ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
02 მარტი, 2015
1983
print

 პირველ დღეს დენიელ კიზის ”ყვავილები ელჯერნონისთვის” წაიკითხეთ, მეორე დღეს - ფილიპ დიკის ”კაცი მაღალ კოშკში”, რეი ბრედბერის ”ტანმოხატული კაცისთვის” მესამე დღე დათმეთ, მორის დიურონის ”მწვანეთითება ტისტუ” მეოთხე დღის წიგნია, ქეთრინ პეტერსონის ”ხიდი ტერაბითიაში” მეხუთესი, არკადი და ბორის სრუგაცკების ”ძნელია ღმერთობა” მეექსვე დღისთვის შემოინახეთ, მეშვიდე დღეს კი დაისვენეთ და მიხვდებით, რომ, სინამდვილეში, ღმერთობა არც ისე ძნელია...

ჩემი ერთი მგობარი ამბობს, რომ ბათუმში მხოლოდ ორი რამის ნახვა ღირს - ზღვისა და წიგნის მაღაზიის ”წიგნები ბათუმში”. შემდეგ ამატებს, რომ ზღვა მაინც ყველგან ზღვაა და ”წიგნები ბათუმში” პირველ ადგილზე გადმოაქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის, რამდენჯერაც ბათუმში ჩადის, იმდენჯერ მისი ფასადის მხატვრობის ფონზე იღებს ფოტოებს. წლების განმავლობაში ფოტოდან ფოტომდე ბევრი არაფერი იცვლება, თუმცა ცვლილებები თავად ”წიგნები ბათუმში” ხდება. ის უკვე აღარ გახლავთ მხოლოდ წიგნის მაღაზია - ჩვენს საგამომცემლო რუკაზე ამ სახელით უკვე ახალი გამომცემლობაა მონიშნული.

გასული კვირა სწორედ ”წიგნები ბათუმში” სახელს ატარებდა: თავად გამომცემლობის კონცეფციისა და ახალი, უფრო კი, პირველი წიგნების პრეზენტაცია ჯერ ბათუმში ჩატარდა, შემდეგ კი თბილისის ”ლიგამუსში”. სწორედ აქ წარმოგვიდგინეს გამომცემლობის დამაარსებლების, ირაკლი ბაკურიძისა და მარი კორინთელის ექვსეული - პირველი გამოცემები, რომლებიც ზემოთ უკვე ჩამოგითვალეთ, ქვემოთ კი ცოტა ვრცლად გაგაცნობთ.

ექვსიდან ოთხი სერია ”ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” წიგნებია. გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოცემული ”ყვავილები ელჯერნონისთვის” (მთარგმნელი თინათინ ხომერიკი) Nebula Award-ის (ამერიკის მწერალ-ფანტასტთა ასოციაციის პრემია) მფლობელი ნაწარმოებია, ფილიპ დიკის ”კაცი მაღალ კოშკში” (მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი) კი Hugo Award-ისა. ეს უკანასკნელი ალტერნატიული ისტორიის ამსახველ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიიჩნევა. მასში აღწერილი ისტორიის თანახმად მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერისა და კომპანიის გამარჯვებითა და აშშ-ს კაპიტულაციით დასრულდა... თუ შარშანდელი ჰიტი Wolfenstein: The New Order გითამაშიათ, მაშინ ეს ნაწარმოები ორმაგად დაგაინტერესებთ - სიუჟეტის მთავარი ქარგა თითქმის იდენტურია.

სულ სხვა დროსა და სივრცეში გადაგისვრით არკადი და ბორის სტრუგაცკების ”ძნელია ღმერთობა” (თარგმნა ქეთევან ნიკოლეიშვილმა) - უცნობ პლანეტაზე სახელმწიფო არკანარი არსებობს, რომლის ადამიანების იდენტური მოსახლეობაც შუა საუკუნებიის მსგავსი განვითარების პირობებში ცხოვრობს და დედამიწელთა მხრიდან დაკვირვებისა და შესწავლის საგანს წარმოადგენს. გამომცემლობის ”ფანტასტიკური სერიიის” მეოთხე წიგნია რეი ბრედბერის ”ტანმოხატული კაცი”. კრებული ბევრისთვის საყვარელი ავტორის რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს, თავად მოთხრობებს კი სწორედ იმ კაცის ტატუებით მოჩუქურთმებული სხეული.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ორი საბავშვო ნაწარმოები: ცისანა ბიბილეიშვილის მიერ თარგმნილი ”მწვანეთითება ტისტუ” და დავით ბალიაშვილის ქართულით გამოცემული ”ხიდი ტერაბითიაში” - ამავე სახელწოდების ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმის ლიტერატურული პირველწყარო.

აქვე კი გამომცემლობის მომავალ წიგნებს დაგიანონსებთ (დარწმუნებული ვარ, ამ აბზაცის ბოლოს თქვენს ბედნიერ ჭყლოპინს გავიგებ): გაზაფხულზე გამოვა არტურ კლარკის ”2001: კოსმოსური ოდისეა”, რეი ბრედბერის ”ბედნიერების მანქანა”, ფილიპ დიკის ”ცრემლი მოიწმინდე, თქვა პოლიციელმა”, როალდ დალის ”ფანტასტიკური მისტერ ფოქსი” და ”მატილდა”, ბერნარ ვებერის ”ჭიანჭველების” პირველი ნაწილი, არტურ კლარკისა და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობების კრებულები და ა.შ.

 

P.S. გავიგე.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული
12 თებერვალი, 2015 ბალადა პირველი ქართული გრაფიკული ნოველისა