მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
15 დეკემბერი, 2015
2209
print

გიგა გურასაშვილი

ილონ მასკზე ბევრს და ნაირგავს საუბრობენ, მაგრამ რაც სარწმუნოა და წყალი არ გაუვა ეს კოსმოსში კაცობრიობის გაყვანისაკენ მისი სწრაფვაა, რომლისკენ მიმავალ გზაზეც დანიშნულების ადგილად ჩვენი მეზობელი პლანეტა მარსი შეუგულებია, სადაც პირველი კოლონიის დაარსებაც განუზრახავს. ეგაა, ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელისშემშლელ გარემოებას მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაში ხედავს, რასაც ჟურნალ GQ–თან ინტერვიუში აცხადებს.

რაკეტმშენებელი კომპანია SpaceX-ის და Tesla Motors-ის ხელმძღვანელი ინტერვიუში არაერთ საკუთარ პროექტს შეეხო. მათ შორის მარსზე გაფრენის შესაძლებლობასაც. ამერიკელი ინჟინრის მოსაზრებით, სხვა პლანეტაზე ავანპოსტის აგება კაცობრიობის მორალური ვალია. ერთგვარ შედარებასაც კი აკეთებს, რომლის მიხედვითაც ასეთი რამ კომპიუტერის მონაცემთა სათადარიგო ასლის გაკეთებას უდრის: „მყარი დისკის ბექაპს თუ ვაკეთებთ, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენი ცხოვრებაც დავაბექაპოთ?“

ილონ მასკი 44 წლისაა, წითელი პლანეტისკენ პირველი რაკეტის გაშვებას კი მოკლე დროში – სამოც წლამდე აპირებს, რადგან შიშობს, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო შესაძლოა, საჭირო ტექნოლოგიების გარეშე დავრჩეთ. მისი განმარტებით, კაცობრიობის ისტორიაში იყო დრო, როდესაც ეგვიპტელებმა პირამიდები ააგეს, რომ მრავალმხრივ განვითარდა რომის იმპერია, მაგრამ შემდგომ ცივილიზაციებს აღარ შეეძლოთ იმის გაკეთება, რაც ადრე კეთდებოდა.

ამ შემთხვევაში ამერიკელ მეწარმეს დედამიწაზე არსებული პოლიტიკური მდგომარეობა თუ მისი სურათი აღელვებს.

„ვფიქრობ, უფლება არ გვაქვს მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობა გამოვრიცხოთ და არ ვიფიქროთ იმ შედეგებზე, რომელსაც ის მოგვიტანს. იცით რა არის, 1912 წელს მსოფლიოს აყვავებისა და  ახალი ერის დაწყება ამცნეს. ფაქტობრივად, „ოქროს საუკუნის“ დადგომა. და ამ დროს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელსაც თან მიყვა მეორე მსოფლიო, მერე კი ცივი ომის დროც დადგა. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება შედეგები ბევრად კატასტროფული იქნება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ომი მაინც დაიწყო და ბირთვული იარაღიც გამოიყენეს. თუ კაცობრიობა ამ ომს გადაურჩა, მაშინ დიდი ალბათობით თანამედროვე ტექნოლოგიების წინააღმდეგ მიმართული ძლიერი საზოგადოებრივი პოზიცია და სოციალური მოძრაობა ჩამოყალიბდება“.

ერთი სიტყვით, ილონ მასკი შიშობს, რომ მოვლენათა შესაბამისად განვითარების შემთხვევაში დედამიწაზე ტექნოლოგიათა განვითარების დონე მკვეთრად დაეცემა. არ გამორიცხავს რელიგიური ექტსრემიზმის აფეთქებას და საამისოდ ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ზრდაზეც მიუთითებს.

ილონ მასკი თერმობირთვული ბომბის (წყალბადის ბომბი) გამოყენებით წითელი პლანეტის ეკოსისტემაზე ზემოქმედების შესაძლებლობასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც პლანეტის პოლუსების თავზე თერმობირთვული ბომბების აფეთქებები შექმნის მზის ორ პულსირებულ ანალოგს, რომლებიც მოკლე დროში პლანეტის ატმოსფეროს საჭირო ტემპერატურამდე გაათბობს, რაც თავის მხრივ ტერაფორმმირებას (პლანეტის, თანამგზავრისა თუ რომელიმე ციური სხეულის კლიმატის სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებამდე შეცვლა) შეუწყობს ხელს. მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მეზობელი პლანეტის ცხოვრებაში ჩარევა თავად მარსელების გადასაწყვეტი იქნება (მასკი სწორედ ასე მოიხსენიებს მარსის მომავალ კოლონიზატორებს).

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს