სვანის სიყვარული
25 თებერვალი, 2015
1353
print

„ქაღალდის ნავი“ ჩემი გულის სიმღერად იქცა. ეს მუსიკა შენ შთამაგონე და მე ის შენთვის დავწერე...“, - წერს 22 წლის წინ ირაკლი ჩარკვიანი. წერილის ადრესატი გერმანელი გოგონაა - პეტრა, ირაკლისთვის ასია, რომელმაც დღემდე არ იცის, რომ ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ცნობილი კომპოზიციის მუზა სწორედ ის გახლდათ. წერილს ადრესატამდე არ მიუღწევია, მეტიც, მას ირაკლის სახლიც არ დაუტოვებია და სწორედ ამიტომ მუსიკოსის ხელით დაწერილი ერთადერთი წერილია, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ აკინძული ბარათების დასტაში ურევია - დანარჩენი წერილები ირაკლი ჩარკვიანისთვის მიძღვნილი სიყვარულის სიტყვებია.

24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. გამომცემლობა „ინტელექტმა“, რომელსაც მანამდე ირაკლი ჩარკვიანის ორი კრებული „საავტორო სვეტები, ინტერვიუები“ და „მშვიდი ცურვა“ აქვს გამოცემული, ახალი წიგნის პრეზენტაცია სწორედ ამ თარიღს დაამთხვია. რეალურად, ამ გამოცემაში შესულ ტექსტებთან მუსიკოსს კავშირი არ აქვს - ისინი მას არ დაუწერია, მათზე არ უფიქრია, არ ჩაუსწორებია და გადაუთეთრებია, მაგრამ რომ არა ირაკლი ჩარკვიანი, არც ერთი მათგანი არ იარსებებდა და მათთან ერთად არ იარსებებდნენ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალბატონები, რომლებიც ირაკლის დროს, ჯერ კიდევ, გოგონები იყვნენ და ყველაზე მეტად სიყვარული სურდათ.

წერილები ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათომ სრულიად შემთხვევით იპოვნა და მათი გაცნობის შემდეგ იქნებ თავისთვისაც აღმოაჩინა ახალი ირაკლი. იტალია, გერმანია, რუსეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, საიდანაც ირაკლის სწერენ, უხსნიან სიყვარულს, ებნებიან, რომ სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ გაიგეს, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული: „წარმოვიდგენ, როგორ მივდივარ თვითმფრინავამდე, ვჯდები, როგორ ავფრინდები, და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ შევხვდებით ერთმანეთს. ამ ოცნებამ უკვე ისე შემიპყრო, რომ თუ არ ამიხდა (ღმერთმა დამიფაროს!), ალბათ ჭკუიდან შევიშლები“; „დაბადების დღეს გილოცავ, ირაკლი. უდიდესი დღე იყო, როდესაც შენ ამ ქვეყანას მოევლინე. მადლიერი ვარ ცხოვრების, რომელმაც შეგვახვედრა, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ასე გამიმართლა“; „საყვარელო სვან, კიოლნში, სტუდიაში გატარებული დღეები საუკეთესო იყო. იმ დროზე ვფიქრობ – „ქაღალდის ნავის“ დროზე... მჯერა, რომ შეძლებ გაიკვალო გზა შენთვის და შენი მშვენიერი მუსიკისთვისაც“.

წერილები გვანცა ჯობავამ თარგმნა, რომელიც ბოლო თქმაში იგონებს: „1993 წელს 7 წლის ვიყავი. ჩემი პირველი მოგონება ირაკლი ჩარკვიანზე სკანდალურ კლიპს „შენ აფრენ“ უკავშირდება, უფროსები ამრეზით რომ უყურებდნენ მის ეპატაჟს, ჩვენ კი, ჯერ კიდევ ბავშვები, ტელეეკრანებს ვერ ვწყდებოდით და არ ვიცოდით, რატომ მოგვწონდა ირაკლი, რომელიც გვიყურებდა და გვეუბნებოდა, რომ ვაფრენდით. გამოხდა ხანი და ირაკლი თანაბრად მიიღეს და აღიარეს უფროსებმაც და უმცროსებმაც“.

კრებულის ყდის დიზაინი თეონა ჭანიშვილს ეკუთვნის, ფოტომასალა კი გურამ წიბახაშვილის არქივიდანაა. გამოცემა მხოლოს მშრალ ტექსტებს არ შეიცავს. აქ ნახავთ ილუსტრაციებს, წერილების ქსეროასლებსა და სხვა ვიზუალურ მასალას.

 

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
12 თებერვალი, 2015 ბალადა პირველი ქართული გრაფიკული ნოველისა