ჯორჯ კლინტონი და სხვები
31 მარტი, 2015
1117
print

შარშან, როდესაც შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი ჰედლაინერი, ბუთსი კოლინზი ათასობით გაგიჟებულ მსმენელს დაემშვიდობა და სცენა დატოვა, ვფიქრობდი, რომ ამაზე დიდ და ხანგრძლივი კარიერის მქონე, მთელი ეპოქისა და ჟანრის შემქმნელ ვარსკვლავს ამ სცენაზე უკანასკნელად ვხედავდი. გავიდა რამდენიმე თვე და ჯერ ჭორის დონეზე, შემდეგ უფრო სანდო წყაროდან, ბოლოს კი ოფიციალურად ვიგებ, რომ ივლისის მიწურულს ბათუმში არც მეტი, არც ნაკლები - თვით ჯორჯ კლინტონი ჩამოდის!

როდესაც საუბარია ფანკზე, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, პირველ რიგში, სამ ადამიანს ასახელებენ: ჯეიმს ბრაუნს, სლაი სტოუნსა და ჯორჯ კლინტონს. ეს უკანასკნელი მსმენელისთვის უფრო Parliament-ისა და Funkadelic-ის ფრონტმენობითაა ცნობილი, ფანკსა და ზოგადად მუსიკაში გაუცნობიერებელთათვის კი ვიტყვით, რომ ეს სწორედ ის კაცია, ჭაღარა წვერი და ფერადი დრედები რომ აქვს, სცენაზე სრულიად დაუმორჩილებელია, დარბაზში კი ისეთ ენერგიას ღვრის, აზვირთებულ შავ ზღვაზე მეტად რომ წაგლეკავს.

23-26 ივლისს დაგეგმილი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი გმირი სწორედ ჯორჯ კლინტონი იქნება - ადამიანი, რომელიც მოკრძალებული ასაკის მიუხედავად საოცარ ფორმაშია და არც მსოფლიოს გარშემო ტურნეს ერიდება. მისი კონცერტი ფესტივალს გახსნის, მე კი აქედანვე გირჩევთ, რომ ამ დღეს ბათუმში ყოფნის გარდა არაფერი დაგეგმოთ - ჯორჯ კლინტონის ფერადი ფანკი სწორედ იქ გელოდებათ!

წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალის სტუმარი იქნება ლივ უარფილდი - წარმოუდგენელი ხმის მქონე ქალბატონი, რომელსაც სცენაზე გამოჩენისთანავე უწოდეს სოულის პრინცესა, ახლა კი თამამად მოიხსენიბენ დედოფლად. ეს სწორედ ის ლივ უარფილდია, რომელიც შარშანდელი ფესტივალის ლაინაპში იყო მოხსენიებული, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მისი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა და კონცერტიც ჩაიშალა. მაშინ „ისტერნ პრომოუშენმა“ პირობა დადო, რომ უარფილდი აუცილებლად გვესტუმრებოდა და ასეც მოხდა - ლივ უარფილდი და მისი ბენდი The NPG Hornz (პრინცის New Power Generation) ჯორჯ კლინტონის მსგავსად ბათუმში გვიწვევს.

წლევანდელი ბათუმის აფიშაში კიდევ ორი მუსიკოსის გვარი იკითხება. პირველია ლიზა სტენსფილდი, ოდესღაც ძალიან პოპულარული ჰიტის, All Around the World-ის შემსრულებელი.მსოფლიომ სტენსფილდი სწორედ ამ სიმღერით გაიცნო და ბევრისთვის ის დღემდე რჩება ერთი ჰიტის ავტორად, თუმცა, ცხადია, ეს ასე არ გახლავთ. ეს ქალბატონი Queen-ის მოყვარულებსაც კარგად ემახსოვრებათ - 1992 წელს გამართულ Freddie Mercury Tribute Concert-ზე მან I Want to Break Free შეასრულა (სცენაზე დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორშიც ამ სიმღერის ვიდეოში ფრედი მერკურია - მტვერსასრუტითა და „სახლის ფორმაში“).

ჯაზფესტივალის მონაწილე კიდევ ერთი ვარსკვლავი კი არც მეტი, არც ნაკლები, სნუპ დოგი გახლავთ - მოკლედ, წლევანდელი ბათუმი დიდი სიგიჟე იქნება, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოაკლდეთ!

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...