წმინდა რუსული მკვლელობა
03 მარტი, 2015
1416
print

დიმიტრი ავალიანი

ბორის ნემცოვის მკვლელობის თაობაზე რუსმა სამართალდამცველებმა, პირდაპირ თუ ირიბად, სხვადასხვა ვერსიების „შემოგდება“ იჩქარეს – ეჭვიანობის, უკრაინელ „სპონსორთა“ (?) თუ ისლამისტების შურისძიების ჩათვლით.

ოპოზიცია, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ძირითადად ორ შესაძლო ვერსიას განიხილავენ – მკვლელობის დამკვეთი ან ხელისუფლებაა, ან დანაშული პროსახელისუფლებო „აინტიმაიდანის“ აქტივისტებმა, ანდა უკრაინაში მებრძოლმა „მოხალისეებმა“ ჩაიდინეს. რაზეც პასუხისმგებლობა ასევე ვლადიმირ პუტინს ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში საომარი ისტერია გაეღვივებინა.

მთელი რიგი გარემოებები იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელები, სულ მცირე, ხვდებოდნენ, რომ კრემლის წინ დანაშაულის ჩადენაში მათ ხელს არავინ შეუშლიდა და დაუსჯელები დარჩებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სათვალთვალო კამერები „მხოლოდ კრემლს უყურებს“ და, შესაბამისად ხიდზე მომხდარს ვერ გადაიღებდა. დღემდე გაურკვეველია, არსებობს თუ არა ჩანაწერი მერიის კუთვნილ კამერებზე. ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ტელეკომპანია ТВЦ–ს კამერამ გადაიღო, თუმცა ამ კადრებზე მკვლელობის მომენტში დანაშულის ადგილს თოვლის საწმენდი მანქანა ეფარება (მოსკოვში იმ დღეს თოვლი არ იდო).

გარდა ამისა, ოპოზიციის აქტივისტების მტკიცებით, ამ ხიდზე მათ არაერთხელ გამოუკიდიათ ხელსუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგები და უკრაინის დროშები. ყველა ასეთ აქციაზე აქტივისტებს პოლიცია რამდენიმე წამში აკავებდა. ნემცოვის მკვლელობის შემთხვევაში კი, პოლიციის მისვლას 10 წუთი დაჭირდა...

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი კრემლის რეჟიმია, რომელმაც ის თავად, თუ საკუთარი წაქეზებითა და სხვისი ხელით ჩაიდინა. თანაც, უკვე მკვლელობის მეორე დღეს ოპოზიციის აქტივისტებს და უფლებადამცველებს სახლებში პოლიციელებმა მიაკითხეს, „ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების“ აღწერის საბაბით. ბევრმა კი „ანტიმაიდანის“ სახელით მუქარის შემცველი სმს–ბი მიიღო.

ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც მოქმედ პოლიტიკოსს, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და გუბერნატორს, რომელსაც კარგად იცნობდნენ დასავლეთშიც, მხოლოდ მისი პოლიტიკური სამქმიანობის გამო კლავენ, ქვეყანაში თავს დაცულად ვერც ერთი განსხვავებულად მოაზროვნე ვეღარ იგრძნობს.

მართალია, ნემცოვისადმი მიძღვნილ მარშზე ბევრი ხალხი მივიდა, მაგრამ ეს ხალხიც ვერაფერს შეცვლის, როგორც ვერ შეცვალა 2011–2012 წლებში საპროტესტო გამოსვლების დროს. სანქცირებულ აქციებზე მისულ, მეტალოდეტექტორებში შემოწმებაგავლილ დემონსტრანტებს კრემლი დიდი ხანია საფრთხედ არ აღიქვამს, მათი რაოდენობის მიუხედავად.

პუტინის მომხრეთა მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ რუსეთის ლიდერს ნემცოვის მკვლელობა ხელს არ აძლევდა, თავად ოპოზიციონერი კი მას დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნიდა. რეალურად, ნემცოვი „ძველი ფორმაციის“ პოლიტიკოსი იყო და ოპოზიციურ მოძრაობაში რაიმე პრინციპულ სიახლეს ვერ შეიტანდა. რაც შეეხება გამოძიებას, რომელსაც ნემცოვი აწარმოებდა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული სამხედრო ძალების მონაწილეობის შესახებ, ამისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ნებისმიერ ინტერნეტ–მომხმარებელს Google-ში და youtube-ზე ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლია. დასავლეთმა ეს უკვე დიდი ხანია იცის, პუტინის კონტროლირებად მედიაში კი ეს ინფორმაცია ვერც ნემცოვის დახმარებით და ვერც მის გარეშე მოხვდებოდა.

კითხვაზე, რატომ მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მოჰყვება მის მკვლელობას და რა პროცესების მანიშნებელი იქნება ის რუსეთისთვის. პირველი ვერისიის, ანუ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, რუსეთს ყველაზე ცუდი ფორმით საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია ემუქრება – სხვაგვარად მოაზროვნეთა ტოტალური წმენდით, „გულაგ“–ებით, რკინის ფარდით და ა. შ.

ხოლო თუ მკვლელობა „ანტიმაიდანის,“ ან „ნოვოროსიის“ თვითშემოქმედება აღმოჩნდა, ეს რუსეთის ერთგვარ „დონეცკის რესპუბლიკად“ გადაქცევას მოასწავებს, სადაც ნაციონალისტები, შეიარაღებული ბანდების მეთაურები, „კაზაკები“, ატამანები და ა. შ. მათი მენტალობისა და შეხედულებების შესაბამის წყობილებას დაამყარებენ, პუტინთან ერთად, ან უფრო - მის გარეშე.

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს