პრემიერის საპირველაპრილო კონტრსვლა
01 აპრილი, 2015
1281
print

სოფიკო ჩხაიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, პირველად, მაგრამ მაინც ასრულებს არა საარჩევნოდ, არამედ ხუთი დღის წინ, პრესკონფერენციაზე მედიისთვის მიცემულ დაპირებას - ”ჩვენ (მთავრობას გულისხმობდა - რედ.) გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ ( მედიას - რედ.) გქონდეთ საშუალება, რაც შეიძლება მეტი გვაკრიტიკოთ,“ - განაცხადა 26 მარტს პრემიერმა ღარიბაშვილმა.

ცხადია, მას, როგორც ყოველთვის, სულ სხვა რამის თქმა სურდა და სულ სხვანაირად გაუგეს. მაგრამ, რეალურად, რაც თქვა, სწორად იმას, უკვე ხუთი დღეა, ასრულებს.

მედიას შეუძლია მისი გაკრიტიკება იმის გამო, რომ მისმა მთავრობამ ბოლო, თუნდაც ხუთი დღის მანძილზე, ვერ უზრუნველყო ლარის სტაბილურობა, რომ მისმა თავდაცვის მინისტრმა ვერ თუ არ გაარკვია საფრანგეთთან მისი წინამორბედის მიერ დადებული შეთანხმების არსი და მისი შესრულების ვადები, რომ მისი მთავრობის წევრები ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას სიამოვნებით დაესწრებოდნენ, რომ არა მოუცლელობა.

დღეს პრემიერმა გულუბრყვილოდ აღიარა, რომ მინისტრები, მსგავსი სურვილის გამოხატვისას ტყუოდნენ და იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ დასწრებოდნენ, მინისტრებს კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” მიუთითა:

"კოალიციის ფორმატში გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. კოალიციის საერთო აზრი იყო, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს, პომპეზური იყოს ყველაფერი, ახალი რეალობის, ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე. ეს გადაწყვეტილება დავტოვეთ ძალაში და წელსაც ვთქვით, რომ არ დავესწრებოდით, რადგან ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და არ იყო ამის აუცილებლობა. საწყენია, როდესაც მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობი წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს სამწუხაროა," - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრისა და რიგი მინისტრების თავის მართლებას რომ არ შევეხოთ, ფაქტი უცვლელი რჩება - საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას უკვე მეორედ არ დაესწრო მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი. მსგავს პრეცედენტს საქართველოს ყოფილი ხელისუფლებების პირობებში ადგილი არ ჰქონია. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და არ გვევალებაო - ახალი კონსტიტუციის 69-ე მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულ, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად აღიარებულ პრეზიდენტზე ამბობენ.

2012 წლის არჩევნებისთვის გამზადებულ საარჩევნო სიაში ათეულის ბოლოს მოქცეული, უმუშევარი ირაკლი ღარიბაშვილის პერსონა საქართველოს ელექტორატისთვის მანამდე იყო უცნობი, სანამ კოალიციის ლიდერი მას შს მინისტრად წარადგენდა. დღეს ეს პერსონა პრემიერ-მინისტრია და ამბობს: ჩვენთვის ცოტა საწყენია, როცა ვისმენთ გაუმართლებელ, უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდანო.

”ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი,” - ამ სენტენციით კი, სცადა გაემყარებინა თავისი წუხილის მოტივები, მაგრამ, ემოციურ ფონზე, სრულიად გამორჩა, რომ საერთოდ ასცდა კონსტიტუციას.

უფასო მილიარდების მომლოდინე ქართული საზოგადოების მიერ არჩეულმა კონგლომერატმა, სახელად ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”, არჩევანი სწორედ ამ ფორმულირების პირველ ნაწილზე გააკეთა და დღეს, ქვეყნისთვის სასიკეთოდ მილიარდების ხარჯვის ნაცვლად, იმავე ივანიშვილის მიერ დანიშნული თანამდებობის პირებისა და თუნდაც ფორმალურად არჩეული, მაგრამ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის დაპირისპირების ყურება უწევთ. შესაბამისად, პრეზიდენტი, მისთვის ჩვეული მიხვეულ-მოუხვეული გამოთქმებით, პრემიერით და მთავრობით უკმაყოფილოა, რაც განაცხადა კიდეც პარლამენტში. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას არ დაესწრო, ვიწრო წრეში, მთავრობის სხდომაზე აკრიტიკებს პრეზიდენტს.

”ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს”, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი გუშინ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნას, თითქოს მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განვიხილეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა და კომპეტენცია… რაც შეეხება ევროინტეგრაციის ნაწილს, ამ იმპლემენტაციას უშუალოდ მე ვკურირებ და ყოველ თვე გვაქვს შეხვედრები. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ პარლამენტი, " - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თუ რაიმე სახის ინფორმაცია აინტერესებს ვინმეს, მთავრობა მზადაა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ღარიბაშვილი, ასევე, აზუსტებს: "არასდროს მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით, თუ რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო, უშლის თუ არა რომელიმე სამინისტროს მუშაობაში ხელს… პრეზიდენტს რომ მოემართა კითხვით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს ამას მოვახერხებდით. მე მახსოვს, რომ ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი… მე შევეცადე, რომ, კოორდინაციის გაზრდის მიზნით, შემექმნა საბჭოები. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის შენიშვნა, თუ კრიტიკა მინისტრების მისამართით პრეზიდენტის მხრიდან, რომ მინისტრები საბჭოს რიგით წევრებად ითვლებიან. უკაცრავად და ამ საბჭოს ვხელმძღვანელობ მე, პრემიერ-მინისტრი. სადაც პრემიერ-მინისტრი არის ხელმძღვანელი, იქ ბუნებრივია, მინისტრი იქნება რიგითი წევრი,” - ამბობს ღარიბაშვილი და აზუსტებს, რომ ეკონომიკურ საბჭოს შექმნის იდეა მას ეკუთვნის, ვინაიდან მინისტრებს შორის არ იყო ეფექტური კოორდინაცია. ის, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, მთავარსარდალია, ვითომ არც ყოფილა.

და ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასწარ დაანონსებული საგანგებო განცხადება საკუთარი პრეს-ცენტრის დამუნათებით დაიწყო: „მე მინდა პრეს-სამსახურს მივმართო, რომ მომავალში პრესკონფერენციების გამართვის დროს მეტი ყურადღება დაუთმოს და ყველას მისცეს თანაბრად საშუალება, რომ კითხვა დამისვან. მე ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცათ საშუალება კითხვის დასმის. ეს მიიღეთ, როგორც შენიშვნა და მომავალში გამოასწორეთ,“ - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე და დაჩაგრულ მედია-საშუალებებში, არც მეტი, არც ნაკლები ”ალია” და ”ასავალ-დასავალი” იგულისხმა.

P.S. საქართველოს მთავრობაში კოორდინაციასა და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ საბიუჯეტო და ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებლად აღიარებულ ციფრებზე საუბარი ზედმეტია - ყოველ შემთხვევაში, მისი წინა გამოსვლების გათვალისწინებით, მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, ამ ციფრებს 1 აპრილს მივაწერ.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი