შანტაჟისტის პირობები
03 აპრილი, 2015
1485
print

დიმიტრი ავალიანი

ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების მცდელობის შემთხვევაში რუსეთი ატომური ომით იმუქრება. ბრიტანული გამოცემა „ტაიმსის“ ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებში გერმანიის ქალაქ ტორგაუში (ჯგუფ „ელბას“ ეგიდით მიდინარე შეხვედრების ფარგლებში) რუსი და ამერიკელი დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნების შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე კი რუსულმა დელეგაციამ აშშ-ს მიმართ მოსკოვის მოთხოვნები გაახმოვანა. ფაქტობრივად, ნახევრადოფიციალურად - გამოცემის ცნობით, შეხვედრის წინ მათ ინსტრუქტაჟი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაუტარა.

„ტაიმსის“ ცნობით, რომელიც ამერიკული დელეგაციის წევრებს ეყრდნობა, რუსმა მზვერავებმა სამი ძირითადი პუნქტი გაახმოვანეს, რომლებიც შესაძლოა რუსეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო კონფრონტაციის მიზეზი გახდეს.

კერძოდ, ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების მცდელობისას რუსეთი მზარ იქნება ატომური იარაღი გამოიყენოს. ასევე, აშშ-სა და ნატო-ს ნებისმიერ მცდელობას უკრაინას სამხედო დახმარება გაუწიოს, რუსეთს მხრიდან „ძალისმიერი პასუხი“ მოჰყვება. გარდა ამისა, რუსეთის წამომადგენლების მტკიცებით, კრემლი „ვერ მოითმენს“ ნატო-ს ძალების გაძლიერებას ბალტიის ქვეყნებში.

რამდენიმე კვირის წინ კი ატომური იარაღის გამოყენების მუქარა პირადად ვლადიმირ პუტინის პირიდან გაისმა - ყირიმის ანექსიის წლისთავისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმში სიტუაციის გართულების შემთხვევაში, იგი მზად იყო, საბრძოლო მზადყოფნაში ბირთვული ძალები მოეყვანა.

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, კონფრონტაციამ დასავლეთთან და პუტინის მუქარებმა და მინიშნებებმა ერთგვარად ტაბუ მოხსნა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ მსჯელობას. „ფაინენეშალ ტაიმსი“ და რამდენიმე სხვა დასავლური გამოცემები, ჰიპოთეზის დონეზე, წერდნენ იმის შესახებ, რომ მოსკოვის მთავარი არგუმენტი ნატო-ს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო კამპანიაში ატომური იარაღის გამოყენების მუქარა იქნება. რადგან, ერთის მხრივ, რუსეთს, მეორეს მხრივ კი აშშ-სა და ნატო-ს ჩვეულებრივი, კონვენციური სამხედრო შესაძლებლობები იმდენად განსხვავდება, რომ ეს მოსკოვის ერთადერთი შანსი იქნება.

რუსი ექსპერტების მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული პირობები კი ფაქტობრივად მსოფლიოსთვის წაყენებულ კრემლის ტერორისტულ მუქარას წარმოადგენს.

მიზეზი, თუ რატომ ანერვიულდა პუტინი, გასაგებია - რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას 20 აპრილიდან დაიწყებენ. კიევმა ამერიკული სამხედრო ტექნიკის - „ჰამვი“-ს ტიპის დაჯავშნული ავტომანქანების პირველი პარტიები მიიღო. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ჩეხეთი ამერიკული სამხედრო ტექნიკის კოლონამ დემონსტრაციულად გადაკვეთა...

მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ, კონგრესის ზეწოლის მიუხედავად, ვერ გაბედა გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ - ფორმალურად ამაზე მსჯელობა თეთრ სახლში ჯერ კიდევ გრძელდება. გერმანიის ხელისუფლება და ბრიუსელი კი ასეთი გადაწყვეტილების წინააღდეგ ღიად გამოდიან.

ის განცხადებები კი, რასაც ამ საკითხზე თეთრ სახლში, ბერლინში და ბრიუსელში აკეთებდნენ - რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მოსკოვს გააღიზიანებს და, იმავდროულად, უკრაინას არ მისცემს შესაძლებლობას რუსეთი დაამარცხოს, უბრალოდ იმის აღიარებაა, რომ პუტინის შანტაჟი წარმატებულია. ფაქტობრივად, ეს შანტაჟისტის წინაშე კაპიტულაციის გამოცხადებაა.

ამას კი სავსებით ლოგიკური შედეგი მოჰყვა - პუტინი ისე მოიქცა, როგორც ყველა შეშინებულ და უკანდახევისთვის გამზადებულ მოწინააღმდეგეს ექცევა. მან ფსონები კიდევ უფრო მაღლა აწია და დასავლეთს ახალი მუქარა შეუთვალა. და არა მხოლოდ უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა, არამედ ნატო-ს საკუთარ ტერიტორიაზე, ბალტიის ქვეყნებში აქტიურობის შეზღუდვა მოსთხოვა.

თუ დასავლეთი ამ ულტიმატუმსაც წამოეგო, კრემლს მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება საფრთხეებიც, რადგან შანტაჟისტის პირობების შესრულება უსაფრთხოების გარანტი ვერასდროს გახდება.

რაც ყველზე საინტერესოა, საკუთარი ლიდერის მუქარას ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე რუსების დიდ ნაწილი დადებითად აფასებს - „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, პუტინის ეს განცხადება 50 პროცენტს მოსწონს, შიშით კი ამ მუქარას მხოლოდ 27 პროცენტი უყურებს. პუტინმა საომარი ისტერია ქვეყანაში „საჭირო კონდიციამდე“ მიიყვანა.

 

 

 

 

 

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს