ცუდი და კარგი მშვიდობა
17 თებერვალი, 2015
1550
print

დიმიტრი ავალიანი

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, უკრაინაში პოზიციური ბრძოლები გრძელდება. ჯერჯერობით ვერც მძიმე შეიარაღების დაშორიშორება მოხერხდა, როგორც ეს მინსკის შეთანხმებაშია გათვალისწინებული. პრორუსული ძალები კვლავ უტევენ დებალცევოს, რომლის ალყაში მოქცევა მოსკოვს იდეა ფიქსად ექცა და რომლის გარნიზონის დანებებაც პუტინმა მინსკში შეთანხმების ერთ–ერთ არაფორმალურ პირობადაც დაასახელა...

თუმცა, დასავლელი ლიდერები და კიევი იმედს არ კარგავენ, რომ შეთანხნება იმუშავებს და ცეცხლი უკრაინაში მართლაც შეწყდება.

თავად უკრაინაში მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტის შეფასებები ძალიან განხვავებულია – სრული „გამარჯვებიდან“ ასევე სრულ „კაპიტულაციამდე“.

ეჭვებს იმის შესახებ, რომ დოკუმენტის ხელმოწერით მოგებული პუტინი დარჩა, ისიც ამყარებს, რომ მინსკის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ლიდერი აშკარად კარგ გუნებაზე და ხუმრობის ხასიათზე ჩანდა. მაშინ, როდესაც მოლაპარაკების სხვა მონაწილეთა კომენტარები უფრო თავშეკავებული იყო.

ერთი შეხედვით, კიევისთვის ახალი შეთანხმების პირობები საკმაოდ მძიმეა. ჯერ ერთი, არსებობს რისკი, რომ მოსკოვი ძალთა დაშორიშორებას მოულოდნელი შეტევისთვის გამოიყენებს – ისევე როგორც, ეს თავის დროზე აფხაზეთში მოხდა. ამ გეგმის განხორციელება თითქოს დაწყებულია – სეპარატისტები და შენიღბული რუსული ქვედანაყოფები საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტით სარგებლობენ და მათთვის ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას ცდილობენ.

მთავარი რისკი ქვეყნისთვის კი, ის პოლიტიკური დარეგულირების პორობებია, რომელიც შეთანხმებაში ჩაიდო – სეპარატისტთა მიერ დაკავებული რაიონების თვითმმართველობა, არჩევნები, ადგილობრივი „სახალხო მილიცია“, მოსამართლეები და პროკურორები. ასევე – საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების ვალდებულება. და მხოლოდ ამ რეფორმის დასრულების შემდეგ უნდა გადაეცეს უკრაინას კონტროლი სახელმწიფო საზღვრებზე.

შეიძლება ითქვას, რომ ამ გეგმაში აისახა პუტინის მიზანი – უკრაინის დანაწევრება და მისი სახელმწიფოებრიობის მოშლა, უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემობრუნება ქვეყნის „ფედერალიზაციის“ და სეპარატისტებისთვის და მოსკოვის მარიონეტებისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის უფლების მინიჭების გზით. ყირიმის ოკუპაციის თემა კი საერთოდ უკანა პლანზე გადავიდა.

შეიძლება ითქვას, კიევმა ომს „ცუდი მშვიდობა“ არჩია. თუმცა, უკრაინას, კრემლის მხრიდან უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, საკუთარ თავზე არ აუღია რაიმე პირობა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე მის სუვერენიტეტს შეზღუდავდა.

მეორე მხრივ, შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, პუტინი იძულებული გახდება, ამ ეტაპზე სამხედრო მეთოდებზე უარი თქვას და ბრძოლა უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ პოლიტიკურ მოედანზე გადაიტანოს. ხოლო შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ახალი სანქციები ემუქრება. უკრაინელ სამხედროთა გმირულმა ბრძოლამ, რომლებიც საკუთარი ტერიტორიის არც ერთ მეტრს უბრძოლველად არ თმობენ და მტერს დიდ დანაკარგებს აყენებენ, ასევე აშშ–ს მიერ უკრაინისთვის შეიარაღების შესაძლო გადაცემის საკითხის წამოწევამ, კრემლი მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანა. ამან უკრაინას, რაღაც დროით მაინც, „კარგი მშვიდობაც“ მოუტანა – დრო შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და რეფორმების გასატარებლად. რამდენი დრო აქვს კიევს ამისთვის, ჯერ არავინ იცის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს