სპილბერგი და პირველი მოთამაშე მზად არიან
26 მარტი, 2015
1111
print

ორიოდე კვირის წინ კინოპორტალებზე გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მარადიული არაფერია და რაც გვაქვს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ... სწორედ ორიოდე კვირის წინ გავიგეთ, რომ სტივენ სპილბერგი ახალ ფილმს იღებს, მაგრამ ამ ფილმის მუსიკის ავტორი ჯონ უილიამსი არ იქნება, რაც 1974 წელს გადაღებული „შუგარლენდის ექსპრესის“ შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა - 1985 წელს, როდესაც „მეწამულის“ მუსიკა ქუინსი ჯონსმა დაწერა. თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი სპილბერგის კიდევ ერთ ახალ პროექტზე მოგიყვებით, რომელშიც რეჟისორი გეიმერებისა და ზოგადად ვირტუალური რეალობის თემას შლის.

ზუსტად ათი წელია სტივენ სპილბერგს საი ფაის ჟანრში არ უმუშავია. 2005 წელს გამოსული „სამყაროთა ომის“ შემდეგ მხოლოდ პოლიტიკური დრამა „მიუნხენი“, სათავგადასავლო „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“, ანიმაციური „ტენტენი“, ომის თემატიკის „მეომარი ცხენი“ და ისტორიული „ლინკოლნი“ გადაიღო. როგორც ჩანს, სპილბერგს თავადაც მოენატრა დროში მოგზაურობა, უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრა და ალტერნატიულ რეალობაში ლივლივი, ამიტომ მორიგი პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი ჟანრის ლიტერატურული პირველწყარო შეარჩია. ნაწარმოებს „პირველი მოთამაშე მზადაა“ (Ready player one) ჰქვია, მისი ავტორი კი ერნესტ კლაინი გახლავთ, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთი ფილმის სცენარის ავტორობით იყო ცნობილი. სწორედ მისი დაწერილია კაილ ნიუმანის „ფანი ბიჭების“ სცენარი, რომელშიც „ვარსკვლავური ომების“ გიკები ჯერ კიდევ გამოუსვლელი პირველი ეპიზოდის სანახავად ჯორჯ ლუკასის სუპერდაცულ ე.წ. სკაიუოკერის რანჩოში მიემგზავრებიან.

„პირველი მოთამაშე მზადაას“ სიუჟეტი 2044 წელს ვითარდება. დიდი დეპრესიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა ფაქტობრივად განადგურებულია, კაცობრიობა ელემენტარული რესურსების ნაკლებობას განიცდის, პარალელურად კი ვირტუალური სივრცის განვითარება უმაღლეს ნიშნულს აღწევს: ადამიანების უდიდესი ნაწილი მრავალმომხმარებლიან სიმულატორ „ოაზისში“ ცხოვრობს. მოულოდნელად თამაშის ავტორი კვდება, სიკვდილის წინ კი ტოვებს ანდერძს, რომლის თანახმადაც თამაშში სამი ე.წ. სააღდგომო კვერცხია (ვიდეოთამაშებში სიუჟეტთან დაუკავშირებელი კონტენტი, რომელიც თამაშის მიუვალ ან დაფარულ ადგილასაა განთავსებული) დამალული, რომლის მპოვნელიც მისი მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე გახდება. საინტერესო ის გახლავთ, რომ „ოაზისის“ ავტორი გასული საუკუნის 80-იანი წლების ფანი გახლდათ, ამიტომ მთელი თამაში იმ პერიოდის კინოზე, მუსიკაზე, ისტორიულ მოვლენებსა და სხვა ტიპის ინფორმაციაზეა აგებული.

„პირველი მოთამაშე მზადაას“ გადაღების დაწყებამდე ჯერ დიდი დროა. მანამდე სპილბერგმა ის ფილმი უნდა გამოუშვას, რომელსაც ჯონ უილიამსის მუსიკის გარეშე იღებს! ეს გახლავთ დრამა ტრილერის გარნირით Bridge of Spies, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენქსი შეასრულებს, მუსიკის ავტორი კი 12 „ოსკარზე“ ნომინირებული ტომას ნიუმანი იქნება. ამის შემდეგ სპილბერგი როალდ დალის The BFG-ს (Big Friendly Giant) მიუბრუნდება, რომლის გადაღებაც ფაქტობრივად დაწყებული აქვს და, რაც მთავარია, მისი კომპოზიტორის პოზიციაზე ისევ ჯონ უილიამსის სახელი იკითხება!

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან