გაზაფხულის პოდიუმი 16-19 აპრილს გაიშლება
30 მარტი, 2015
1122
print

უკვე მეშვიდე წელიწადია ასე ხდება - ექვს თვეში ერთხელ თბილისში ნამდვილი პოდიუმი იშლება, დიზაინერები უახლეს კოლექციებს ამზადებენ, ჩამოდიან ბაიერები, მოდის კრიტიკოსები, უცხოური გამოცემების წარმომადგენლები და მოდის დღესასწაულიც იწყება. გაზაფხულის თბილისის მოდის კვირეული 16-დან 19 აპრილის ფარგლებშია დაგეგმილი, ამ ოთხი დღის განმავლობაში კი უამრავ ღონისძიებას ვიხილავთ.

როგორც წესი, თბილისის მოდის კვირეული ყოველწლიურად იცვლის ადგილს. წელს მთავარი ჩვენებები, შოურუმები და სხვა სახის ღონისძიებები ვარდების მოედანზე, ე.წ. ანდროპოვის ყურების ადგილას აღმოცენებულ შუშის შენობაში გაიმართება. სწორედ აქ დააგებენ 28 მეტრი სიგრძის პოდიუმს, რომლის ირგვლივაც 400-ზე მეტ სტუმარი განთავსდება.

როგორც კვირეულის პროგრამაში გვკითხულობთ, დაგეგმილია ოცამდე ქართველი დიზაინერისა და სამოდელო სახლის უახლესი კოლექციის ჩვენება. მათ შორისაა ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, ლელა ელოშვილი, მარიამ გვასალია, MACH & MACH, დიანა ქვარიანი, ნინო ბაბუხადია, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა კვირეულის დამწყები დიზაინერების კონკურსის გამარჯვებული სალი ფანგანი. პროგრამაშია ასევე მოდის სახლ „მატერიას“ ჩვენებაც, რომელიც ამჯერად ორი დიზაინერის ნამუშევრებს წარმოადგენს. ესენია ლექსო ახალკაციშვილი და ლიკუნა ჩიტაია. აქვე დავამატებთ, რომ წელს ქართველ დიზაინერებს უცხოელიც შეუერთდება - უკრაინელი იულია როგალსკაია კვირეულის მონაწილეა.

თბილისის მოდის კვირეულის ტრადიციულმა სტუმრებმა უკვე იციან, რომ ღონისძიება მხოლოდ პოდიუმზე კოლექციების წარმოდგენით არ შემოიფარგლება. როგორც გითხრით, ჩვენებების მასპინძელ სივრცეში დაგეგმილია შოურუმების მოწყობაც, სადაც ფეხსაცმლის, სამკაულისა და აქსესუარების დიზაინერები სეზონური კოლექციების გამოფენებს წარმოადგენენ. ტრადიციულად მოდის კვირეული ადგილობრივი წარმოების განვითარების თემასაც ეხმიანება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოწვეულია რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის ბაიერი, რომლებიც არა მხოლოდ კოლექციებს გაეცნობიან, არამედ ადგილობრივი საფეიქრო ქარხნების პროდუქციასაც.

ცხადია, მოდის კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია საერთაშორისო სტუმრები. სწორედ მათზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ჩვენებების ხარისხის შეფასება, არამედ ზოგადად ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გატანაც. უკვე ცნობილია, რომ გვეწვევიან რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი, VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი (Style.com), უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი დარია შაპოვალოვა, ასევე ყაზახეთის ELLE-ს, აზერბაიჯანულ NARGIS-ის, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემების წარმომადგენლები.

ღონისძიებას წარმოადგენენ „ჯორჯიან ივენთსი“, „დეკერტ ჯორჯია“ და სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“. მხარდამჭერები არიან თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის საკრებულო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...