რომელმაც კოსმოსში პირველი ადამიანი გაუშვა. დროა, ჩვენზე, როგორც დიდი და უნიკალური რუსული ცივილიზაციის მემკვიდრეებზე, საკუთარ აზრი შევიქმნათ. თვითიდენტიფიკაცია ან თავად უნდა მოვახდინოთ ან ამას ჩვენს გარეშე გააკეთებენ”, - ნათქვამია რუსეთის კულტურის მინისტრ ვლადიმირ მედინსკის განცხადებაში, რომელსაც სიტყვა ”მორდორი” სცოდნია.

ამ განცხადებას ინტერნეტში საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთში კი აღნიშნულია, რომ პუტინს საკუთარი ”ინტერვიუ” გამოუჩნდა (საუბარია სეტ როგენისა და ევან გოლდბერგის სატირულ ფილმზე, რომლის გამოც ჩრდილოეთ კორეამ ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო). იქვე იმასაც ამბობენ, რომ ისტორიის ფალსიფიცირება 9 მაისის ვანუატუსა და ვენესუელას პრეზიდენტებთან ერთად აღნიშვნა უფროა, სვამენ კითხვას იმასთან დაკავშირებითაც, თუ ვინ დაადგინა საბჭოთა მოქალაქის სტანდარტული სახე და ასე შემდეგ.

”ბავშვი 44” ახალგაზრდა ბრიტანელი ავტორის, ტომ რობ სმიტის ბესტსელერი ტრილოგიის პირველ წიგნს ეფუძნება, თავად ტრილოგია კი საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის აგენტ ლევ დემიდოვის ირგვლივ ტრიალებს. ეს უკანასკნელი სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში მომხდარ მკვლელობების სერიას იძიებს. ფილმში ჩანს, თითქოს მკვლელობები ცნობილი ანდრეი ჩიკატილოს მიერაა ჩადენილი და მთავარი აცდენა სწორედ ეს გახლავთ - ჩიკატილო ანუ როსტოველი მფატრავი თავის დანაშაულებებს 70-ინი წლების ბოლოდან სჩადიოდა, რაც სტალინის მმართველობის ხანას 30 წლით შორდება. ამასთან დაკავშირებით წიგნის ავტორი ამბობს, რომ ჩიკატილოს საქმე მხოლოდ საკუთარი ისტორიის შესაქმნელად გამოიყენა და რეალურად არსებულ მანიაკ მკვლელთან მის პერსონაჟს საერთო არ აქვს.

ფილმის პროდუსერი რიდლი სკოტი გახლავთ, რომელიც წლების წინ მის გადაღებას თავადვე აპირებდა, თუმცა რეჟისორის სკამი ახალგარდა შვედს დაუთმო. მთავარ როლებს ტომ ჰარდი, გარი ოლდმენი, ნუმი რაპასი, ჯეისონ კლარკი და ჯოელ კინამანი თამაშობენ.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან