„საბას“ გრძელი სია
27 მარტი, 2015
1326
print

ამ სიაში მოხვედრილებს შემოდგომაზე დააჯილდოებენ, თუმცა ნერვიულობის დაწყება უკვე შეუძლიათ - ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ ლონგლისტი გამოაქვეყნა. ნერვიულობის მეორე ეტაპი ნომინაციების შედგენის შემდეგ დაიწყება, რასაც შემოდგომაზე დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიალის მღელვარება დააგვირგვინებს. ეს დღე წარმატებული მხოლოდ 9 ნომინანტისთვის იქნება, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი კონკურენციის დაძლევა მოუწევთ - წლევანდელი „საბას“ ჟიურიმ საუკეთესები 315 წიგნიდან უნდა შეარჩიოს.

საუკეთესო რომანის ნომინაციაში ჯერჯერობით 32 წიგნის სახელწოდება იკითხება. მათ შორისაა ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ყვავილობა“, გელა ჩქვანავას „მკვდარი ქვიშის უდაბნო“, ნინო სადღობელაშვილის „წამი აქა, წამი იქა“, ლაშა თაბუკაშვილის „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“, ლუკა ბაქანიძის „მესამე ნაპირი“, დავით დეფი გოგიბედაშვილის „სამყაროს ყველა საიდუმლო“, მიხეილ ანთაძის „სიცილია გვალვაში“, ერეკლე დეისაძის „რუსული არდადეგები“, აკა მორჩლაძის „ქემერა“, უჩა ზაქაშვილის „ხავსის მეხსიერება“ და სხვა.

საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გვხვდება გიორგი ზანგურის „შენ, არავინ“, ლელა სამნიაშვილის „ლოცვა აბსტრაქციად“, თემურ ჩხეტიანის „შებრუნებული ძილის სიზმარი“, პაატა შამუგიას „შიზოგადოება“, დალილა ბედიანიძის „მეორე ოთახი“, გიორგი კეკელიძის „პოეზია 2008-2013“, დავით დეფი გოგიბედაშვილის „თქვენ შორის ღმერთია“, ვაჟა ხორნაულის „მზესთან ერთად მავალი“, ნიკა ჯორჯანელის „მექსიკური ჩიხი“ და კიდევ 40-მდე კრებული.

მხოლოდ შვიდი ნაწარმოები მოხვდა საუკეთესო პიესის ნომინაციაში და, სავარაუდოდ, ნომინაციაში შვიდივეს ვიხილავთ. მათ შორისაა ლევან ორახელაშვილის „უმისამართო სახლი ინტერიერში“, ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებული ჩიტი“, ცოტნე ჩიქოვანის „აგიხსნით სიყვარულს“, ზაზა აბზიანიძის „ამბავი დე ლა მელასი“, გია ხუბუას „ფეისბუქი და სიყვარული“, მიხო მოსულიშვილის Laudakia Caucasia და დათო ალელშვილის „კოზმასა და დამიანესთან ახლოს“.

რეკორდულად ვრცელია საუკეთესო თარგმანის ნომინაცია, რომელშიც 90 წიგნი მოხვდა, ხოლო ქართული ნაწარმოების უცხოენოვანი თარგმანის ნომინაციის ლონგლისტს „საბა“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ უკვე არსებულ ჩამონათვალში გარკვეული კორექტივები შევა, რადგან სიის დამუშავება ჯერ კიდევ გრძელდება.

აქვე შეგახსენებთ შარშანდელი „საბას“ გამარჯვებულებს: საუკეთესო დებიუტის ნომინაცია კიდევ ერთხელ გაყვეს და პოეტი ლია ლიქოკელი და მწერალი Toresa Mossy დააჯილდოეს; არჩილ ქიქოძეს „საბა“ საუკეთესო პროზაული კრებულისთვის გადასცეს, ხოლო გიორგი გოკიელის მიერ ქართულად თარგმნილი „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ წლის საუკეთესო თარგმანად მიიჩნიეს.

პიესის ნომინაციაში დავით გაბუნიას პიესების კრებულმა გაიმარჯვა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზის ნომინაციის გამარჯვებული გოგი გვახარია გახლდათ, ხოლო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციის რჩეული თამაზ კვაჭანტირაძე. ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნისთვის დონალდ რეიფილდი დააჯილდოეს, საუკეთესო რომანის ნომინაციის რჩეული ზვიად კვარაცხელია გახლდათ, ეკა ქევანიშვილის „სახლის გაყიდვა“ კი წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დაასახელეს.

 სრული სია იხილეთ აქ

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...