პარტიული კაუზალობა
18 თებერვალი, 2015
1145
print

ნოდარ ლადარია

ყოველთვის მაინტერესებდა, 2003 წელს სოციალური ქსელი ფეისბუკი რომ ყოფილიყო, მოხდებოდა თუ არა ვარდების რევოლუცია. ახლა ამაზე ლაპარაკს ვერ დავიწყებ, მაგრამ იქითკენ ვიხრები, რომ ძალიან გაუჭირდებოდა. უბრალოდ იმიტომ, რომ გულისნადების სახლიდან გაუსვლელად ნთხევა დიდი და სახიფათო შეღავათია...

ეს მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ახლა მომხვდა თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის მიერ გაზიარებული ერთი ფოტო. აქ გამოსახულია ხე, რომელსაც ფოთლების მაგიერ დოლარები ასხია. ფოტოზე რამდენიმე წარწერაც არის. მაგალითად, ერთ-ერთი გვპირდება, რომ თუ ფოტოს ჩვენს გვერდზე, უფრო სწორად კი კედელზე გადმოვიტანთ, ბარაქა გვექნება. ამგვარი უწყინარ უგემოვნებობასა და სიბრიყვეს მისი გამზიარებლის აქტუალური სტატუსიც ვერ მატებს მნიშვნელობას, მაგრამ მაინც გავიხსენე, რადგან არის აქ კიდევ ერთი წარწერა. კუთხეში მომცრო ასოებით წერია: „სამყარო კანონზომიერია!“.

ამ იდეამ უნდა ჩაგვაგონოს ფოტოს გაზიარება. იდეა კი, თავისთავად, ძლიერია.

მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როცა რაღაც არამყარი ბრალდებით დააკავეს ირაკლი ალასანიას რამდენიმე კადრი და მთელი ქართველობა სულგანაბული ელოდა, როდის დაუდგება გვერდში თავის მომხრეებს ეს გაუბედავი და კარგად აღზრდილი ყმაწვილი. მახსოვს, ამ ვითარებამ შვა რამდენიმე შამანიც... ესენი ბრძნული ღიმილით და დატანჯული მზერით გვიხსნიდნენ, რომ, რაც ხდება, მხოლოდ ფარსია, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჯიბის ოპოზიცია და სწორედ მას ჰქმნის ამგვარი ხერხით.

შამანების შეგონება მოულოდნელად პოპულარული აღმოჩნდა. რატომ?

გავიხსენოთ, რას შვრება ნამდვილი შამანი? გვალვის დროს გაჰყავს ყანაში ტომიდან საგანგებოდ შერჩეული უმანკო ქალწული, რათა ამ უკანასკნელმა დამშრალ მიწაზე ჩაიცუცქოს და მოშარდოს. ერთობ ჭკვიანური მოფიქრებაა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მიწა ირწყვება და ბუნების ძალები ცხადად ხვდებიან, რას ითხოვენ მათგან; მეორეც, თუ რიტუალმა არ გაჭრა ისევ ქალწულის არასაკმარის უმანკოებას დააბრალებენ, დაიჭერენ ხელში კაჟის ბასრ დანას და ახლა უკვე მისი სისხლით მორწყავენ დამსკდარ ნიადაგს. ყველა დეტალი გათვალისწინებულია!

რა თქმა უნდა, ეს რიტუალი ხელოვნურად არის მოფიქრებული, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. როგორიც არ უნდა იყოს ნამდვილი მაგიური რიტუალები, ისინი სწორედ ასეთ პრინციპზე არიან აგებული და ემყარებიან რწმენას, რომ სამყარო კანონზომიერია. ეს კი ნიშნავს ორ რამეს: შესაძლებელია მისი წინასწარ განსაზღვრა და, თუ გაგიმართლა, მისი მართვაც.

განუვითარებელი აზროვნება და მწირი გამოცდილება კანონზომიერებას მოითხოვს, სხვანაირად შიში იპყრობს. შემთხვევითობა სახიფათოა. ამიტომაც ჰგონიათ, რომ კარგად აღზრდილი ბიჭის მოულოდნელ ნაბიჯებს უკან რაღაც იმალება, უფრო სწორად კი ვიღაც. ეს ვიღაც შუშის სასახლიდან ხლართავს ურთულეს ქსელს, ქმნის მართულ ოპოზიციას (რა სანატრელი სიტყვაა ეს „მართული“, რა სიმშვიდე და პასუხისმგებლობისგან თავისუფლება მოაქვს!) და საერთოდაც ზრუნავს ჩვენს მომავალზე.

ახლა კი რა ხდება? ტელევიზორში გამოდის ვინმე პეტრიაშვილი, რომელსაც უკვე ვეღარ იცავს შუშის სასახლის ბინადარი და ამ პირობებში უფრო ძნელია აშკარა სისულელეების ლაპარაკი. ჰოდა, ისიც გამოთქვამს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის შესახებ ერთადერთ შესაძლებელ თვალსაზრისს. გამოთქვამს მაქსიმალურად რბილად, რადგან ან ჭიპლარი მხოლოდ დათხელდა და არ გაწყდა, ან არ სურს ვინმეს „ნაცად“ მოაჩვენოს თავი.

გარდა ამისა, პირდაპირ ეთერში მოწვეული კარგად აღზრდილი ყმაწვილი ამბობს, რომ იდიოტი მთავრობის გადასაყენებლად ნაციონალებთან ალიანსი გამორიცხული არ არის. და იქნებ სხვა პასუხი ვერ მოიფიქრა? ან იქნებ ამ ორი სიტყვით პასუხისმგებლობა მოიშორა და სხვას მიანდო ახსნა? იქნებ იმაზე ფიქრობდა, ეთერის დასრულების შემდეგ მშვენიერი წამყვანისთვის ეკითხა, სად არის საპირფარეშო, თუ სახლამდე მოეთმინა?

მაგრამ განუვითარებელი აზროვნებისა და მწირი გამოცდილების პირობებში ადამიანები ითხოვენ კანონზომიერებას. ამიტომაც უსვამენ მიხეილ სააკაშვილს კითხვას, რას ფიქრობს იგი თავისუფალ დემოკრატებთან კავშირზე.

შეიძლება საქმე სულ სხვანაირადაა. შეიძლება მე ვერ განვსაზღვრე ის, რაც იყო სინამდვილეში და ვერ გამოვიყენე ის, რაც ვიცოდი. ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა: ის, რაც რეალურად ხდება, არ არის სუფთა კანონზომიერება. ეს არის კანონზომიერებისა და შემთხვევითობის რთული ჯამი. და ამ რთულ და გამოუცნობ ზედდებაში ნელ-ნელა მთავრდება რესპუბლიკური პარტიის დრო: მის ადგილს კვებით ჯაჭვში იჭერენ თავისუფალი დემოკრატები.

ასე ხდება ხოლმე საროსკიპოში, როცა გამოცდილსა და შემჭკნარ მეძავს კუთხეში მიჭეჭყავს ახალგაზრდა ძუძუებაპრეხილი ახტაჯანა.

ნოდარ ლადარია
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია