დებალცევო – უკრაინული დიუნკერკი
19 თებერვალი, 2015
2342
print

დიმიტრი ავალიანი

დებალცევოს ეპოპეა დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, პრაქტიკულად ალყაშემორტყმული ქალაქიდან უკრაინული ძალების 90 პროცენტი გამოვიდა. 13 დაღუპული,90 ტყვედ ჩავარდნილი და 82 დაკარგული – ეს დანაკარგების შესახებ კიევის ოფიციალური მონაცემებია.

თუმცა ცხადია, დანაკარგი აშკარად უფრო დიდია. ზუსტად მისი შეფასება ჯერჯერობთ რთულია. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უარესი სცენარი, იმის მსგავსი, რაც აგვისტოში ქალაქ ილოვაისკთან მოხდა, უკრაინის ხელისუფლებამ თავიდან აიცილა.

მაშინ, საზღვრიდან რუსული რეგულარული ნაწილების მოულოდნელად შემოჭრას კატასტროფა მოჰყვა, რომელსაც 400–მდე უკრაინელი მეომარი შეეწირა, ათასამდე კი ტყვედ ჩავარდა.

დებალცევოში ანალოგიური საფრთხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს და სარდლობას დიდი ხანია აფრთხილებდნენ. დებალცევოს „რკალი“, რომელიც ღრმად იჭრებოდა მტრის პოზიციებში, მომგებინა პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ კიევი შეტევით ბრძოლებს აპირებდა. სხვა შემთხვევაში მის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა.

მოვლენები ისევე განვითარდა, როგორც მანამდე „სექტორ–დ“–ში, ილოვაისკში, 31–ე ბლოკსაგუშაგოზე, დონეცკის აეროპორტში – სარდლობა არაფერს აკეთებდა, სანამ ჯარების შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოყვანა შეიძლებოდა. ბოლოს კი მათი გადარჩენა უკვე დაგვიანებული ხდებოდა...

მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჯარების გამოსვლა, მართალია, დაგვიანებით, ბრძოლითა და დანაკარგით, მაგრამ შედარებით ორგანიზებულად მოხდა და დაჯგუფების გადარჩენა მოხერხდა.

მტერმა დებალცევოს ალყაში მოსაქცევად დიდი ძალები ჩააბა და უდიდესი დანაკარგიც განიცადა. პუტინმა, როგორც ჩანს, მინსკის შეთანხმებას იმ იმედით დაუჭირა მხარი, რომ 6–8 ათას საუკეთესო უკრაინელ მებრძოლს ტყვედ ჩაიგდებდა ან გაანადგურებდა. ამით უკრაინის არმიას და ხალხს, მაიდანის გამარჯვების წლისთავზე, უდიდეს მორალურ დარტყმას მიაყენებდა (სწორედ ამაზე იყო გათვლილი მანამდე დონეკცის აეროპორტის ახალი ტერმინალის იერიშიც – უძლეველი „კიბორგების“ ლეგენდის განადგურებაზე). შესაძლოა, კრემლს კიევში არულობის მოწყობის იმედიც ჰქონდა, რაც უკარაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილი გახდებოდა.

მაგრამ ეს იმედი, როგორც ჩანს, არ მართლდება. უკმაყოფილება სარდლობის ქმედებებით დიდია და მას შესაძლოა პოლიტიკური შედეგიც მოჰყვეს. მაგრამ დებალცევოს ბრძოლას არ შეურყევია არც უკრაინის არმიის საბრძოლო სულისკვეთება, არც ხალხის თანადგომა მებრძოლების მიმართ.

1940 წლის მაისში ბრიტანული და ფრანგული ჯარების დაჯგუფება გერმანელებმა ლა მანშის სანაპიროზე, დოუნკერკთან ალყაში მოაქციეს. ბრიტანეთის სარდლობამ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, საკუთარი სამხედროების ევაკუაცია გადაწყვიტა. ურთულესი ოპერაციის შედეგად, სულ გემებით ბრიტანეთში 330 ათასი ადამიანი გადაიყვანეს. მოკავშირეების მთელი მძიმე შეიარაღება სანაპიროზე დარჩა, თუმცა ბრიტანეთმა საკუთარი არმია, გამოცდილი მებრძოლები გადაარჩინა, რაც მომავალი გამარჯვების წინაპირობა გახდა...

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, არ გამართლდა ის იმედი, რომ დებალცევოს დაცემა დასავლელ ლიდერებს რუსეთის მიმართ უფრო რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებდა. როგორც ჩანს, აშშ და ევროპა მზად არიან პუტინს შეთანხმების ეს დარღვევა აპატიონ, თუ ამის შემდეგ მაინც შეწყდება ცეცხლი.

და ამიტომაც, ალბათ, მშვიდობას უკრაინაში დიდი დღე არ უწერია და კრემლი უკრაინის ფრონტისპირა ქალაქებს შორის მორიგ სამიზნეს არჩევს.

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს