კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
09 მარტი, 2015
1601
print

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის“ სირთულეები და პრობლემები

ირმა მგელაძე

ბერნის გიმნაზიის ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი,

ფიზიკის დიდაქტიკის მიწვეული დოცენტი (ETH Zürich)

დაახლოებით, ორი წლის წინ, საგამოცდო კომისიამ გაასაჯაროვა მასწავლებელთა გამოცდების კატასტროფული შედეგები. ყველაზე დრამატული სურათი კი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა გამოცდებმა აჩვენა. ასეთ დიდ „აფეთქებას“ უნდა მოჰყოლოდა დაუყოვნებელი ქმედებები არამარტო მთავრობის, არამედ საზოგადოების მხრიდანაც. საზოგადოებამ, სამწუხროდ, მალე დაივიწყა უჟანგბადოდ დარჩენილი მოსწავლეები. განათლების მესვეურებსაც ბევრი დრო დარჩათ ცვლილებების შესამუშავებლად. სამწუხაროდ, იმდენად დიდი დრო, რომ ურთულესი სქემა შექმნეს მასწავლებლების საგნობრივი თუ პედაგოგიური უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. ალბათ, NASA-ს მიერ შემუშავებული მთვარეზე დაჯდომის გეგმა უფრო მარტივი იყო, ვიდრე ის, რაც განათლების მოხელეებმა შემოგვთავაზეს.

სანამ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის“ სირთულეებსა და ნაკლოვანებებზე ვისაუბრებ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ არსებულ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და არის, ხოლო საგამოცდო კომისიამ ისინი დაითვალა და აღწერა.

სურათი რომ სწორად აღვადგინოთ, მოვიყვან 2013 წლის გამოცდების ორ შედეგს. ფიზიკის მასწავლებელთა 92 პროცენტმა არასაკმარისი საგნობრივი ცოდნა გამოავლინა, მათემატიკის გამოცდაში დაწესებული ბარიერი კი 85 პროცენტმა ვერ გადალახა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013 წელს გამოცდა ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო, ანუ ეს მასწავლებლები თავიანთი სურვილით გავიდნენ გამოცდაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, რომლებიც გამოცდაზე არ გავიდნენ, ამ სავალალო სურათს, სავარაუდოდ, ვერ გააუმჯობესებდნენ. ორივე საგნის გამოცდა შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სასწავლო პროგრამა აწესებს, ე. ი, რაც მასწავლებლებმა მეორე დღეს უშუალოდ მოსწავლეებს უნდა ასწავლონ და არა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც დიპლომიანი მათემატიკოსი ან ფიზიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ, ამ გამოცდების არადამაკმაყოფილებელი შედეგი მასწავლებლების კვალიფიკაციის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს.

თავიდანვე არასწორად მიმაჩნდა მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჯაროება, თუ განათლების მესვეურნი საზოგადოებას კრიზისიდან გამოყვანის სამოქმედო გეგმას არ შესთავაზებდა. იმდენად, რამდენადაც არსებულ პირობებში და არსებული რესურსებით თითქმის შეუძლებელი იყო პრობლემის გადაჭრა, მავნებლობაა, საზოგადოებას და, რაც მთავარია, მოზარდებს მოთხოვო, დაესწრონ ფიზიკის გაკვეთილებს და, იმავდროულად, განაცხადო, რომ მასწავლებლების უმრავლესობამ საგანი არ იცის. ამ გზავნილით, ერთი მხრივ, ვასწავლით მოზარდებს, რომ პატივი არ სცენ იმ დაწესებულებას, სადაც დღის ყველაზე პროდუქტიულ დროს ატარებენ, მეორე მხრივ კი, ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში ამ დაწესებულებისათვის ცუდი იმიჯის შექმნას. იმიჯი კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალების მოსაზიდად.

ჩემი აზრით, ერთადერთი სტრატეგია შეიძლება, ყოფილიყო ამ პედაგოგთა დროებითი განთავისუფლება (გარკვეული ანაზღაურების შენარჩუნებით) და სრული დატვირთვით, მინიმუმ, ერთწლიანი საგნობრივი და პედაგოგიური გადამზადება. კურსების წარმატებულად დამთავრების შემდეგ მასწავლებელი დაუბრუნდებოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, წინაღმდეგ შემთხვევაში კი, ის გადამზადდებოდა უფრო დაბალი კლასების პედაგოგის კვალიფიკაციით.

ასეთი რადიკალური ქმედებები გამოიწვევდა მასწავლებელთა კადრების უკმარისობას, მაგრამ მოზარდები ნაკლებად დაზარალდებოდნენ. მოსწავლეები გამოტოვებდნენ, მაგალითად, თერმოდინამიკას, სამაგიეროდ, საფუძვლიანად შეისწავლიდნენ ელექტროობას და, რაც მთავარია, თავიდან აიცილებდნენ ყალბ და უპატივცემულო ურთიერთდამოკიდებულებას.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეს პრობლემები და გამოწვევები ნამდვილად არ აკლია. დღევანდელი ვითარება, სამწუხაროდ, პრობლემას ჯერ კიდევ ვერ ასახავს სრულყოფილად. უფრო რთულად იქნება საქმე მომავალში, რადგან დაიწყება საბუნებისმეტყველო დარგების მასწავლებელთა უკმარისობა, რაზეც მიუთითებს ამ ფაკულტეტებზე სტუდენტთა სიმცირე და მათი ინტენსიური გადინება საზღვარგარეთ. სამინისტრო ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც ვალდებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები შეიმუშაოს, მაგრამ - არა ერთადერთი, საზოგადოებასაც მოეთხოვება მეტი აქტიურობა, მეტი ჩართულობა და ჯანსაღი კრიტიკა.

მთელი ამ პრობლემების ფონზე სამინისტრომ მიიღო: „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა, 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა“

გეგმა 39 გვერდიანია, ასე რომ, საგაზეთო ფორმატში მისი განხილვა წარმოუდგენელია. ამიტომ, მხოლოდ ერთ სიახლეს - ეგრეთ წოდებულ მასწავლებელთა სტატუსსა და ამ სტატუსის რეგულაციას განვიხილავ.

რას გვთავაზობს განათლების სამინისტრო?

სამინისტრო გვთავაზობს მასწავლებელთა იერარქიულ, კასტურ სისტემას. პრაქტიკოსი მასწავლებელი დამწყებ მასწავლებელს აღნიშნავს, ნიშნავს. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და გასაგებიცაა, რომ დამწყებ მასწავლებელს გამოსაცდელი ვადა დაუწესო. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ ის უეცრად უფროს მასწავლებლად გადაიქცევა, ვითომ მხოლოდ მასწავლებელი არასაკმარისად ღირსეული წოდება იყოს. მაგრამ, მოდი, დეტალებს ნუ გამოვეკიდებით, როდესაც წინ უფრო მეტი უცნაურობა გველის. „უფროსი“, თურმე, საკმაოდ შენიღბული წოდება ყოფილა, რადგან, სინამდვილეში, „უმცროსს“ ნიშნავს. ამას მოჰყვება შემდეგი საფეხური, რომელიც ზედა კასტის მასწავლებლებს გამოყოფს. ისინი წამყვანი მასწავლებლები არიან. სახელის კრიტიკა უკვე ზედმეტია. აი, ნამდვილი „უფროსი“ მასწავლებელი კი მენტორია.

თავისთავად, ასეთი იერარქიული სისტემის არსებობა მასწავლებელთა შორის საკმაოდ პრობლემურია, რადგან მასწავლებლის კვალიფიკაციის ერთადერთი გარანტი შესაბამისი უმაღლესი სკოლის დიპლომია. მათ შორის, სამეცნიერო ხარისხის მატარებლებიც რომ იყვნენ, ეს სკოლისთვის არანაირ დამატებით უპირატესობას არ წარმოადგენს. შეიძლება, ეს საგნობრივი ცოდნის მეტ სიღრმეზე მიუთითებდეს და ახალგაზრდის მოტივაციისთვის ღირებული იყოს, მაგრამ არანაირი მოქმედებს გაკვეთილის ხარისხზე.

მაგალითისთვის აღვნიშნავ, რომ შვეიცარიის გიმნაზიებში ხშირად ასწავლიან კვლევაში გამოცდილების მქონე სპეციალისტები, შესაბამისად, დოქტორის ხარისხით, მაგრამ ეს სრულიად არ აისახება არც მათ წოდებაზე და არც - ხელფასზე.

აღვნიშნოთ, რომ, თუ მსგავსი გრადაცია უმაღლეს სკოლაში არსებობს, ამას იქ შინაარსობრივი დატვირთვა აქვს და შეფასების ობიექტური კრიტერიუმებიც მოეპოვება. ამ გრადაციის პირდაპირი გადმოტანა საშუალო სკოლაში არასწორი და ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება.

კასტურ სისტემაზე უფრო პრობლემატურია ამ სისტემის განხორციელების გეგმა, საკმაოდ რთულად გაწერილი პუნქტების სისტემით.

ამ გეგმიდან ორ ასპექტს გამოვყოფ:

პროფესიული ლიტერატურის შექმნა.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროფესიული ლიტერატურის შექმნა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა მასწავლებლის ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასასვლელად ან ამა თუ იმ საფეხურის შესანარჩუნებლად.

თვითონ ვარ ფიზიკის სახელმძღვანელოს ავტორი. ვერანაირი ლოგიკით ვარ ვხსნი, რატომ შეიძლება, ჩემ მიერ ჩატარებული ლექცია უკეთესი იყოს, ვიდრე ჩემი კოლეგის, რომელიც ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობს. მეტიც, 2 დღის წინ გავაგზავნე ერთ ჟურნალში სტატია და იმ დღეების განმავლობაში ყველაზე ნაკლებად კონცენტრირებული ვიყავი ჩემს ძირითად საქმიანობაზე, ლექციების მომზადებაზე.

მათთვის, რომლებიც დამატებით საქმიანობას ასრულებენ, არსებობს დამატებითი ანაზღაურება იმ დაწესებულებისგან, რომელთათვისაც ეს სრულდება და ამით კომპენსირდება ის დამატებითი დრო. ეს, ასევე, ეხება ტრენინგმოდულობის ჩატარებას თუ სხვა აქტივობას.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

უფრო სერიოზული პრობლემაა კოლეგების მიერ გაკვეთილზე დასწრების მექანიზმის შემოღება, რაც შეფასების უშუალო ნაწილია და ის განაპირობებს იერარქიული სისტემის სხვადასხვა საფეხურზე გადასვლა-შენარჩუნება.

თავისთავად, კოლეგების შეფასება და შენიშვნები, ძალიან კარგი მექანიზმია იმ კულტურებში, სადაც ეს სასკოლო ასაკიდან ინერგება. ბავშვები სკოლებშივე ეჩვევიან წარმოდგენილი ნაშრომის თუ მოხსენების შეფასებას, მაგრამ სკოლებში თანაკლასელების შეფასება არასოდეს აისახება ნიშანზე. ამიტომ ისინი სწავლობენ აზრის ღიად და დასაბუთებულად გამოთქმას. ერთმანეთის შეფასების კრიტერიუმები ასევე ისწავლება და გამოიყენება დასავლეთ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ზოგადი პედაგოგიკის შესავალ კურსებზე. ამდენად, სრულიად ბუნებრივია იქ, სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფისთვის, პერიოდულად ერთმანეთის ლექციებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ერთმანეთის შესახებ გამოთქმული აზრები სხვაგან არსად ფიქსირდება, და გავლენას არ ახდენს მათ კარიერაზე.

ალბათ, მსგავსი პრაქტიკის გადმოტანა სურდა განათლების სამინისტროს, მაგრამ შემოგვთავაზა მოდელი, როდესაც კოლეგების მიერ გამოთქმული აზრი კასტური სისტემის სამართავად იქნება გამოყენებული. განათლების კულტურაში შედარებით უცხო ელემენტი (ერთმანეთის შეფასება Feedbeck-ით) უშუალოდ იმოქმედებს კოლეგების ხელფასსა თუ პოზიციაზე, რაც შექმნის სკოლაში უარყოფით სამუშაო ატმოსფეროს.

და რაც მთავარია, ეს მოდელი გვთავაზობს კასტურ სისტემას სკოლაში, რომელიც ერთ მასწავლებელს, სწავლებისთვის არარელევანტური კვალიფიკაციების გამო, მეორე მასწავლებელზე მაღლა აყენებს.

ერთი დადებითი მომენტი მაინც არის მთელ ამ პროექტში: ეს პროექტი ერთი წელი იმუშავებს საპილოტე რეჟიმში. თუ ამ ხნის განმავლობაში მასწავლებლები გამოიჩენენ უფრო მეტ სიმწიფეს, რათა არ ჩაებან ამ არაჯანსაღი გადარჩევის მოდელში, ისინი შეძლებენ ამ პროექტის ლეგიტიმაციის საკითხის დაყენებას.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო
17 მაისი, 2013 ამერიკული განათლების ხარისხი უკვე საქართველოშია