დაკარგული ზღვარი
13 თებერვალი, 2015
1507
print

ქეთევან იგნატოვა

გასულმა კვირამ, უცნაურია, მაგრამ რაღაც ამაფორიაქა, განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე! თითქოსდა, ახალი არაფერი გავიგონე, არაფერი ვნახე… თითქოსდა, ახალი არაფერი თქმულა, საჯაროდ არ გაჟღერებულა… თითქოსდა, მოულოდნელად, აზრი არაფერზე და არავიზე შემცვლია. უბრალოდ, შეიძლება, არსებული, წლების მანძილზე, კონკრეტული ფაქტების, მოვლენების, მოქმედებების საფუძველზე ჩამოყალიბებული, კიდევ უფრო გამიმყარდა… თითქოს ყველაფერი ვიცოდი… და მაინც…

ახლა, როდესაც, გასული კვირის, ჩემი პირადი შთაბეჭდილებების, ემოციების შეჯამება-გაანალიზებას ვცდილობ, ვხვდები, რომ ჩემი გაღიზიანება, ან, თუ გნებავთ სინანული, მოკლედ, ერთი წინადადებით რომ გადმოგცეთ, ჩვენში, ქართველებში, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში, ზომიერების გრძნობის კატასტროფულმა დეფიციტმა, სრულმა არარსებულობამ გამოიწვია. ზომიერების გრძნობა არაფერში გვაქვს - არც პატივმოყვარეობაში, არც შურში, არც სიხარბეში, არც სიძულვილში, არც სისულელეში, არც სიმხდალეში, არც ტყუილის თქმის უნარში, არც ანგარებაში, არც შურისძიების სურვილში… არც ჭირში და არც ლხინში. ზომიერებას ვერც ტრაგედიის, სიკვდილის, ცრემლისა და სევდის და ვერც ზეიმისა და ცეკვა-თამაშის, იუბილეს გადახდის დროს ვიცავთ. რატომღაც ასე მომეჩვენა, რომ იქნება ეს ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება, თუ დაბადების დღის აღმვნიშვნელი პომპეზური ღონისძიება, პოლიტიკა, თუ კულტურული ცხოვრება… ყველაფერს ზღვარგადასულობის, ზომიერების გადაჭარბებისა და ზოგადი უგემოვნებობის მკაფიო ნიშნები დაკრავს. ადრე, წლების წინ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოყენებული და საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქციამოყოლილი სიტყვა “ქაჯები”, გასული კვირის მანძილზე, სხვადასხვა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფაქტების, მოვლენების, გადაცემების, ტოკშოუების, საჯარო გამოსვლების შემხედვარეს, მეხსიერებაში მტკივნეულად ამომიტივტივდა. ქაჯები არამც თუ არსად მიდიან, არამედ, პირიქით - მოდიან… ფაქტიურად, მოვიდნენ. ქაჯებს ვალაპარაკებთ, ვუსმენთ, ვუჯერებთ, თავს ვატყუებინებთ, ვასვრევინებთ, ვაკნინებინებთ, ვადაბლებინებთ… და ამასობაში, ჩვენც, განურჩევლად, თითოეული ჩვენთაგანიც, უსაშველოდ ვქაჯდებით… უფრო სწორად კი, სამწუხაროდ, მგონი, უკვე გავქაჯდით.

ასეთი აუცილებელი ზომიერების გრძნობა არც პოლიტიკაში, არც რელიგიაში, არც პატრიარქის სიყვარულში, არც ლოცვაში, არც სტუმრის მიღებაში, არც ერთგულებაში, არც ხსოვნის პატივისცემაში, არც პატრიოტიზმში და არც ღალატში გვახასიათებს. ყველგან, ყველაფერში ზედმეტი მოგვდის. ზოგან სიხარბე, ზოგან მომხვეჭელობა, ზოგან ამბიციები, ზოგან სიძულვილი, ზოგან მაამებლობა, ზოგან გაუნათლებლობა-სიბნელე… გვაბრმავებს, ზღვარს გვალახინებს, ზომიერების შეგრძნებას გვიკარგავს და ასე თვალსა და ხელს შუა, ჩვენდა უნებლიედ, გვაქაჯებს.

ზომიერებადაკარგულები ყველაფრით ვსპეკულირებთ, ვვაჭრობთ, ვყიდით და ვყიდულობთ.

ზომიერებადაკარგული ვიღაცა, რომელიღაცა, სრულიად უინტერესო, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ჩვენი დროისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ ტიპიური პოლიტიკოსი, თუ ხელისუფალი, შვილის საფლავზე დაღუპული მამის ტრაგედიით არ კმაყოფილდება, ეცოტავება და ვაზაგაშვილს მარტინ ლუტერ კინგს ადარებს. ღელავს, ჩქარობს, ქულის ჩაწერას, ვიღაცის თვალში თვითდამკვიდრებას ლამობს, ზღვარს გადადის და ადამიანურ, ოჯახურ ამ უდიდეს ტრაგედიას საკუთარი, ზღვარგადასული იდიოტიზმითა და მაამებლობით, ელემენტარული ქაჯობით, შეურაცხყოფს. ყოველგვარი პოლიტიზების, ბაქიბუქისა და ქულების ჩაწერის გარეშე, მშვიდად, საქმიანად გამოიძიონ, დააკავონ, დაუმტკიცონ, ნებისმიერი ჩინის ყოფილ თუ აწმყო პოლიციელს, თუ დამნაშავეა, მიუსაჯონ და საზოგადოებას სავალდებულო ანგარიში ჩააბარონ… მაგრამ მაშინ ხომ ზღვარი გადალახული არ იქნება?! მაშინ ხომ ზომიერების გრძნობა არ დაიკარგება და შესაბამისად, ასე მშვიდად და პროფესიონალურად, ყოველგვარი თვალისმომჭრელი ეფექტების გარეშე ჩატარებული პროცესი ვის, რომელ ზღვარგადასულ ქაჯს დააკმაყოფილებს?

ვიღაცას საქართველოს პრემიერმინისტრის გარდაცვალება, ამაზე წლების მანძილზე ყველანაირი მეთოდით მოპოვებული დივიდენდები, კარიერული წინსვლა ეცოტავება, არ ყოფნის და სპეკულაციაში, შანტაჟში, გარდაცვლილის არხსოვნა-არპატივისცემაში (თითქოს, ეს მაინც ვიცოდით, ეს მაინც გვახასიათებდა?) ზომიერების გრძნობას საბოლოოდ კარგავს. მთელი საზოგადოების თვალწინ ერთგულებას, პრინციპულობას, სამართლიანობას, ჰუმანურობას, ძმობასა და სიყვარულს აუფასურებს, ახურდავებს და ზომიერების, ზღვარის შეგრძნების უნარს კარგავს. უმამოდ დარჩენილ შვილებს, მათ განცდას, ტკივილს; შვილმკვდარი დედის ცრემლს; ამჟამად, ამ საქმეზე, ჩემი აზრით, უდანაშაულოდ დაჭერილებს, მათ ბედს, შეიძლება გამოუსწორებლად გატეხილ ცხოვრებას… ივიწყებს. მორალური ზღვარი, დიდი ხანია, ჯერ კიდევ წინაასარჩევნო ხმაურიან და სრულიად პოპულისტურ-სპეკულატიურ დაპირებებში, უპრობლემოდ, უყოყმანოდ, გადალახულ-დაკარგულ-გაუფასურებულია. ზღვარს მიღმა კი, მერე, ყველაფერი იოლი, უსაზღვროთ იოლია.

ჩვენც ვუყურებთ გადაცემებს, ვისმენთ გამოსვლებს, ყველაფრის პოლიტიებას, ყველაფრით სპეკულირებას ვუშვებთ. ყველას ყველაფრის უფლებას ვაძლევთ და არ ვწუხდებით, არ გვეხამუშება?! ამ ზღვარგადასულ უზნეო ქაჯობაში საკუთარ თანამონაწილეობას, საკუთარ ნებადართულობას ვერა და ვერ ვგრძნობთ? უბრალოდ, როდესაც, დროდადრო, ზედმეტად შევწუხდებით, რაღაც გაუგებარ, უსიამოვნო მორალურ დისკომფორტს ვიგრძნობთ, ავიღებთ და ნანახ-მოსმენილ-გაუფასურებულ-შეურაცხყოფილს დავივიწყებთ, გადავდებთ და ქაჯობაში ზღვარდაკარგულ მორიგ ტოკშოუში, ასევე ზომიერებადაკარგულ საიუბილეო ქაჯობას შევხედავთ. ზღვარგადასულ ფეტიშს, დითირამბებს, აპლოდისმენტებს, აღფრთოვანებასა და კომპლიმენტებს მოვისმენთ. ზომიერებადაკარგულ სიბრჭყვიალეს შევხედავთ. საგანგებოდ ჩამოყვანილი მობერებული მეგავარსკვლავის ბრწყინვალე შორეულ ახალგაზრდობას მოვიგონებთ. სოციალურ ქსელს მისი თვალისმომჭრელი სილამაზის ძველი ფოტოებით, ფილმებიდან კადრებით და აღფრთოვანებული შეძახილ-კომენტარებით ავაჭრელებთ. საქართველოს პატრიარქის წინაშე მუხლმოდრეკილი, ცოტა არ იყოს და დაბნეული “სთარით” და მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამეჯლისო კაბებში საგანგებოდ გამოწყობილი საპატრიარქოს თანამშრომლების და რა თქმა უნდა, თვით საპატრიარქოს ინტერიერის სიმდიდრისა და პომპეზურობის ცქერით დავტკბებით, თვალს წყალს დავალევინებთ და სრულიად იოლად დავივიწყებთ, რომ ჩვენც დავკარგეთ ზომიერების გრძნობა. თვალს დავხუჭავთ და ვერ, არ დავინახავთ, რომ დასაშვებ, ელემენტარული კულტურითა და განათლებით, მორალითა და ფასეულობებით დადგენილ, განპირობებულ ზღვარს, სხვებთან ერთად, საკმაოდ იოლად და უმტკივნეულოდ, ჩვენც გადავაბიჯეთ.

გასული კვირის შეჯამება-გაანალიზების საფუძველზე, სინანულითა და გულისტკივილთ ვიტყვი, რომ ქაჯები კი არ მიდიან, არამედ მოდიან. უკვე დიდი ხანია მოსულები, მოძლიერებულები, თვითდაჯერებულები, თვითკმაყოფილები არიან. ისინი, ჩვენ მოვიყვანეთ. მივენდეთ, მივებარეთ. ტელეეთერიდან დაწყებული, ყველაზე მაღალი ტრიბუნით დამთავრებული, ყველაფერი, მთელი საქართველო, საზოგადოება, იდეოლოგიურ-პოლიტიკურ-ზნეობრივი მართვის ბერკეტები ჩავაბარეთ, უსაზღვროდ მივანდეთ… და გადაგვიყოლეს. ზღვარს მიღმა გადაგვიყოლეს. ზომიერების გრძნობა დაგვაკარგინეს და დღითი დღე, კვირიდან კვირამდე, ტელეგადაცემიდან - სასამართლომდე, პარლამენტიდან - საკონცერტო დარბაზამდე, თემიდან თემამდე, უბედურებიდან - ზეიმამდე, სიკვდილიდან - იუბილემდე, ტაძრიდან - სუფრამდე, ლოცვიდან - სადღეგრძელომდე… სულ უფრო და უფრო ვქაჯდებით. ზომიერების გრძნობა, ოდითგან ჩვენთვის ასეთი დამახასიათებელი გემოვნება, სისადავე, კაცთმოყვარეობა, ჰუმანურობა, ერთგულება, სიყვარული… კი სულ უფრო და უფრო უკან, შორს გვრჩება.

P.S. გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა შენიშვნა მომცა - რა დროს ამაზე წერაა, როდესაც მთელი მსოფლიოს ინტერესი, მღელვარება, მოლოდინი, დღეს, უკრაინის, მინსკში მიმდინარე მრავალსაათიანი, ურთულესი მოლაპარაკებების, მიღწეული ან ვერმიღწეული შედეგების გარშემოა გაერთიანებულიო? სრულიად მართალია და ამ შენიშვნას ვიღებ, მაგრამ ამავე დროს, მაინც ვიკითხავ და არ დამძრახოთ - გვაინტერესებს მინსკში გამართული შეხვედრის შედეგები? გვახსოვს უკრაინაში მიმდინარე ომი, ყოველდღიურად ათობით დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, ქალი თუ ბავშვი? სათანადოდ ვგლოვობთ და შესაბამისი პატივით ვგრძალავთ უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს? უკრაინის ტრაგედიას სათანადოდ ვიზიარებთ? ვავლებთ პარალელს დღევანდელ უკრაინასა და 2008 წლის საქართველოს შორის? საერთო მტრის ნაცნობ ხელწერას, დაუნდობლობას, აგრესიას, იმპერულობას ვცნობთ? ჩვენ თავს გადატანილს, დროდადრო მაინც, ვიხსენებთ? ჩვენ ხომ ზღვარი ამაშიც გვაქვს დაკარგული და მხოლოდ საკუთარი გაქაჯების პროცესით ვართ სრულად მოცულნი?

ქეთევან იგნატოვა
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია