სოფიადან ჯილდოს გარეშე და რამდენიმე ჯილდოთი
16 მარტი, 2015
1123
print

მართალია, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალიდან მთავარი ჯილდოს გარეშე დავბრუნდით, სათქმელი მაინც ჩამოვიტანეთ: რეჟისორი ნანა ჯორჯაძე მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს (ის ლევან კოღუაშვილთან ერთად საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაშიც იყო), ხოლო გრიგოლ აბაშიძისა და ლაშა ხალვაშის პროექტი „მეზობლები“ ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings საუკეთესო პროექტად აღიარეს და პოსტპროდუქციისთვის 10 000 ევრო გადასცეს. წლევანდელი ფესტივალი ქართული კინოსთვის სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო - სექცია FOCUS ON GEORGIA ახალ და უკვე კლასიკად ფილმებს მასპინძლობდა.

შარშანდელი თბილისის კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი ფილმი, ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ ამჯერად სოფიას კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოდა. 12 საკონკურსო ფილმიდან ჟიურიმ ბულგარულ-ბერძნული „გაკვეთილი“ ამოარჩია - ჩვეულებრივი სკოლის ინგლისურის მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების რთული ურთიერთობის ისტორია, რასაც მასწავლებლის პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოჰყვება. კონკურსში ასევე მონაწილეობდა ბულგარული „ღალატი“, ირანული „უსაზღვრო“, უნგრული „ზოგი აუხსნელი მიზეზის გამო“, მექსიკური „ჰილდა“, ესპანურ-ურუგვაულ-გერმანული „მისტერ კაპლანი“, სერბულ-ხორვატული „არავის შვილი“, ირლანდიური „პარტიკის დღე“, ყატარულ-იორდანული „თიბი“, ბრიტანული „წყნარი საათი“ და გერმანული „ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ჩენ ძლიერები ვართ“. არ არის გამორიცხული, ამ ფილმთა ნაწილი თბილისის მომდევნო კინოფესტივალზეც ვიხილოთ.

Sofia Meetings-ში კიდევ ერთი ქართული პროექტი მონაწილებდა: გიორგი ოვასშვილის „ხიბულა“. ამ უკანასკნელის შესახებ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, რაც არა მხოლოდ რეჟისორის ვინაობითაა გამოწვეული, არამედ იმითაც, რომ პროექტი ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს აღწერს, რომლებიც მან სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაატარა. ამ პროექტზე ოვაშვილი საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს, ჯერ კიდევ „სიმინდის კუნძულამდე“, თუმცა მუშაობის დაწყება იმის გამო ჭიანურდება, რომ პროქტი ფინანსების ნაწილის მოპოვებას ვერ ახერხებს.

რაც შეეხება სოფიას კინოფესტივალის სექციას FOCUS ON GEORGIA, როგორც გითხარით, ის ორ განყოფილებად იყო წარმოდგენილი. კლასიკურ ნამუშევრებს შორის იყო „ცისფერი მთები“, „შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი“, „გიორგობისთვე“, „ფიროსმანი“, „მონანიება“ და „ნატვრის ხე“. ახალი ფილმებიდან კი კინოფესტივალის სტუმრებმა ნახეს „შემთხვევითი პაემნები“, „პატარძლები“, „სიმინდის კუნძული“, „ღვინის აკვანი“, „არ ისუნთქო“, „ჩემო ქალთევზა, ჩემო ლორელაი“, „მანდარინები“ და „კარასტანში დაკარგულები“.

ეს უკანასკნელი ჩვენს მაყურებელს ჯერ არ უნახავს, თუმცა მოლოდინი საკმაოდ დიდია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პირველი ქართულ-ბრიტანული პროდუქტია, სცენარის თანაავტორი წლევანდელი „ოსკარის“ მფლობელი „იდას“ რეჟისორი პაველ პავლიკოვსკია, მთავარ როლს კი ბრიტანელი მეტიუ მაკფადიენი თამაშობს. ვერ გეტყვით, როგორი იყო სოფიას კინოფესტივალის აუდიტორიის რეაქცია და დაზუსტებით არც ის ვიცით, როდის გამოვა ეს ფილმი ჩვენს გაქირავებაში, მაგრამ რომ გამოვა ეს ზუსტად ვიცით.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან