პუტინთან ერთად და პუტინის გარეშე
14 მარტი, 2015
2291
print

დიმიტრი ავალიანი

პარასკევს, საჯარო სივრციდან ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი რუსული ტელეარხების ეთერში გამოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა და მასთან სასამართლოს რეფორმირების საკითხები განიხილა. მოკლედ, საზოგადოებას ჩვეულებრივი რუტინული შეხვედრა უჩვენეს, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, „ნაციონალური ლიდერი“ კვლავაც მწყობრშია და ქვეყნის სადავეები ხელიდან არ გაუშვია.

თითქოს არ ყოფილა „როიტერის“ სკანდალური ცნობა პუტინის ავადმყოფობის შესახებ, ყაზახეთში გადადებული ვიზიტი და „სამხრეთ ოსეთთან“ ხელშეკრულების ხელმოწერის გაუქმებული ცერემონია. ბოლო დღეებში იმ ეჭვების გაქარწყლებას, რომლებმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, პუტინის პრესმდივანი სიტყვიერად ცდილობდა, პრეზიდენტის ვებგვერდზე კი პუტინის შეხვედრების ამსახველი ფოტოები ქვეყნდებოდა, რომლებიც, რუსული წყაროების ცნობით, რამდენიმე დღის წინანდელ შეხვედრებს ასახავდა. ზოგიერთი სკეპტიკოსი არც ბოლო შეხვედრის ვიდეოჩანაწერმა დაარწმუნა...

ფაქტია, რომ პუტინის გაუჩინარებამ, როგორც ეს ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხდება, ქვეყნის ცხოვრების ჩვეული რითმი დაარღვია და საზოგადოებაშიც გარკვეული აჟიოტაჟი შექმნა. სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლებით დაწყებული, ავტორიტეტული ექსპერტებით დამთავრებული, უამრავი ვერსია გამოითქვა – პუტინის გარცდაცვალებიდან ან მძიმე ავადმყოფობიდან, „სასახლის გადატრიალებამდე“.

ზოგიერთმა ექსპერტმა პუტინის გაუჩინარება ნემცოვის მკვლელობასაც დაუკავშირა, რომელმაც, თითქოს, რუსულ ელიტაში განხეთქილება აჩვენა. კერძოდ, ეთნიკურად ჩეჩნების დაკავება და მკვლელობის კვალის რამზან კადიროვამდე მიყვანა უშუალოდ პუტინისთვის დარტყმა უნდა ყოფილიყო, რომლის ერთგული დასაყრდენიც ჩეჩნეთის პრეზიდენტია.

შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს არც ერთი ვერსია არ აღმოჩნდეს, ცოტა ხანში კი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ჩვეულ ფორმაში ვიხილოთ და მისთის ჩვეული თავხედური პოლიტიკური განცხადებებიც მოვისმინოთ. თუმცა, ბოლო დღეებმა ბევრი დააფიქრა, როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოში - როგორი შეიძლება იყოს რუსეთი პუტინის გარეშე და რას უქადის მოსკოვში პოლიტიკური სიტუაციის ამგვარი ცვლილება რეგიონს და მსოფლიოს.

არავინ აღარ დავობს იმაზე, რომ დღევანდელ დემოკრატიულ ოპოზიციას რუსეთში, თუნდაც პუტინის ფაქტორის ერთბაშად გაქრობის შემთხვევაშიც, ხელისუფლებაში მოსვლის შანსი პრაქტიკულად არ ექნება. გარდა იმისა, რომ პუტინს და მის პოლიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ რუსეთის დღევანდელი მმართველი სისტემისთვის საზოგადოების აზრი რაიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ფაქტობრივად არ წარმოადგენს.

რუსეთში ხელისუფლების შეცვლის დღესდღეობით ერთადერთი შესაძლო სცენარი „სასახლის გადატრიალებაა“. ტრადიციულად პუტინის გარემოცვა ე. წ. „სისტემურ ლიბერალებად“ და „ქორებად“ იყოფა. პირველებს შორისაა პრემიერი მედვედევი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი კუდრინი, მილიარდერი პროხოროვი და ა. შ. ქორებს შორის კი პუტინის ადმინისტრაციის უფროსი ივანოვი, ФСБ–ს შეფი ბორტნიკოვი და თავდავიცვის მინისტრი შოიგუ მოიაზრებიან.

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ყირიმის ანექსიით გამოწვეული ეიფორიისა და კრემლის მიერ გაღვივებული საომარი ისტერიის პირობებში პირობით ლიბერალებს რუსულ ელიტაში თეორიული შანსიც აღარ რჩებათ.

აშკარაა, პუტინის ქმედუუნარობისა თუ გადატრიალების შემთხვევაში, ძალაუფლება ხელში მილიტარისტულ, აგრესიული პოლიტიკის მომხრე ფრთას ჩაუვარდება. რასაც, ალბათ, მოჰყვება სიტყვის თავისუფლებისა თუ პოლიტიკური პლურალიზმის ჯერ კიდევ არსებული მიზერული კერების განადგურება, აგრესიული ომის გაგრძელება უკრაინაში, შესაძლოა სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ კავკასიასა ან საქართველოში (თუ კრემლის ახალმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ აქ საქმე დასამთავრებელი აქვთ). და როგორც რეაქცია – უფრო მკაცრი სანქციები ცივილიზებული სამყაროს მხრიდან და რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო დაცემა.

ამას ადრე თუ გვიან რუსეთის სრული დესტაბილიზაცია მოჰყვება, არაპროგნოზირებადი შედეგით. რადგან მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირების რესურსი რუსეთს არ გააჩნია.

ალბათ, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ პუტინის შემდგომი ხელისუფლება პრაგმატულ გათვლებს გააკეთებს და აგრესიულ პოლიტკაზე უარს იტყვის. თუმცა, სანამ ხელისუფლებაში პუტინია, ეს შანსი თეორიულადაც არ არსებობს.

 

 

 

 

 

 

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს