კრემლის ახალი მანევრი
11 მარტი, 2015
2474
print

რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა ევროკავშირში იჭრება

 პაატა ვეშაპიძე

იტალიური ყოველკვირეული ”პანორამა” იტყობინება, რომ მოსკოვმა სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა ბერძნულ კვიპროსთან - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრთან. ხელშეკრულების თანახმად, კვიპროსზე განლაგდება რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ლოჯისტიკურად უზრუნველყოფს და მოემსახურება ხმელთაშუა ზღვაში მცურავ რუსეთის სამხედრო ფლოტს. ამის სანაცვლოდ, რუსეთმა ხუთი წლით გადადო კვიპროსისთვის კრედიტად მიცემული 2,5 მილიარდი ევროს გადახდა.

ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომის გაჩაღების შემდეგ, არაერთი ევროპელი ანალიტიკოსისთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ კრემლის ე.წ. გავლენის სფეროები აუცილებლად მისწვდება ევროკავშირსაც და თუ ესეც შერჩება, ევროინტეგრაციის იდეა სრული კრახით დასრულდება. უკრაინის შემდეგ, პუტინისთვის ნომერ პირველი სამიზნედ, რასაკვირველია, ევროკავშირთან ასოცირებული პოსტსაბჭოთა და ბალტიის ქვეყნები მიიჩნეოდნენ, შემდეგ - აღმოსავლეთ ევროპა. ამ მიმართულებების გადასაკეტად, ძირითადად აშშ-ს ძალისხმევით, გარკვეული პრევენცია ხორციელდება - შავ ზღვაში გამოჩნდნენ ამერიკული სამხედრო ხომალდები, ხოლო ბალტიისპირეთში საკმაოდ სერიოზული სახმელეთო ძალები გადაისხა და მასშტაბური წვრთნები დაიწყო. მაგრამ ეს ამერიკული გემები და ტანკებია. პუტინისაგან დაშანტაჟებული ევროპა კი კვლავაც ცდილობს, ეკონომიკური პრიორიტეტებით ააგოს ურთიერთობები რუსეთთან და თავს იტყუებს, რომ დიპლიმატიური საშუალებებით და სანქციებით შეძლებს პუტინის შეჩერებას. პუტინი კი არაფერს ერიდება და დგამს ნაბიჯებს, რომლებიც არღვევს არა მხოლოდ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს, არამედ პირდაპირ ემუქრება თავად ევროკავშირის ერთიანობას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კვიპროსთან გაფორმებული სამხედრო ხელშეკრულება.

კვიპროსი, უფრო ზუსტად კი მისი ბერძნული ნაწილი, რომლის ეკონომიკის ხერხემალსაც ტურისტული ინფრასტრუქტურა და საბანკო-საფინანო ბიზნესი წარმოადგენს, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია. ის არაფრად აგდებს ევროკავშირის სხვა სუბიექტების პოზიციას, არც სანქციებს და თანხმდება რუსეთს სამხედრო ბაზის განთავსებაზე. რატომ? ამ შეკითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს - საბერძნეთის გავლენით. საქმე ისაა, რომ საბერძნეთის ახალ ხელისუფლებას საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან და, ყველა ნიშნით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გართულდება. სკეპტიკურ დამოკიდებულებას ევროს მიმართ, ევროკავშირის ეკონომიკური რეგულაციების კრიტიკას ზედ დაერთო რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული პროვოკაციული განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ ევროკავშირის სახელმწიფოები საბერძნეთს არ აპატიებენ 1,9 მილიარდი ევროს მოცულობის ვალს, საბერძნეთი ევროპისკენ გაუხსნის გზას ემიგრანტებს არაბული და ჩრდილოაფრიკული ქვეყნებიდან. მათ შორის ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ევროპის მოქალაქეების უსაფრთხოების მხრივ დიდ პრობლემებს შექმნიანო - დასძინა საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. საფრანგეთსა და გერმანიაში სასწრაფოდ მოითხოვეს საბერძნეთის გაძევება შენგენის ხელშეკრულებიდან. ამ ფონზე, სანქცირებულმა მოსკოვმა არაერთგზის გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ ფინანსურად დაეხმაროს ათენს. ყოველივე ამის შემდეგ სრულიად ახსნადია, რატომ დაიდო სამხედრო ხელშეკრულება რუსეთსა და კვიპროსს შორის.

მთელ ამ ისტორიაში იკვეთება საგულისხმო აქცენტები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. პუტინი, როგორც ჩანს, ახალ მანევრს იწყებს. ის შეეცდება ახლო ურთიერთობები დაამყაროს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან. ფინანსური ინექციებითა თუ სხვა სახის პრეფერენციებით ის მათ მიბმას შეეცდება, რათა შემდეგ პოლიტიკური თუ სამხედრო-სტრტეგიული მიზნებისთვის გამოიყენოს. ამით ის ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს - ერთი ის, რომ ხელს შეუწყობს ევროკავშირის დაქსაქსულობას და აგურ-აგურ გამოაცლის საფუძველს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანი ევროპის იდეას; მეორე - სრულიად ცხადად დაანახებს მთელ დასავლეთს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს და რუსეთთან ჭიდილს, სჯობს მის ნებას დაჰყვნენ. საბერძნეთის და კვიპროსის გარდა, კრემლი ეცდება ევროკავშირის წევრი კიდევ რამდენიმე ქვეყნის დაკაბალებას აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელთაც შედარებით სუსტი ეკონომიკა აქვთ.

ეკონომიკური ბერკეტების შესაქმნელად ის საქართველოშიც იზრუნებს და ეს არ იქნება მხოლოდ აქ წარმოებული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება. რუსეთი შეეცდება ისარგებლოს ყველა სისუსტით, რაც კი გამოვლინდება საქართველოს ეკონომიკაში და საჭირო დროს ისე ისარგებლებს ამ სისუსტეებით, რომ მადლობასაც ათქმევინებს რთულ მდგომარეობაში მყოფ ხელისუფლებას.

და ღმერთმა არ ქნას, ისე მოხდეს, ქვეყანამ საგარეო კურსი კი არ შეცვალოს, არამედ აღმოაჩინოს, რომ ამ კურსის განსაზღვრის არავითარი ბერკეტი აღარ გააჩნია. რუსეთი სწორედ ამას ესწრაფვის, თანაც ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეყნებში.

 

 

სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს