მეტროდან ბახის მუსიკა ისმის
19 მარტი, 2015
1284
print

არ აქვს მნიშვნელობა, კლასიკური მუსიკა გიყვართ, კლასიკური მუსიკის შესახებ მხოლოდ გსმენიათ, ყურმოკვრით იცით, ვინ იყო იოჰან სებასტიან ბახი ან მის ყველა დაბადების დღეს აღნიშნავთ, გირჩევთ, 21 მარტს, დღის პირველ ნახევარში არაფერი დაგეგმოთ. ამ დღეს, 14 საათიდან ვაკის პარკის მედიათეკისკენ დაიძარით, სადაც პატარა ორკესტრის დიდი კონცერტის მოსმენას შეძლებთ, ამავდროულად კი მსოფლიოს 39 ქვეყანაში მიმდინარე პროექტის მონაწილეც გახდებით.

ეს გახლავთ პროექტი სახელწოდებით Bach in the Subways, რომელიც წელს ოფიციალურად მეხუთედ იმართება, თუმცა ერთი წლით ადრე დაიბადა. ეს 2010 წელს ნიუ იორკში, უფრო კი მის მიწისქვეშა ნაწილში მოხდა: ერთ-ერთი მეტროს სადგურში მგზავრებს მოულოდნელად ვიოლონჩელოს ხმები მოესმათ, მატარებლების ხმაურის მინელების შემდეგ კი ბახის მუსიკის აკორდები გაარჩიეს. ცხადია, ეს იმპროვიზებული კონცერტი ონლაინ რეჟიმში იქცა მოვლენად: ასობით შემთხვევითმა მსმენელმა ვიოლონჩელისტის გამოსვლა ტელეფონებით გადაიღო და სოციალურ ქსელებში განათავსა. მალე ვიდეომ ტელევიზიებშიც გადაინაცვლა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ იმ დღეს ბახს ამერიკელი მუსიკოსი დეილ ჰენდერსონი ასრულებდა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ დეილ ჰენდერსონმა ინსტრუმენტი კიდევ ერთხელ ჩაიტანა მეტროში, თუმცა ამჯერად მარტო აღარ იყო - მასთან ერთად სამი მუსიკოსი უკრავდა. 2012 წელს უკვე პროექტად ქცეული მოვლენა ჯერ კიდევ ნიუ იორკში რჩებოდა, თუმცა ამჯერად 13 მუსიკოსით, მომდევნო წელს მათი რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი ოთხი ქვეყნის 22 ქალაქში 77 მუსიკოსი უკრავდა. წლევანდელი ღონისძიება წარმოუდგენლად მასშტაბურია. სულ დარეგისტრირდა 39 ქვეყნის 129 ქალაქი, მუსიკოსების რაოდენობას კი უკვე აღარც ითვლიან.

წელს საქართველო პირველად უერთდება Bach in the Subways-ს პროექტს, მსოფლიო კი ხმას საქართველოდან ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების მიერ შესრულებული მუსიკით გაიგებს. მათ მიერ მომზადებულ პროგრამაშია ორმაგი კონცერტი ორი ვიოლინოსთვის (რე მინორი), არია, ქორალები, პარტიტები და სიუიტები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრი, გუნდი და სოლისტები. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება. დასწრება უფასოა.

ბახის შემოქმედევბისა და ზოგადად კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის გარდა ეს აქცია მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაერთიანებას, სხვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა გაცნობას, თანამშრომლობას, კონკრეტულად მუსიკოსების ერთმანეთთან დაახლოებას და მსმენელის ცოცხალ მუსიკასთან შეხვედრას ითვალისწინებს.

წლევანდელი აქცია მონაწილეთა სიმრავლის გარდა იმითაც აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება იოჰნ სებასტიან ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილეს აღნიშნავს. პროექტის ასეთი მასშტაბურობაც ამით აიხსნება.

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...