უოლას რუნის საოცარი საყვირი
23 მარტი, 2015
1132
print

„უოლას რუნის საყვირის ტონალობა, ჟღერადობა და ხასიათი აუცილებლად მოგაგონებთ ადრეულ მაილს დევისს, რომელთან მსგავსების გამოც მუსიკოსს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მისი საუკეთესო „დანაშაულია“, რადგან დიდებული ტექნიკით საუკეთესოდ შეუძლია ზღაპარივით ლამაზი მელოდების გადმოცემა. მსმენელი კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიხვდება, რომ მის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი დგას“, - ვწერდით უოლას რუნის კონცერტის დასაანონსებელ სტატიაში, რისი ფაქტობრივი დადასტურებაც რამდენიმე დღის წინ ჯაზსერიის ფარგლებში გამართულ კონცერტზე მოვისმინეთ. რუნიმ და მისმა ბენდმა ჯაზის მოყვარულებს კიდევ ერთი საოცარი საღამო გვაჩუქა, თავად კონცერტი კი, ტრადიციულად, ”ისტერნ პრომოუშენის” საჩუქარია.

რაც წლები გადის, თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალებს შორის დროით სივრცეში მოქცეული ჯაზსერია მეტი პოპულარობით სარგებლობს. ეს, ცხადია, პროგრამის დამსახურებაა, ჯაზსერიას მსმენელი ემატება, იზრდება ჯაზის მოყვარულთა არმიაც, რომელიც სულ მალე ბათუმში გადაინაცვლებს. ივლისში დაგეგმილი ფესტივალის ლაინაპი ნელ-ნელა ივსება. ცხადია, ახლა სტუმრებს არ დაგისახელებთ, თუმცა თიზერის სახით მაინც გეტყვით, რომ წლევანდელი შავი ზღვის ჯასფესტივალი საოცრება იქნება!

ჯაზსერიის მორიგი კონცერტი, ახლა უკვე ტრადიციისამებრ, კახა თოლორდავამ გახსნა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ვინც ჯაზს კარგად იცნობს, მისთვის უოლას რუნის წარდგენა საჭირო არაა. ასეცაა - უოლას რუნი გახლავთ მუსიკოსი, რომელიც 30 წელიწადზე მეტია პროფესიულ სცენაზე დგას, მის ბეგრაუნდში კი მაილს დევისიდან დაწყებული ჰერბი ჰენკოკით დამთავრდებული თითქმის ყველა ლეგენდარულ მუსიკოსთან თანამშრომლობა იკითხება.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ კონცერტის დომინანტი ინსტრუმენტი საყვირი იქნებოდა და ასეც მოხდა. პირველი კომპოზიცია, რომელიც გამების მსგავსი მონაკვეთებისგან შედგებოდა, სწორედ საყვირის აკორდებით დაიწყო. მუსიკოსი თითქოს თავის სამყაროში გვეპატიჟებოდა, საითკენ მიმავალ გზაზეც ისევე გვიყრიდა მუსიკალურ ნამცეცებს, როგორც ეს ჰენზელისა და გრეტელის ზღაპარშია. კონცერტის უდავოდ საუკეთესო ნაწილი იყო, როდესაც მესაყვირეს საქსოფონისტი ბენ სოლომონი უერთდებოდა და ამ ორი ულამაზესი ჟღერადობის მქონე ინსტრუმენტის საოცარ დუეტს ვისმენდით: ორივე ხმაშეთანხმებულად უკრავდა, თუმცა ისე, რომ არც ერთი დაკარგულიყო და არც მეორე ყოფილიყო დომინანტი.

ჯაზსერიის შემდეგი კონცერტი 18 აპრილს გაიმართება. ამ დღის გმირი პიანისტი ჯეფ ლორბერი და მისი კვარტეტი იქნება. თუ ამ კონცერტზე გსურთ მოხვედრა, უნდა იჩქაროთ, რადგან, დღევანდელი მონაცემებით, ოთხიოდე ბილეთია დარჩენილი. პრაქტიკულად გაყიდულია ჯაზსერიის ბოლო კონცერტის (21 მაისი), კრისტიან მაკბრაიდის ტრიოს საღამოს ბილეთებიც - ორი თვით ადრე სულ რაღაც 20 ბილეთია დარჩენილი. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ 30 აპრილს თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღის ვარსკვლავი ბასისტი რონ კარტერი იქნება, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე პიანისტ დონალდ ვეგასა და გიტარისტ რასელ მალოუნისთან ერთად გამოვა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედებს ჯაზსერიის ტრადიციული სპონსორის, თიბისი სტატუსის ფასდაკლების სისტემა: ბილეთების TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ის და TBC Status-ის ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი (15-20%-იანი ფასდაკლება).

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...